ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ ტრანს-ცხიმების გამოყენება აკრძალა


შეერთებულ შტატებში საკვების და მედიკამენტების ფედერალური ადმინისტრაცია საკვების ტრანს-ცხიმებით დამზადებას კრძალავს

საქართველოში მათ ხშირად მარგარინს უწოდებენ. ეს არის თხევადი მცენარეული ზეთის სპეციფიური გადამუშავების შედეგად, ჰიდროგენიზების პროცესის შემდეგ მიღებული არაბუნებრივი პროდუქტი - სქელი, მყარი ცხიმი. ის საკმაოდ გემრიელია და თან ბაზარზე ფართოდ გავრცელებულიც, ვინაიდან მისგან დამზადებულ პროდუქტს თხევად ზეთთან შედარებით ვარგისიანობის ვადა გაცილებით დიდი აქვს.


ამერიკის ფედერალურმა მარეგულირებელმა ორგანომ ტრანს-ცხიმების საკვებში გამოყენების აკრძალვის გადაწყვეტილება 16 ივნისს მიიღო. ორგანიზაციის პრეს-რილიზში ნათქვამია: სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული დასკვნების მიხედვით, შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია ხელოვნურ ტრანს-ცხიმებს ადამიანის კვებისთვის უსაფრთხოდ აღარ მიიჩნევს. კვების მრეწველობაში დასაქმებულ კომპანიებს მათი წარმოებიდან საბოლოო ამოღებისთვის სამწლიანი ვადა ეძლევათ. ფედერალური ორგანო თვლის, რომ ამ გზით ამერიკაში წელიწადში საშუალოდ 20 ათასი გულის შეტევის და 7 ათასამდე სიკვდილის შემთხვევის პრევენციას შეძლებს.

მეცნიერები დიდი ხანია ამ ტიპის ცხიმების მავნებლობის შესახებ იტყობინებიან და აცხადებენ, რომ მათი გამოყენება ცუდი ქოლესტერინის ზრდას და კარგი ქოლესტერინის შემცირებას იწვევს, რაც გულის დაავადებების და მეორე ტიპის დიაბეტის რისკებს ზრდის. ზოგიერთი კვლევა მათ მოხმარებას მეხსიერებასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც უკავშირებდა. შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ თითქმის 10 წლის წინ, 2006 წელს შემოიღო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც გასაყიდად დამზადებული ნებისმიერი პროდუქტის შემადგენლობის ანოტაციაზე მასში ტრანს-ცხიმების რაოდენობა უნდა მიეთითებინათ. ნიუ იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა, რომელიც ჯანსაღი კვების ცნობილი პროპონენტი იყო, გადამწყვეტი ზომა მიიღო და ტრანს-ცხიმების გამოყენება ქალაქის რესტორნებს და სწრაფი კვების ობიექტებს ერთი ხელის მოსმით, ჯერ კიდევ 2007 წელს აუკრძალა.

მცენარეული ზეთის მყარი სახით გამოყენება კულინარიაში დაახლოებით საუკუნის წინ დაიწყეს. ჰიდროგენიზების მეთოდის აღმოჩენას ზოგი ფრანგ მეცნიერებს, ზოგი გერმანელ უილჰემ ნორმანს მიაწერს. ნორმანის მეთოდი კომპანია „პროქტორ ენდ გემბლმა“ წარმოებაში ძალზე სწრაფად დანერგა და 1911 წელს გაყიდვაში პირველი მასობრივი პროდუქტი, სახელწოდებით „გრისკო“ გამოუშვა. მეთოდს ფართოდ იყენებენ სხვადასხვა ტიპის მარგარინების დასამზადებლად, რომელთაც შემდეგ ვეგეტარიანელები, ან მარხვის დამცველები სხვადასხვა ცომეულ პროდუქტში, ნამცხვრებში, კრემებში და კერძებში იყენებენ. არაბუნებრივი წესით დამზადებული პროდუქტის მავნებლობის დასაბუთების შემდეგ, პირველად გამოშვებიდან 104 წლის თავზე, ის ამერიკაში საბოლოოდ აიკრძალა.

XS
SM
MD
LG