საქართველოს მთავრობის მეთაური, გიორგი გახარია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 8 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო "სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება", რაზეც მისი თქმით, სახელმწიფოს რეაქცია ლეგიტიმური და უმკაცრესი უნდა იყოს.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ ყველანაირი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიციის რადიკალური ნაწილის ჩვეულებრივი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტურმის მცდელობა და რაც მთავარია, პოლიციელების და ექიმების შეურაცხყოფა - ხალხის, რომელზეც დღეს ფაქტობრივად დგას ეს ქვეყანა და სხვადასხვა მიმართულებით კრიზისებთან ბრძოლა. ფაქტობრივად, სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევის პირდაპირი მოწოდება იყო. ერთმნიშვნელოვნად, ყველას უნდა გვესმოდეს და ეს არ არის მხოლოდ სამართალდამცავი სისტემის ამოცანა - სახელმწიფოს რეაქცია უნდა იყოს ლეგიტიმური და უმკაცრესი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, "ნებისმიერ კანონდარღვევას, ძალადობას და ძალადობისკენ მოწოდებას, ყველაფერს, რაც გუშინ მოხდა, სჭირდება სამართლებრივი ანალიზი და არანაირი კომპრომისი არ უნდა მოხდეს იმასთან დაკავშირებით, რომ სადაც არის გადაცდომები, ყველაფერზე უნდა მოხდეს დროული, ეფექტური რეაგირება"
8 ნოემბერს, ცესკოს შენობასთან პიკეტირება მშვიდობიანად გრძელდებოდა. ოპოზიცია თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვდა. აქციის წინააღმდეგ პოლიციამ ორჯერ გამოიყენა წყლის ჭავლი. მოგვიანებით, პოლიტიკურების გადაწყვეტილებით, ცესკოსთან აქცია დაიშალა და ორშაბათს, რუსთაველის გამზირზე მიტინგი დაანონსეს.
Facebook Forum