ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დიდი რვიანი“ სირიაზე ვერ შეთანხმდა


პრეზიდენტმა პუტინმა სირიელი ამბოხებულებისთვის ბრიტანეთის, ამერიკის და საფრანგეთის დახმარება გააკრიტიკა

ჩრდილოეთ ირლანდიაში შეკრებილი მსოფლიოს ლიდერები სირიის კონფლიქტის დასრულების გზებზე მსჯელობენ. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჰენრი რიჯველი ლონდონიდან იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „დიდი რვიანის“ სამიტზე სირიის ლიდერისთვის გაწეული რუსული დახმარება გაამართლა.
იმ დროს როდესაც დიდი რვიანის ლიდერები სირიის საკითხზე მსჯელობდნენ დამასკოსა და ალეპოში ინტენსიური ბრძოლები მიდიოდა. ლონდონში ქვინ მერის უნივერსიტეტის ანალიტიკოსი კრის ფილიპსი ამბობს, რომ მოსკოვი სირიის კონფლიქტში ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოთამაშეა.
„რუსები ყოველთვის მხარს უჭერენ სახელმწიფო სუვერენიტეტის არსს. მათი აზრით, სირიის საქმე თავად სირიელებმა უნდა გადაწყვიტონ თავიანთი სურვილისი შესაბამისად. რუსეთში თავად არსებობს ავტოკრატიული რეჟიმი და შესაბამისად მათ არ სურთ ისეთი ცვლილებების მხარდაჭერა, რომელიც სახელმწიფო სუვერენიტეტს დააზიანებს,“ - ამბობს ფილიპსი.
სამიტის დაწყებამდე ბრიტანეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავის პოზიცია, რომ სირიის ლიდერი უნდა წავიდეს. თავის მხრივ, პრეზიდენტმა პუტინმა სირიელი ამბოხებულებისთვის ბრიტანეთის, ამერიკის და საფრანგეთის დახმარება გააკრიტიკა.
„მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო, რომ რუსეთი სირიის ლეგიტიმურ მთავრობას აწვდის იარაღს საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვით. ჩვენ არ ვარღვევთ არანაირ კანონს და მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ იგივე გზით იმოქმედონ,“ - განაცხადა პუტინმა.
კრის ფილიპსი თვლის, რომ დასავლეთის ქვეყნების ჭოჭმანმა სირიის ოპოზიციისთვის შეიარაღების მიწოდების შესახებ რუსეთის პოზიცია გააძლიერა. მისი აზრით, რუსეთი, ირანი და ლიბანური ჰეზბოლა ასადის მთავრობას ფართო დახმარებას უწევენ.
ლონდონის ეკონომიკური და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლის პროფესორი კრისტოფერ ბრაუნი თვლის, რომ დიდი რვიანის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი დანარჩენი შვიდი ლიდერის წინააღმდეგ იყო.
„დიდი მიღწევა იქნებოდა, თუ დიდი რვიანის ლიდერები ერთად განახორციელებდნენ ზეწოლას სირიის მთავრობაზე და ოპოზიციაზე. საერთო კონფერენციის მოწვევა იმაზე უკეთესი გზა იქნება, ვიდრე ის პოზიცია სადაც ჩვენ ვიმყოფებით,“ - განაცხადა ბრაუნმა.
მისი თქმით, პუტინისთვის და ობამასთვის ცალკე შეხვედრის ორგანიზება სხვა მონაწილეების გარეშე ძალიან სასარგებლო იქნება მათი თანამშრომლობისთვის და სირიის საკითხის გადაჭრისთვის.
დიდი რვიანის სამიტზე მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკური ვითარებაც განიხილეს. თუმცა, სირიის კონფლიქტი მსოფლიოს ძველ მეტოქეებს შორის მაინც ყველაზე მთავარ თემად რჩება.
XS
SM
MD
LG