ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა პირბადეს ემშვიდობება - სრულად ვაქცინირებულებს შეუძლიათ ძველ ცხოვრებას დაუბრუნდნენ


ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა ახალი რეგულაციების შესახებ შეატყობინა შეერთებული შტატების მოსახლეობას. მათი თქმით, სრულად ვაქცინირებულებს შეუძლიათ პირბადის ტარება შეწყვიტონ როგორც გარე, ისე შიდა სივრცეებში.

"დღეს არაჩვეულებრივი დღეა ამერიკისთვის",- თქვა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გუშინ, თეთრი სახლის, ვარდების ბაღში გამართულ პრესკონფერენციაზე. ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე მათი გუნდის წევრები უნიღბოდ იყვნენ მისული.

"თუ სრულად ხართ ვაქცინირებული, პირბადის ტარება აღარ გჭირდებათ",- ამცნო ამერიკელებს პრეზიდენტმა ბაიდენმა. "აიცერით, ან ატარეთ პირბადე იქამდე, ვიდრე აიცრებით",- მოუწოდა ხალხს ჯო ბაიდენმა.

პირბადის მოხსნა ახალი რეგულაციით არ შეუძლიათ აუცრელ ადამიანებს, ან მათ ვისაც ვაქცინის ჯერ მხოლოდ ერთი დოზა აქვთ მიღებული. ასევე სრულად ვაქცინირებულად არ ითვლება ადამიანი, ვიცნ ორივე დოზა მიიღო, თუმცა მეორე დოზის მიღებიდან 2 კვირა არ არის გასული.

რაც შეეხება სრულად ვაქცინირებულებს, მათ შეუძლიათ დაემშვიდობონ პირბადეს და ასევე, სოციალურ დისტანციას. თუმცა, სრულად ვაქცინირებულებისთვისაც რეკომენდებულია, რომ პირბადე ატარონ ისეთ ადგილებში, როგორიცაა ავტობუსები, თვითმფრინავები, საავადმყოფოები, საპატიმროები და უსახლკაროთა თავშესაფრები. მიუხედავად ამ აკრძალვებისა, ამერიკაში ამბობენ, რომ უმეტეს ადგილებში უპირბადოდ სიარულის ბრძანება დაეხმარება ქვეყანას სრულად აამუშაოს სკოლები, სამუშაო ოფისები და სხვა მსგავსი დაწესებულებები.

"ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდით ამ მომენტს, როდესაც შევძლებდით, რომ ნორმალურობის განცდას დავბრუნებოდით",- თქვა როშელ ვალენსკიმ, ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორმა.

ქვეყნის აგრესიულმა ვაქცინაციის პოლიტიკამ შედეგი გამოიღო. ამერიკაში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი გასული სექტემბრის შემდეგ ყველაზე დაბალია. გასული აპრილის შემდეგ კი კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელია ყველაზე დაბალი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG