ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ორ კვირაში ევროპის კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყნის -საფრანგეთის მოქალაქეები პრეზიდენტს აირჩევენ. მათმა არჩევანმა, შესაძლოა, შეცვალოს არა მხოლოდ საფრანგეთი, რომელიც ევროპის მესამე უმსხვილესი ეკონომიკაა, არამედ მთლიანად ევრო ბლოკი.

საფრანგეთის ელჩი შეერთებულ შტატებში ჟერარ არო ამბობს, რომ საფრანგეთში მემარჯვენე ძალის გამარჯვებამ შესაძლოა ევრო-ზონის დაშლა გამოიწვიოს, რაც მსოფლიო ფინანსური კრიზისი იქნება.

“საფრანგეთის არჩევნები ძალიან მნიშნელოვანი მოვლენაა, ისევე, როგორიც იყო ბრექსიტი და ისევე როგორც გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტ ტრამპის არჩევა. საფრანგეთი ახლა მოქალაქეთა ჯგუფების მხრიდან ერთგვარი ამბოხების მომსწრეა, ჩვენ ვხედავთ პოპულიზმის აფეთქებას, რაც არყევს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას და პოლიტიკურ კურსს. საფრანგეთს ჰყავს ძლიერი პოპულისტი ლიდერი მარი ლო პენი, თუ ის პრეზიდენტი გახდა, მისი გეგმაა საფრანგეთი ევროპის კავშირიდან გაიყვანოს, რაც მსოფლიო კრიზისი იქნება.”

აროს თქმით, საფრანგეთის არჩევნების მნიშვნელობა ქვეყნის და კონტინენტის საზღვრებს სცდება, რადგან ევროპის კავშირის დაშლის შემთხვევაში "1945 წელს დაწყებული ევროპის ეპოქა“ დასრულდება.

ევროპაში მემარჯვენე ნაციონალისტების მომძლავრების საზომად პოლიტიკური მიმომხილველები სამი ქვეყნის - ნიდერლანდების, საფრანგეთის და გერმანიის არჩევნებს ასახელებენ.

საფრანგეთს ჰყავს ძლიერი პოპულისტი ლიდერი მარი ლო პენი, თუ ის პრეზიდენტი გახდა, მისი გეგმაა საფრანგეთი ევროპის კავშირიდან გაიყვანოს, რაც მსოფლიო კრიზისი იქნება

17 მილიონიანი ჰოლანდიის არჩევნებმა, სადაც გირტ ვილდერსის ნაციონალისტურმა “თავისუფლების პარტიამ” ვერ გაიმარჯვა, ევრო ცენტრისტებს ევროპის მომავლის რწმენა გაუმყარა. ორი დიდი მოთამაშის-საფრანგეთის და გერმანიის არჩევნების წინ ნიდერლანდებისშედეგები ევრო-ოპტიმისტებს იმედს აძლევს. ორივე ქვეყანაში ნაციონალისტების აღზევებას ელიან, რომლების ანტი-იმიგრანტული პილიტიკით გამოირჩევიან.

ჰოლანდიაში ვილდერსის არასახარბიელო მაჩვენებელი თავისთავად არ ნიშნავს, რომ საფრანგეთსა და გერმანიაში ნაციონალისტები დამარცხდებიან. 2015-2016 წლებში საფრანგეთი არაერთი ტერორისტული თავდასხმის სამიზნე გახდა, მსგავსი თავდასხმის სამიზნე იყო დეკემბერში ბერლინიც.

ბრუკინგსის ინსტიტუტის პრეზიდენტი სტრობ ტალბოტი ამბობს, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა უნდა ანახოს, არის თუ არა მემარჯვენე პოპულიზმი მართლა მზარდი და აისახება თუ არა პოლიტიკური დისკურსი საარჩევნო ხმებზე.

„ვნახოთ ნამდვილად იზრდება თუ არა ევროპაში მომწამვლელი პოპულიზმი. თავისთავად პოპულიზმი ბევრ რამეს ნიშნავს, მას ვიწრო განმარტება არ აქვს. ზოგადად პოპულიზმი ნიშნავს ხალხის ძალის მომძლავრებას, მათი იმედგაცრუების, ბრაზის და მისწრაფებების გაერთიანებას. ეს ყველაფერი შეიძლება ჯანსაღი დემოკრატიის ნაწილი იყოს, თუკი ისინი გააგრძელებენ მშვიდობიანი პოლიტიკის წარმოებას. მაგრამ უკანასკნელ წლებში რაც მძლავრდება არ არის პოპულიზმის ეს ფორმა. უნდა დავაკვირდეთ რა მოხდება საფრანგეთის და გერმანიის უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე.“

ლტოლვილთა ნაკადების, ბრექსიტის და რუსული აგრესიის პარალელურად თვისობრივად ახალ ფაზაში გადადის ევროპის ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა 8 ნოემბრის არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ.

ვნახოთ ნამდვილად იზრდება თუ არა ევროპაში მომწამვლელი პოპულიზმი

საპრეზიდენტო კამპანიისას ტრამპმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს „დრომოჭმული“ უწოდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კი შეაფასა, როგორც „დიდი ლიდერი.“ კანდიდატ ტრამპის მიერ გამოთქმულმა მსგავსმა განცხადებებმა ამერიკის მოკავშირეები პარტნიორობის მომავალზე დააფიქრა.

ტრამპის ინაუგურაციიდან ათ დღეში ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა წევრი ქვეყნების ლიდერებს ღია წერილით მიმართა, სადაც ამბობდა, რომ ვაშინგტონში მომხდარი ცვლილება ევროპის კავშირს რთულ ვითარებაში აგდებს: „ახალი ადმინისტრაცია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის 70-წლიან საგარეო პოლიტიკას,“ წერდა ტუსკი.

ტალბოტის შეფასებით თეთრ სახლში შესვლიდან რამდენიმე კვირაში პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ამერიკის ტრადიციულ საგარეო პოლიტიკას უფრო შეეფერება, ვიდრე კამპანიისას მის მიერ გაკეთებული განცხადებები: „თუმცა ის არაპროგნოზირებადი ლიდერია და რთულია დანამდვილებით იმის თქმა თუ როგორია ამერიკა-ევროპის ურთიერთობების მომავალი,“ ამბობს ტალბოტი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG