ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: 2008 წელს საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი, ვაშინგტონი, "ატლანტიკური საბჭო", 18 მარტი, 2019
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ფლორენს პარლი, ვაშინგტონი, "ატლანტიკური საბჭო", 18 მარტი, 2019

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი, ფლორენს პარლი ვაშინგტონში, "ატლანტიკურ საბჭოში" ევროპის თავდაცვაზე საუბრისას საქართველო რუსეთის ომს შეეხო და თქვა, რომ 2008 წელს რუსეთმა საქართველო ნაწილებად დაჰყო.

„ევროპელები უყურებენ უკანასკნელ მოვლენებს და ხედავენ, რომ ევროპის უსაფრთხოების გარემო მკაცრი გამოცდის წინაშე დადგა. 2008 წელს, საქართველო ნაწილებად დაიგლიჯა. 2014 წელს კი უკრაინის ჯერი დადგა“, - განაცხადა მან.

პარლი ევროპის მიერ საფრთხეების გაანალიზებასა და საერთო თავდაცვის საჭიროებაზე საუბრობდა. ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნას პასუხობდა, რომ ნატოს ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვაზე საკუთარი ბიუჯეტის 2 პროცენტი უნდა დახარჯონ. პარლიმ აღნიშნა, რომ საფრანგეთი „ყველაფერს გააკეთებს, ევროპელებთან ერთად, რომ აიღოს უფრო მეტი პასუხისმგებლობა“. თუმცა იქვე დასძინა, რომ ამას ევროპელი მოკავშირეები „ავტონომიას“ დაარქმევენ და ეს არ უნდა იყოს აღქმული, როგორც „ამერიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი“.

მისი თქმით ევროპის მიერ საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერება ვაშინგტონს ტვირთს შეუმსუბუქებს. „ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ დახმარებისთვის და არ დაველოდოთ, რომ საზღაურს ყოველთვის შეერთებული შტატები გადაიხდის“, - თქვა მან.

ევროპული დედაქალაქების შეშფოთება პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან ვაშინგტონის ნატოს წევრად დარჩენის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებამ გამოიწვია. პარლის თქმით, ამის გამო, ევროპელებმა დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ ის რაც აქამდე „წარმოუდგენელი იყო შესაძლოა ნელ-ნელა ხდებოდეს“.

პრეზიდენტი ტრამპი ევროპელი მოკავშირეებისგან ნატოში უფრო მეტ ფინანსურ თანაზიარობას ითხოვს. თუმცა მან ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ევროპული საერთო ჯარის თაობაზე, როგორც ამერიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

საკუთარ გამოსვლაში პარლიმ შეერთებული შტატების მიერ, საბჭოთა კავშირთა დადებული საშუალო და მოკლე რადიუსის ბირთვული შეიარაღების შეზღუდვის შეთანხმებიდან (INF) გამოსვლაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა ნატოს მოკავშირეებს ერთიანი პოზიცია ქონდეთ.

„ფაქტია, რუსეთი არ ასრულებს INF-ის ვალდებულებებს და ეს ქმნის უდიდეს საფრთხეს ევროპელებისთვის, რადგან რუსების მიერ შექმნილ ახალ სისტემას ევროპის ტერიტორიაზე ექნება გავლენა და არა სხვაგან”, - აღნიშნა მან და განაცხადა, რომ ნატომ შესაბამისი პასუხი უნდა შეიმუშავოს თუ რუსეთი, მიუხედავად განმეორებითი გაფრთხილებებისა, გააგრძელებს ბირთვული შეთანხმების დარღვევას.

პარლიმ მოსკოვის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობებზეც ისაუბრა. „დეზინფორმაცია, როგორც მითხრეს (რუსულად არ ვსაუბრობ) რუსული სიტყვაა - ვინ იცის რატომ. თუმცა ეს არ არის ჩავლილი ფაქტი, ეს არის მომავლის კონფლიქტის მუდმივი თანამგზავრი და ჩვენ მას ერთად უნდა გავუმკლავდეთ... ზოგჯერ სასწორზე ჩვენი დემოკრატიაა და ჩვენ ის უნდა დავიცვათ“, - აღნიშნა მან.

პარლიმ შეერთებული შტატების და საფრანგეთის თანამშრომლობაზე, მის გაღრმავებაზე და უსაფრთხოების გამოწვევებზეც ისაუბრა და გამოსვლა პოზიტიურ ნოტაზე დაასრულა. მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი დარჩება ამერიკის მოკავშირედ არა მხოლოდ დღევანდელი არამედ მომავალის გამოწვევების წინაშეც.

„მე მაქვს უფრო მნიშვნელოვანი მესიჯი, უბრალო მესიჯი: თქვენ შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ, ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით, არა მხოლოდ დღევანდელ ომებში, არამედ ხვალინდელ ომებშიც“, - განაცხადა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG