ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საფრანგეთი უკრაინას შორი დისტანციის საკრუიზო რაკეტებს მიაწვდის


საფრანგეთი, ბრიტანეთის მსგავსად, უკრაინას შორი დისტანციის საკრუიზო რაკეტებს მიაწვდის. ამ რაკეტებს, 250 კმ დისტანციით გადაადგილება შეუძლიათ, რაც უკრაინულ ძალებს საშუალებას მისცემს რუსეთის ჯარებს დაარტყან და მიწვდნენ ფრონტის ხაზის სიღრმეში.

ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მან გადაწყვიტა გაზარდოს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და ასე დაეხმაროს ქვეყანას კონტრშეტევაში. ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ლიეტუვაში, ნატოს სამიტზე გააკეთა.

”მე გადავწყვიტე გავზარდო იარაღისა და აღჭურვილობის მიწოდება, რათა უკრაინელებს ჰქონდეთ შორს დარტყმის უნარი”, - თქვა მაკრონმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამდენი რაკეტა გაიგზავნება საფრანგეთიდან უკრაინაში.

ფრანგი დიპლომატი ამბობს, რომ საუბარია 50 SCALP-ის ტიპის რაკეტაზე, რომელიც ევროპაშია წარმოებული.

რაკეტები საფრანგეთის არსებული სამხედრო მარაგებიდან გაიგზავნება, განუცხადა ჟურნალისტებს ფრანგმა სამხედრო წყარომ და დასძინა, რომ ეს იქნება "მნიშვნელოვანი მოცულობის" დახმარება.

პარიზმა უკრაინას ომის განმავლობაში უკვე მიაწოდა მისტრალის საზენიტო რაკეტები და კროტელის მოკლე რადიუსის საზენიტო რაკეტები, რომლებიც დაბლა მფრინავი რაკეტებისა და თვითმფრინავების ჩამოსაგდებად გამოიყენება.

უკრაინა უკვე თვეებია, რაც შორი რადიუსის რაკეტებს ითხოვს, თუმცა, მისი მთავარი მიმწოდებელი, ამერიკა ჯერ მათ გადაცემაზე უარს ამბობს.

XS
SM
MD
LG