ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სარკოზის კამპანიის უკანონო დაფინანსების საკითხზე სასამართლო განახლდა


საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის სასამართლო პროცესი განახლდა. სარკოზის 2012 წლის წარუმატებელი საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში ედება ბრალი. ბოლო სხდომა მარტში გაიმართა. მისი ადვოკატი კი კოვიდ-19-ით დაინფიცირდა და პროცესი დროებით გადაიდო.

ამ შემთხვევაში პროკურორები ამტკიცებენ, რომ სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ ნებადართულ 22.5 მილიონზე თითქმის ორჯერ მეტი თანხა ძვირადღირებულ კამპანიაში, შეხვედრებში და პიარ კომპანიის დაქირავებაში დახარჯა. რეალურ ხარჯები კი იმალებოდა. ბრალდებაში ნათქვამია, რომ გამომძიებლებმა ვერ შეძლეს დაემტკიცებინათ სარკოზის მიერ ამ სქემის ორგანიზება ან მასში ჩართულობა, მაგრამ აცხადებენ, რომ პრეზიდენტს ეს ნამდვილად უნდა სცოდნოდა.

66 წლის ყოფილი პრეზიდენტი ნებისმიერ გადაცდომას გამუდმებით უარყოფს და ამბობს, რომ ფინანსური დოკუმენტაციის გაყალბების შესახებ არაფერი იცის. ამ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ერთწლიანი პატიმრობა ან 3 750 ევროს ოდენობით ჯარიმა ელის.

ეს არ არის ერთადერთი საქმე, რომელიც სარკოზის წინააღმდეგ აღიძრა. რამდენიმე თვის წინ ის კორუფციასთან დაკავშირებულ სხვა საქმეში დამნაშავედ ცნეს. სარკოზი სასამართლომ დამნაშავედ ცნო მაგისტრი მოსამართლის მოქრთამვის მცდელობაში, რომელსაც პრეზიდენტმა მისი პოლიტიკური პარტიის გამოძიების თაობაზე ინფორმაციის სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა. სასჯელი სამი წლით პატიმრობას გულისხმობდა, თუმცა ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით მიესაჯა.

მაგისტრ გილბერტ აზიბერტსა და სარკოზის ყოფილ ადვოკატს ტიერი ჰერცოგსაც იგივე განაჩენი გამოუტანეს. პარიზის მოსამართლის გადაწყვეტილებით, სარკოზის უფლება მიეცა სასჯელი - 1 წელი - შინა პატიმრობაში მოიხადოს და ელექტრონული სამაჯური ატაროს. პროკურატურა ნიკოლა სარკოზის პატიმრობას 4 წლით ითხოვდა.

"სარკოზიმ იცოდა, რას აშავებდა", - თქვა მაშინ მოსამართლემ და განმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტისა და მისი ადვოკატის ქმედებებმა საზოგადოებას მართლმსაჯულების შესახებ ძალიან "ცუდი წარმოდგენა" შეუქმნა. ამ დანაშაულს განმარტავენ, როგორც ძალაუფლებისა და პროფესიული საქმიანობის უპირატესობის ბოროტად გამოყენებას.

პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ სარკოზიმ მოსამართლეს ინფორმაციის სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა. მაშინ განსახილველი საქმე კომპანია "ლორეალის" წარმომადგენლისგან მისი 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ეხებოდა. სარკოზი ყოველთვის უარყოფდა ბრალდებებს.

საქმე სატელეფონო ჩანაწერებს ეფუძნება, რომლებზეც სარკოზისა და მისი ადვოკატის საუბარია ჩაწერილი. ეს ჩანაწერები სხვა გამოძიების ნაწილიცაა, რომელიც სარკოზის კამპანიისა და სავარაუდოდ ლიბიური დაფინანსების საკითხს ეხება.

მედიისთვის აქამდე მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში სარკოზი, რომელიც პრეზიდენტი მხოლოდ ერთი ვადით იყო, თავად ჩანაწერების კანონიერებასაც ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ ადვოკატისა და კლიენტის საუბარი დაცული და კონფიდენციალური უნდა იყოს. სატელეფონო საუბარი პრეზიდენტის ყალბი სახელითა და გვარით - პოლ ბისმუტის სახელით დარეგისტრირებულ ხაზზე შედგა, რომლითაც სარკოზი თავის ადვოკატს ესაუბრებოდა ხოლმე.

ეს საფრანგეთისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმეა. ყოფილი პრეზიდენტის გასამართლების კიდევ ერთი პრეცედენტი 2011 წელს იყო, როდესაც ჟაკ შირაკს პარიზის მერის თანამდებობაზე ყოფნისას პოლიტიკური მოკავშირეებისთვის ყალბი სამუშაო ადგილების შექმნაში დასდეს ბრალი. ჟაკ შირაკი 2019 წელს გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG