ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცვლილებები საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში


ცვლილებები საფრანგეთის საგარეო პოლიტიკაში

პარიზის როლი ლიბიაში ბევრისთვის სიურპრიზი იყო

ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე რევოლუციებმა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკაში გარკვეული კორექტივები შეიტანა. მათ შორის საფრანგეთიც აღმოჩნდა. ოფიციალური პარიზის საგარეო კურსს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი პარიზში ლიზა ბრაიანტი არკვევდა.

დღესდღეობით საფრანგეთი სამ სამხედრო ოპერაციაშია ჩართული. ფრანგი ჯარისკაცები დღეს ავღანეთში, ლიბიაში და კოტ დივუარში იმყოფებიან. თუმცა, ავღანეთის ოპერაცია სარკოზის მთავრობას წინა ხელისუფლებისგან ერგო მემკვიდრეობით. ლიბიაში და კოტდივუარში არმიის ნაწილების გაგზავნაზე კი, პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე ამჟამინდელი მთავრობაა. მიუხედავად ამისა, გასულ კვირას, საგარეო საქმეთა მინისტრმა ალან ჟუპემ განაცხადა, რომ საფრანგეთის საგარეო სტრატეგიაში ცვლილება არ მომხდარა.

„ლიბიაშიც და კოტდივუარშიც საფრანგეთი საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში მოქმედებს- კერძოდ გაეროს მანდატით იცავს მშვიდობიან მოქალაქეებს და საფრანგეთს სულაც არ სურს აგრესიული საგარეო პოლიტიკის წარმოება,“ - დასძინა ჟუპემ.

თუმცა, ანალიტიკოსები პარიზის მოქმედებაში სხვა მოტივაციას ხედავენ. საფრანგეთმა, გარდა იმისა, რომ პირველმა განახორციელა საჰაერო დარტყმა ლიბიის ლიდერის კადაფის წინააღმდეგ, ასევე პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ამბოხებული ლიბიელების ნაციონალურ საბჭოსთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა. კოტ დივუარშიც საფრანგეთმა გაეროს დანაყოფებთან ერთად ფაქტობრივი პრეზიდენტის ლორენ გბაგბოს ძალებზე მიიტანა იერიში.

კლარა ო’დონელი ლონდონში მოქმედი ევროპის რეფორმების ცენტრის ანალიტიკოსია. ის ამბობს, რომ საფრანგეთში გამოკვეთილი როლი ლიბიაში სიურპრიზი აღმოჩნდა.

„ეს იყო 180 გრადუსით შემობრუნება, როდესაც პრეზიდენტმა სარკოზიმ ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. საფრანგეთს ბოლო წლებში ლიბიასთან საკმაოდ მჭიდრი კავშირები ქონდა და ჩვენ ერთი ექსტრემალური ვითარებიდან მეორეში აღმოვჩნდით,“ - აცხადებს კლარა ო’დონელი.

ფრანგი ინტელექტუალი ბერნარ ჰენრი ლევი კი, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს ლიბიის ოპოზიციიურ საბჭსთან თვლის, რომ სარკოზიმ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ლიბიის კამპანიაში ჩაერთო.

„მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენმა ქვეყანამ სწორი ნაბიჯი გადადგა და ამით გავლენა მოახდინა სხვების გადაწყვეტილებაზეც,“ - აცხადეს ლევი.

რა შეიძლება იყოს სარკოზის მოტივაცია? საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ანალიტიკოსი ფილიპ მორო დეფარჟი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა სარკოზიმ შესწორება შეიტანა საფრანგეთის პოლიტიკაში, როდესაც თავდაპირველად მხარი დაუჭირა ტუნისის პრეზიდენტს, იქ მიმდინარე რევოლუციის დროს.

„საფრანგეთი და შეერთებული შტატები საერთო დილემის წინაშე დგანან, კერძოდ, როდესაც დიდი ქვეყანა ხარ, რეგიონში გავლენისათვის მთავარი პრიორიტეტი სტაბილურობა ხდება,“ - ამბობს დეფარჟი.

სტაბილურობასთან ერთად კი, საფრანგეთიც და შეერთებული შტატებიც რეგიონში დემოკრატიას უჭერენ მხარს. დეფარჟის თქმით, საფრანგეთს სურს, რომ შეინარჩუნოს გავლენიანი სახელმწიფოს სტატუსი და ქონდეს სპეციფიური საგარეო პოლიტიკა. ასევე ფრანგი დიპლომატები ალბათ კმაყოფილები არიან, რადგან ევროკავშირის სუსტმა პოზიციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ისეთი ძლიერი ქვეყნის შენარჩუნების საჭიროება როგორიც საფრანგეთია.

XS
SM
MD
LG