ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიდალ ჰასანი მესამე მხარის ჩართვას ითხოვს


ფორტ ჰუდის ტრაგედიის ბრალდებულის სასამართლო რამდენიმე თვით გადაიწევს

შეერთებული შტატების არმიის მაიორის ნიდალ ჰასანის სასამართლო პროცესი, რომელსაც ბრალი ედება ფორტ ჰუდის ბაზაზე 13 ადამიანის მკვლელობაში, კიდევ რამდენიმე თვით გადაიდება. ამის მიზეზი კი ბრალდებულის დაცვის მხარის მომზადებაა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი გრეგ ფლაკუსი არკვევდა.
მართალია ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ოთხშაბათიდან დაიწყო, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარემ პოლკოვნიკმა ტარა ოსბორნმა ყველანაირი სასამართლო პროცედურა მომავალ კვირამდე გადადო. მან ეს გადაწყვეტილება ბრალდებულის განცხადების საფუძველზე მიიღო. ეს გადაწყვეტილება მან ე.წ. „მესამე მხარის დაცვის“ სტრატეგიაზე დააფუძნა. მან დაცვის მოსამზადებლად სამი თვე ითხოვა. სასამართლოსადმი მიწერილ წერილში მან განაცხადა, რომ მესამე მხარედ ის ავღანეთში თალიბ მებრძოლებს და თალიბთა ხელმძღვანელებს განიხილავს. ჰასანი აცხადებს, რომ მის მიერ მოკლული ჯარისკაცები ავღანეთში გასამგზავრებლად ემზადებოდნენ. მისი განცხადება ეწინააღმდეგება მთავრობის პოზიციას, რომელმაც მომხდარი თავდასხმა ტერორისტულ აქტად არ შეაფასა. სამხედრო პროკურორების განცხადებით, სიტყვა „ტერორიზმის“ გამოყენება ჰასანის სამართლიან გასამართლებას გაართულებდა. თუმცა, ნიდალ ჰასანის განცხადებას ანალიტიკოსები აფასებენ, როგორც აღიარებას, რომ მან ეს თავდასხმა საგარეო მტრის სახელით განახორციელა. მათ შორის არის ყოფილი სამხედრო იურისტი ჯეფ ედიკოტი, რომელიც ტეხასში სან ანტონიოს უნივერსიტეტში ტერორიზმის კვლევის ცენტრს ხელმძღვანელობს.
„ის აღიარებს, რომ მტრის არაკანონიერი მებრძოლია. თუმცა, ეს ცვლის საკითხს, რადგან ჩვენ სამხედრო კანონის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ მასთან დაკავშირებით. თუკი ის მტრის მებრძოლია, მაშინ მის მიერ მოკლული სამხედროები უნდა ჩაითვალონ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლებად და ოჯახებს შესაბამისი სოციალური დაცვის სრული პაკეტი უნდა გადაეცეთ,“ - ამბობს ედიკოტი.
დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახები აცხადებენ, რომ ეკონომიურად ძალიან უჭირთ, მაშინ როდესაც ნიდალ ჰასანი დღემდე იღებს ხელფასს, ვინაიდან მისი გასამართლების საქმე თვიდან თვემდე ჭიანურდება. შარშანდელი წელი, დაეთმო იმის განხილვას აქვს თუ არა ბრალდებულს წვერის ტარების უფლება. ჰასანი წვერის გაპარსვის წინააღმდეგია, რადგან თავს მორწმუნე მუსლიმად თვლის. ამის შემდეგ კი ძველი მოსამართლე მოხსნეს და მის ადგილზე ტარა ოსბორნი დანიშნეს. ანალიტიკოსი ჯეფ ედიკოტი ფიქრობს, რომ ჰასანი სამხედრო სამართლის სისტემით მანიპულირებას ცდილობს.
„მან უკვე გაიმარჯვა. ის ატარებს წვერს, მასზე არ არისს მკაცრი კონტროლი. არ სურს „ა“ კლასის სამხედრო ფორმის ტარება, რაც ყველა სამხედრო ბრალდებულს ევალება. ასე რომ მან ყველა ის საკითხი მოიგო ისე როგჰორც სურდა,“ - ამბობს ედიკოტი.
ადვოკატები ამბობენ, რომ მოსამართლე ოსბორნი ყველაფერს კანონის შესაბამისად აკეთებს. მან ნიდალ ჰასანს უფლება მისცა, რომ ბრალდებულმა თავი თავად დაიცვას.
XS
SM
MD
LG