ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადლენ ოლბრაიტი: „საქართველო განსაკუთრებული მეგობარი და პარტნიორია“


მადლენ ოლბრაიტი სოფელ ოძისიდან ახმაჯის რუსულ საოკუპაციო ბაზას ათვალიერებს
მადლენ ოლბრაიტი სოფელ ოძისიდან ახმაჯის რუსულ საოკუპაციო ბაზას ათვალიერებს

დღეს საქართველოში ვიზიტს ასრულებს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი 80 წლის მადლენ ოლბრაიტი. იგი თბილისს, ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ესტუმრა. მასთან ერთად NDI-ის დელეგაციაშია, ორგანიზაციის პრეზიდენტი კენ ვოლაკი, დირექტორთა საბჭოს წევრები: ნენსი რუბინი და ყოფილი სენატორი თომას დაშელი.

ვიზიტი საქართველოში ოლბრაიტმა კვირას, საოკუპაციო ხაზთან მდებარე, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისის მონახულებით დაიწყო. ოძისი ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯს ესაზღვრება, სადაც რუსეთის საოკუპაციო ბაზაა განლაგებული.

ოლბრაიტი, რომელიც 1982-93 წლებში ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ლექციებს საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკაზე კითხულობდა, ოძისის შემდეგ, არაოფიციალური ვიზიტით, გორში ჩავიდა და დასთან, კატერინა კორბელოვასთან ერთად საბჭოთა ბელადის სტალინის სახლ-მუზეუმი მოინახულა.

ოლბრაიტი გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში
ოლბრაიტი გორში, სტალინის სახლ-მუზეუმში

საქართველოს პრეზიდენტმაც და პრემიერმაც ამერიკის პირველ ქალ სახელმწიფო მდივანს (1997-2001) სპეციალურ ვახშამზე უმასპინძლეს. მადლენ ოლბრაიტმა, საქართველოში NDI-ის საქმიანობაზე საუბრისას კერძოდ აღნიშნა:

ძალიან დიდი დრო გავატარეთ საქართველოში, გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი, რასაც განსაკუთრებით ვაფასებ არის თქვენი სურვილი შეესაბამებოდეთ მაღალ სტანდარტებს, რადგან იცით, რომ სწორედ ეს ქმნის წარმატებულ ქვეყანას"
მადლენ ოლბრაიტი, NDI-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე

„ძალიან დიდი დრო გავატარეთ საქართველოში, გავიარეთ სხვადასხვა ეტაპი, რასაც განსაკუთრებით ვაფასებ არის თქვენი სურვილი შეესაბამებოდეთ მაღალ სტანდარტებს, რადგან იცით, რომ სწორედ ეს ქმნის წარმატებულ ქვეყანას.

ვფიქრობ, რომ ჩვენ ასევე ნამდვილი მეგობრები ვართ და შეგვიძლია ერთმანეთს რთულ საკითხებზე ვესაუბროთ. არ ვსვამთ კითხვებს, თუ რამდენად რთულია დემოკრატია, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ძალთა ბალანსი, კანონის უზენაესობა, მედიის განსაკუთრებული როლი. საქართველო ყოველთვის განსაკუთრებული მეგობარი და პარტნიორი იყო.“

საქართველოს პარლამენტში მადლენ ოლბრაიტი პარლამენტის თავმჯომარეს და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებს შეხვდა. იგი გენდერის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესდა.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში კი ოლბრაიტმა კენ ვოლაკთან და საქართველოში აშშ-ს ელჩთან იან კელისთან ერთად მონაწილეობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) „მომავალ ლიდერ ქალთა პროგრამის“ დასკვნით ღონისძიებაში მიიღო.

ეს პროგრამა მიზნად საკრებულოს წევრი ქალების პროფესიული უნარების განვითარებას ისახავდა. მასში საქართველოს ექვსი მუნიციპალიტეტის, ახალციხის, ბათუმის, გურჯაანის, ზუგდიდის, თბილისის და ქუთაისის საკრებულოების 20 დეპუტატი ქალი მონაწილეობდა, რომლებიც 7 პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენდნენ.

ორწლიანი პროგრამის ფარგლებში მათ 10 თემატური ტრენინგი გაიარეს, სპეციალური სერთიფიკატები სწორედ მალენ ოლბრაიტისგან მიიღეს, რომელმაც კერძოდ აღნიშნა:

განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ ამ პროგრამაში ჩართულმა ქალებმა თავი მიუძღვნეს ადგილობრივ პოლიტიკურ საქმიანობას. ეს არის ის, სადაც ყველაფერი იწყება და ეს არის ხელისუფლების ერთადერთი დონე, რომელსაც ყველა ყველგან ენდობა“

„საქართველო მაგალითია იმისა, რომ საზოგადოება უფრო სტაბილურია, როცა ქალები პოლიტიკურად და ეკონომიკურად ძლიერდებიან. განსაკუთრებით სასიამოვნოა ის, რომ ამ პროგრამაში ჩართულმა ქალებმა თავი მიუძღვნეს ადგილობრივ პოლიტიკურ საქმიანობას. ეს არის ის, სადაც ყველაფერი იწყება და ეს არის ხელისუფლების ერთადერთი დონე, რომელსაც ყველა ყველგან ენდობა.“

ვიზიტის ფარგლებში სპეციალურად მადლენ ოლბრაიტისთვის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „ერისიონმა“ იცეკვა, რამაც ამერიკელი სტუმრები აღაფრთოვანა.

თბილისისა და შიდა ქართლიც გარდა, ოლბრაიტმა ასევე მოინახულა კახეთი, სადაც არაფორმალურ ვითარებაში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა, თუმცა, აშშ-ს 46-ე სახელმწიფო მდივანს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მადლენ ოლბრაიტი პირველად საქართველოში, ახალგაზრდა ქვეყნისთვის უმძიმეს დროს, 1994 წლის სექტემბერში, გაეროში ამერიკის ელჩის სტატუსით ჩამოვიდა. მან მაშინ თბილისის გარდა, ზუგდიდი და აფხაზეთიდან ეთნიკურ წმენდას გამოქცეული ქართველი დევნილები მოინახულა.

მადლენ ოლბრაიტი 1994 წელს, ზუგდიდში
მადლენ ოლბრაიტი 1994 წელს, ზუგდიდში

Facebook Forum

XS
SM
MD
LG