ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა


კარტერის ცენტრმა გამოაცხადა, რომ ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი, მენტალური სიჯანსაღის ქომაგი, კვირას 96 წლის ასაკში, ჯორჯიის ქალაქ პლეინსში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

99 წლის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი და როზალინ კარტერი 77 წელი ქორწინებაში იყვნენ.

როზალინ კარტერს დარჩა შვილები, ჯეკი, ჩიპი, ჯეფი და ემი; 11 შვილიშვილი და 14 შვილთაშვილი.

ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა, კარტერის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში თქვა: „როზალინი ჩემი თანაბარი პარტნიორი იყო ყველაფერში, რისთვისაც ოდესმე მიმიღწევია. როდესაც მჭირდებოდა, მისგან ბრძნულ რჩევას და გამხნევებას ვღებულობდი. როდესაც როზალინი სამყაროში არსებობდა, ყოველთვის ვიცოდი რომ ვიღაცას ვუყვარდი და მხარს მიჭერდა“.

ყოფილმა პირველმა ლედიმ 2014 წელს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თქვა რომ ჯიმი კარტერთან ხანგრძლივი ქორწინების საიდუმლო „სივრცე“ და „პატივისცემა“ იყო.

„ჩვენ ერთმანეთის პატივისცემა დავიწყეთ. მე პატივს ვცემდი ის რასაც გააკეთებდა და ის პატივს სცემდა, რასაც მე გავაკეთებდი და მას შემდეგ ეს ნამდვილად გასაოცარი პარტნიორობა იყო“.

ელეონორ როზალინ სმიტ კარტერი ჯორჯიის ქალაქ პლეინსში 1927 წლის 18 აგვისტოს დაიბადა და დიდი დეპრესიის პერიოდში, ამ მიწის თხილის ფერმერების ქალაქში ცხოვრობდა.

1946 წელს, სამხედრო ფლოტის აკადემიის კურსანტმა ჯიმი კარტერმა როზალინს ხელი სთხოვა და ისინი იმავე წლის მაისში დაქორწინდნენ.

ჯიმი და როზალინ კარტერები, შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ქორწინების საპრეზიდენტო წყვილია.

კარტერის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ მემორიალური ღონისძიებების და დაკრძალვის ცერემონიების განრიგი მოგვიანებით გამოცხადდება.

XS
SM
MD
LG