ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა


უცხოური პრესის მიმოხილვა
უცხოური პრესის მიმოხილვა

უცხოური პრესის მიმოხილვის დღევანდელი გამოშვება ეთმობა კარნეგის სახელობის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის რობერტ კაგანის სტატიას

უცხოური პრესის მიმოხილვის დღევანდელი გამოშვება მთლიანად ეთმობა კარნეგის სახელობის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის რობერტ კაგანის სარედაქციო სტატიას სათაურით „ხუთი გამარჯვება ობამას საგარეო პოლიტიკაში,“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 29 ივნისს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ყველა ადმინისტრაციას საგარეო პოლიტიკის წარმართვისას ახასიათებს როგორც ჩავარდნები ისე ტრიუმფები. მაგრამ ობამას ადმინისტრაციამ ივნისში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია, რაც უსათუოდ აღიარებას იმსახურებს.

რასაკვირველია პრეზიდენტ ობამას ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გენერალ დეივიდ პეტრეუსის დანიშვნა ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მეთაურად. ამ გადაწყვეტილებით ობამამ დაანახა ყველას, რომ ის აპირებს ავღანეთში წარმატების მიღწევას მიუხედავად მრავალრიცხოვანი მრჩევლის მზარდი რეკომენდაციებისა ჯარების სწრაფი გაყვანის თაობაზე.

მეორე წარმატება გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის წინააღმდეგ რეზოლუციის მიღება იყო. მართალია სანქციები ჩინეთისა და რუსეთის მოთხოვნების გამო მნიშვნელოვნად შესუსტებულია და ობამას ადმინისტრაციამ აშკარად გააზვიადა მოსკოვის სურვილი მხარი დაუჭიროს ამერიკის ამოცანებს, მაგრამ ასეა თუ ისე რეზოლუცია მცირეოდენი დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიიღეს და მას ევროპელებისა და სხვების მხრიდან დამატებითი სანქციების დაწესება მოჰყვა. შეაჩერებს თუ არა ეს ირანის სწრაფვას ატომური ბომბის მოპოვებისკენ? ალბათ არა. მაგრამ თეირანზე ზეწოლა გაიზრდება, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს იმ ირანელებს, რომლებიც ახალი მთავრობისთვის იბრძვიან.

თურქეთისა და ბრაზილიის მიერ რეზოლუციის წინააღმდეგ მიცემულმა ხმებმა ამ ქვეყნების ლიდერების დისკრედიტაცია მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. თვით ის მოსაზრება, რომ თურქეთისა და ბრაზილიის მოქმედება თითქოსდა მანიშნებელია იმისა, რომ ეს ორი სახელმწიფო მსოფლიო ასპარეზზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები გახდა, აშკარად მცდარია. პირიქით, ამ მოქმედებით მათ შეაჩერეს საკუთარი სახელმწიფოების მოძრაობა გლობალური სტატუსის მისაღწევად.

ობამას ადმინისტრაცია ამ საკმაოდ დელიკატურ საკითხს კარგად გაუმკლავდა. ჰილარი კლინტონის ხელმძღვანელობით ადმინისტრაციამ აგრძნობინა თურქეთსა და ბრაზილიას, რომ ისინი ჯერ არ არიან მზად გახდნენ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების კლუბის წევრები. უფრო მეტიც, ობამას ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ თურქეთის მოქმედება შეერთებულ შტატებსა და ნატოს მოკავშირე სახელმწიფოებთან ურთიერთობას ძირს უთხრის. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა გასულ კვირას გააფრთხილა თურქეთის მთავრობა, რომ ანკარას მოქმედება თურქეთის „ორიენტაციას“ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და შედეგად შეერთებულ შტატებს „გაუჭირდება თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების მხარდაჭერა.“ ეს სწორი გზავნილი იყო.

და ბოლოს, რაც შეეხება იმ პრობლემას, რომლის მიმართ ადმინისტრაციის მიდგომა ყველაზე სუსტი იყო, როგორც ჩანს თეთრი სახლის დამოკიდებულება ცვლილებას განიცდის. გასულ კვირას სასიამოვნო საუბრებისა და ჰამბურგერების მირთმევის გარდა, ობამას ადმინისტრაციამ აშკარად დააფიქსირა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის არსებობს უთანხმოების ერთი მნიშვნელოვანი საგანი და ეს არის საქართველო. საჯაროდ გამოქვეყნებულ გადატვირთვის პოლიტიკის მიღწევათა ფაქტობრივ ჩამონათვალში, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ‘ობამას ადმინისტრაციას კვლავინდებურად სერიოზული უთანხმოება აქვს რუსეთის მთავრობასთან საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ოკუპაცია.’ [ციტატის დასასრული] სიტყვა ‘ოკუპაცია’ აშკარა ნიშანია იმისა, რომ ადმინისტრაციამ ეს მწვავე საკითხი არ დაივიწყა. ალბათ ობამას ესმის, რომ ‘გადატვირთვა’ წარმატებული არ იქნება ვიდრე რუსეთის ჯარები მათი მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებენ.’

XS
SM
MD
LG