ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესა "გადატვირთვასა" და რუსეთის მთავრობის უუნარობაზე


უცხოური პრესა "გადატვირთვასა" და რუსეთის მთავრობის უუნარობაზე
უცხოური პრესა "გადატვირთვასა" და რუსეთის მთავრობის უუნარობაზე

მიმოხილვაში გაშუქებულია ჟურნალ "ეკონომისტსა" და გაზეთ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებული სტატიები

უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ სტატიით სათაურით „გადატვირთული და შეშფოთებული,“ რომელიც ჟურნალ „ეკონომისტში“ 12 აგვისტოს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„თუ თქვენ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის კრიტიკოსებს მოუსმენთ, უსათუოდ შეგექმნებათ შთაბეჭდილება, რომ ამერიკის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპის მიმართ ღალატზეა დაფუძნებული, რომელშიც დაპირებული ანტი-სარაკეტო სისტემის შეცვლა, ნატოს გაფართოების შეჩერება და რუსეთთან კარგი ურთიერთობების დამყარებაა გაერთიანებული.

მაგრამ ფაქტები სულ სხვანაირად გამოიყურება. ბუშის ადმინისტრაციამ რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების პრობლემა ვერ გადაჭრა - ის, რომ ბალტიის პირეთის სახელმწიფოები ესტონეთი, ლატვია და ლიტვა პრაქტიკულად დაუცველები იყვნენ. ამ ქვეყნების უსაფრთხოება ხომ ნატოს წესდების მეხუთე სტატიას ეყრდნობოდა, რომელიც სავალდებულო კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს. მაგრამ საუბარი პრაქტიკულ ზომებზე, სამხედრო გეგმებისა და წვრთნების ჩათვლით, ტაბუს წარმოადგენდა. ობამას ადმინისტრაციამ ამასთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადადგა. კერძოდ, ვაშინგტონმა ნატოს შესაბამისი თავდაცვითი გეგმების შემუშავებისკენ უბიძგა. წელს ნატოს ეგიდით პირველად ბალტიის პირეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები გაიმართება.

ყოველივე ეს საკმაოდ მძლავრ პასუხს წარმოადგენს გასულ წელს რუსეთში გამართულ სამხედრო წვრთნებზე, რომლებშიც ბალტიის პირეთის სახელმწიფოების დაპყრობა, იზოლაცია და ოკუპაცია იყო გათამაშებული. მაშასადამე არ უნდა იყოს გასაკვირი ის, რომ რეგიონის მოსახლეობა თავდაცვით წვრთნებს მადლიერების გრძნობით ხვდება. მაგრამ ობამას ადმინისტრაცია განგებ არ ამახვილებს ამაზე ყურადღებას. ვაშინგტონში ოფიციალურმა პირმა თვით სამხედრო წვრთნების რიცხვის დასახელებაზეც უარი თქვა. გასულ წელს რუსეთთან ურთიერთობებში ‘გადატვირთვის’ გამოცხადება, როგორც ჩანს, ამგვარ თემებზე ლაპარაკს გამორიცხავს.

მართალია საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა განუსაზღვრელად გადაიდო, ეს ამერიკის ბრალი როდია რადგან თბილისსა და კიევში პოლიტიკოსებმა თვითონ გამოუთხარეს ძირი საკუთარი ქვეყნების ბედ-იღბალს. ამერიკა კვლავინდებურად აქტიურად ჩართულია დასავლეთ ბალკანებსა და ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში, რაც სამარცხვინოდ არ შეიძლება ითქვას ევროპულ სახელმწიფოებზე.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ ლილია შევცოვას და დევიდ კრეიმერის სტატიით „დაიწვება თუ არა პუტინი რუსეთის ხანძრებში?“ რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ 15 აგვისტოს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„ხანძრები ერთი თვის წინ დაიწყო, მაგრამ რუსეთის ლიდერებს დიდი დრო დასჭირდათ ვიდრე ისინი მიხვდნენ თუ რამდენად სერიოზული მდგომარეობა შეიქმნა ქვეყანაში. სანამ რუსეთი იწვოდა პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი დასასვენებლად საკურორტო ქალაქ სოჭში ჩავიდა. შემდეგ კი საკმად მოულოდნელად იგი საქართველოს სეპარატისტულ რეგიონს აფხაზეთს ეწვია, სადაც მან რუსეთ-საქართველოს ომის მეორე წლისთავის აღნიშვნაში მიიღო მონაწილოება.

დედაქალაქში მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი ალპებში შვებულებაში გაფრინდა და მას მოგვიანებით დიდი უკმაყოფილებით მოუხდა მოსკოვში დაბრუნება. ხოლო სატყეო სამსახურის მოსკოვის ხელმძღვანელი თანამდებობიდან მოხსნეს იმის გამო, რომ მან შვებულება არ შეწყვიტა. მედვედევი სატყეო სამსახურის სხვა ოფიციალურ პირებს თანამდებობიდან მოხსნით დაემუქრა.

წესით რუსეთში შექმნილმა კრიზისულმა მდგომარეობამ რუსეთის მთავრობის სრული უუნარობის აშკარა გამოვლინებასა და ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაციას უნდა შეუწყოს ხელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მართლაც ასე მოხდება რადგან რუსეთის მთავრობა არ არის ხალხის მიერ არჩეული მთავრობა. ეს ხომ გავლენიანი კავშირების მქონე ხალხის მთავრობაა. რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის ლიდერებისგან ბევრს ხანძრების დაწყებამდეც არ ელოდნენ.

პრემიერ მინისტრი პუტინი პირადად არის პასუხისმგებელი იმ გაუმართავი სისტემის შექმნაზე, რომლის გამოც ხანძრების ჩაქრობა ასე გაჭიანურდა. სწორედ მან მიიღო კანონმდებლობა 2007 წელს, როცა იგი პრეზიდენტი იყო, რომლის თანახმადაც სატყეო მეუნრეობის ზედამხედველობა აღჭურვილობის გარეშე მყოფ ადგილობრივ ხელისუფლებასა და ქაღალდის მწარმოებელებს დაეკისრა. კრემლთან დაახლოებული ოლიგარქები ხსენებულ კანონმდებლობას ენერგიულად ლობირებდნენ და შედეგად მეტყევეების პირადი შემადგენლობა მკვეთრად შემცირდა და რუსეთი ტყის ხანძრებისთვის ყოვლად მოუმზადებელი აღმოჩნდა.“

XS
SM
MD
LG