ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოვიდ 19 და საერთაშორისო დახმარება საქართველოს


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საქართველომ საერთაშორისო პარტნიორებისგან მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება მიიღო. 2008-2009 საბიუჯეტო წლებში შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია, მათ შორის ბიუჯეტის პირდაპირი დახმარების კუთხითაც. კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკას, საერთაშორისო დახმარება ეკონომიკური კრიზისის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რამდენიმე დღის წინ, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ საქართველო 1.1 მილიონ დოლარს მიიღებს, რათა ჯანდაცვის სფეროს დახმარება გაუწიოს. საელჩოს განცხადებით, დახმარება გაეწევა ლაბორატორიული სისტემების მომზადებას, ეპიდემიოლოგიურ გამოკვლევებს და მეთვალყურეობას, ასევე ტექნიკურ ექსპერტთა დახმარებას, მათ მომზადებას და ინფორმაციის გაცვლას.

ამასთან, თბილისში, შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ ამერიკული მხარე ეხმარება ქართველ სამედიცინო პერსონალს, რათა კოვიდ-19-ის გამოწვევას გაუმკლავდნენ. საელჩოს ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ, აშშ-ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს დახმარებით, გადაამზადა და აღჭურვა საქართველოს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების ჯგუფები. საელჩოს თქმით, ეს ჯგუფები ახლა მარნეულში მუშაობენ.

კოვიდ-19 და საერთაშორისო დახმარება

ამ დროისთვის, აშშ-ს ბიუჯეტით, საქართველოს 2020 საბიუჯეტო წლის განმავლობაში, არასამხედრო მიზნებისთვის 89,8 მილიონის დახმარებაა გათვალისწინებული (სამხედრო დახმარებასთან ერთად სულ 132 მილიონი). ჯერჯერობით უცნობია, მოხდება, თუ არა ამ თანხის მიმართვა კორონავირუსის ეფექტის შესამცირებლად და განიხილება თუ არა რაიმე დამატებითი დახმარება ვაშინგტონის მხრიდან.

საქართველოს დახმარებას ჰპირდება ასევე ევროკავშირიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სოლიდარობის პაკეტის ფარგლებში, საქართველო 70 მილიონი ევროს მიიღებს კოვიდ-19-ის ეკონომიკური ეფექტის შესასუსტებლად და საგანგებო დახმარების სახით 20 მილიონი გამოიყოფა კორონავირუსთან საბრძოლველად. ამასთან, ევროკომისიის განცხადებით, საქართველოს ექნება წვდომა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილ 30 მილიონი ევროს ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობასა და მოწყობილობებზე, როგორიცაა ნიღბები, ხალათები, სასუნთქი აპარატები და ა.შ.

„ეს ძალიან რთული დროა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ასევე ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, როგორიცაა საქართველო. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია ადამიანების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე კორონავირუსის დაავადებით გამოწვეული დარტყმის შესარბილებლად“, - განაცხადა ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ.

ევროკავშირის და შეერთებული შტატების გარდა, საქართველოს დახმარება აღუთქვა ასევე მსოფლიო ბანკმა. ბანკმა საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარებისთვის“ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. პროექტის მიზანია დაეხმაროს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას „ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან სფეროებში." ის ასევე დაეხმარება საქართველოს შეამსუბუქოს COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენა.

"უკეთესი ეკონომიკური მართვა და გაუმჯობესებული კონკურენტუნარიანობა ეკონომიკის გაძლიერებაში დაეხმარება საქართველოს, გააუმჯობესებს ცხოვრების სტანდარტებს და დააჩქარებს სწრაფ გაჯანსაღებას პანდემიის დასრულებისთანავე",- განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მნიშვნელოვანი ზარალი

2008 წელს შეერთებულმა შტატების მიერ საქართველოსთვის დაუყოვნებლად გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარიდან, 250 მილიონი პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება იყო, ხოლო 100 მილიონი გაიცა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ ეგიდით. სხვადასხვა დონორებისგან ბიუჯეტისთვის გაწეულმა დახმარებამ მაშინ 678 მილიონი მიაღწია. ხოლო ომის შემდგომ, საერთო დახმარების დაპირებამ სხვადასხვა წყაროებიდან, (მათ შორის ევროკავშირის მიერ დაპირებული 500 მილიონი) დაახლოებით 3-4 მილიარდი დოლარი შეადგინა. თუმცა, აღსანიშნავია რომ გადაუდებელ დახმარებას კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად.

კორონავირუსის პანდემია, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორთან ერთად, რომლებიც ამ დროისთვის შეჩერებულია, მნიშვნელოვან ზარალს მოუტანს ასევე ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ კომპანიებს. ტურიზმის ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია (მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მეხუთედი). 2019 წელს ტურიზმის წილი საქართვლოს ეკონომიკაში დააახლოებით 3.3 მილიარდი დოლარი იყო.

გასულ წელს, ივნისის მოვლენების შემდეგ, რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს მიუხედავად, ქვეყანას 5 მილიონი ტურისტი ესტუმრა. ტურისტებთან ერთად, სულ 2020 წელს ქვეყანას 9.3 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 7.1%-ით მეტია და რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

კოვიდ 19-ის გამო დაწესებული შეზღუდვები, ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, და ასევე ცალკეული ადამიანისთვის, რომლებიც ტურიზმის ინდუსტრიაში არიან ჩართული, მნიშვნელოვან დანაკარგებს ნიშნავს.

კრიზისის გადაჭრის გეგმა

2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, კორონავირუსის გარცელებამდე, 4.5 პროცენტს შეადგენდა - თუმცა განვითარებული მოვლენები ამ მოლოდინს მნიშველოვნად ცვლის.

საქართველოს მთავრობა ცდილობს ოპტიმიზმის შენარჩუნებას. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობა ტურიზმის სექტორში ჩართულ ბიზნესებს ერთი მილიარდი ლარის შეღავათებს და დახმარებას სთავაზობს. პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ ტურიზმის სექტორი მთავრობის კრიზისული გეგმის ცენტრალური ნაწილია.

ამავდროულად, ოპოზიცია და ოპონენტები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, კორონავირუსის ნეგატიური ეფექტის შესამცირებლად რეგულაციები გააუქმოს და გადასახადები შეამციროს. ასევე, აქტიურად ესაუბროს დასავლელ პარტნიორებს და საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებს, ეკონომიკური დახმარების მისაღებად.

ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებასთან ერთად და საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან ერთად, განსხვავდება პროგნოზები იმის თაობაზე, გამოიწვევს თუ არა პანდემია ეკონომიკურ რეცესიას და რამდენად მოახერხებს თბილისი მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებას.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG