ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფორდის კლასის პირველი ავიამზიდი


"ჯეროლდ ფორდი" თითქმის 13 მილიარდი დაჯდა და ახალ ფურცელს შლის საზღვაო საბრძოლო საქმეში

ბმული
ყოფილი პრეზიდენტი ჯერალდ ფორდის ქალიშვილმა, სუზან ფორდ ბეილსმა 100,000 ტონიან ხომალდს სახელი ოფიციალურად დაარქვა. ავიამზიდი "ჯეროლდ ფორდი" თითქმის 13 მილიარდი დაჯდა და ოფიციალური პირების თქმით, ახალ ფურცელს შლის საზღვაო საბრძოლო საქმეში.

ფორდის კლასის ამ პირველ ავიამზიდზე მუშები ამონტაჟებენ კაბელების საბოლოო, 3 მილიონი მეტრი საერთო სიგრძის რიგს.

ძველი ავიამზიდებისგან განსხვავებით, რომელთა მუშაობაც ორთქლზე იყო დამოკიდებული, ახალი ხომალდი მთლიანად ელექტრომაგნიტურ ენერგიას გამოიყენებს.

პროექტის მენეჯერმა როლფ ბარჩიმ ამერიკის ხმას დაათვალიერებინა ხომალდი და აუხსნა, რომ ხომალდის ყველაზე ღირსშესანიშნავი თავისებურებაა ორთქლის ნაცვლად მისი დამოკიდებულება ელექტრომაგნიტურ ენერგიაზე, რაც ეხმარება უფრო ზუსტად და რბილად გაუშვას და მიიღოს თვითმფრინავები გემბანის საფრენ ზოლზე.

„ეს სისტემა ბევრად უფრო მოქნილია და ვფიქრობ ამის გამო ხომალდის სამსახურის ხანგრძლივობა ბევრად უფრო გაიზრდება ადრინდელთან შედარებით და ამავე დროს საშუალებას მოგვცემს ბევრი სხვადასხვა ტიპის საფრენი აპარატი მივიღოთ ხომალდზე,“ აცხადებს ბარჩი.

გემბანი შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც მცურავი ბაზა უპილოტო საფრენი აპარატებისთვის. ისეთი აპარატებისთვის, როგორიც სულ ახლახან გამოსცადეს.

ეს განსაკუთრებით სასარგებლოა იმ დროს, როცა სულ უფრო ცოტა ქვეყანა აძლევს შეერთებულ შტატებს უფლებას გამოიყენოს მათი ტერიტორია სამხედრო თვითმფრინავების და უპილოტო საფრენი აპარატების დასაშვებად.

შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტის კონტრ-ადმირალი თომას მური ახალი ავიამზიდის მშენებლობაზე არის პასუხისმგებელი. მისი თქმით:

„ახალი ავიამზიდი არა მხოლოდ უზრუნველჰყოფს ჩვენს სამხედრო ყოფნას, რაც გვჭირდება სრული მასშტაბის საომარი მოქმედებების საწარმოებლად, მას ასევე შეუძლია მთელს მსოფლიოში იმოძრაოს ოკეანის თავისუფალ სივრცეებში. იმის გამო, რომ ბორტზე სხვადასხვა სახის უპილოტო საფრენი აპარატების მიღება შეუძლია, ასიმეტრიული ბრძოლის თვალსაზრისით ნამდვილი უპირატესობა გააჩნია.“

ხომალდი საბრძოლო მანქანაა, მაგრამ მას რბილი მხარეც გააჩნია და შეიძლება სწრაფად გადაკეთდეს ჰუმანიტარული მისიების შესასრულებლად.

აღჭურვილობის დიდი ნაწილი ქანჩებით არის დამაგრებული და არ არის შედუღებული. კაბელები უკვე დამონტაჟებულია ისე, რომ შეიძლება კომპონენტების უბრალოდ მიერთება და ყველაფერი მზადყოფნაში იქნება.

თომ კულენი ხომალდის მშენებლობის დირექტორია:

„თუ თქვენ გსურთ ჰუმანიტარულ მისიაში ჩაერთოთ და აქ გჭირდებათ მეტი სივრცე მაგიდებით, კომპიუტერებით, თვალსადევნებელი ეკრანებით, შეგიძლიათ ეს ყველაფერი ადვილად მოიტანოთ და ეს ადგილი სულ რამდენიმე დღეში გადააერთოთ თქვენს კაბელებზე.“

ეს ყველაფერი არის ჩატეული უფრო მომცრო ზომაში და ფასში. ხომალდს ახლანდელ ავიამზიდებთან შედარებით დასჭირდება 1200 ადამიანით ნაკლები ეკიპაჟი, რაც სამხედრო ფლოტს მილიარდობით დოლარს დაუზოგავს.
XS
SM
MD
LG