ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რონ დესანტისმა დემოკრატი არჩეული პროკურორი თანამდებობიდან გაათავისუფლა


ფლორიდის გუბერნატორმა რონ დესანტისმა, ორანჯის და ოსიოლას საგრაფოების წამყვან პროკურორს, კრიმინალის მიმართ „რბილი“ მიდგომის გამო, უფლებამოსილება შეუჩერა. ეს უკვე მეორე არჩეული დემოკრატი სამართალდამცავი ოფიციალური პირია, რომელიც რესპუბლიკელმა დესანტისმა გადააყენა.

დესანტისის მიერ გამოცემული აღმასრულებელი ბრძანების მიხედვით, მონიქ უორელს, ორანჯის საგრაფოს მოსამართლე ენდრიუ ბეინი ჩაანაცვლებს, რომელიც გუბერნატორმა ამ თანამდებობაზე 2020 წელს დანიშნა.

"უორელის მიდგომა და პოლიტიკა ძალიან ხშირად აძლევდა საშუალებას მოძალადე კრიმინალებს, რომ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე სრული პასუხისმგებლობა თავიდან აეცილებინათ," განაცხადა დესანტისმა.

თავად ყოფილმა პროკურორმა კი ქვა, რომ ფლორიდის შტატის გუბერნატორის გადაწყვეტილება "დემოკრატიაზე თავდასხმაა" და რომ მისი იურისტები ამ საქმეზე იმუშავებენ.

"ყველა, იქნება ეს დემოკრატი, რესპუბლიკელი, დამოუკიდებელი თუ სხვა, შეშფოთებული უნდა იყოს იმით, რომ აქ, ფლორიდაში, ერთ ადამიანს შეუძლია კანინიერად არჩეული თანამდებობის პირების გადაყენება იმის გამო, რომ ისინი მას პოლიტიკურად არ ეთანხმებიან," განაცხადა უორელმა.

უორელი უკვე მეორე დემოკრატია, ვინც დესანტისმა სამსახურიდან გაუშვა. პირველი ასევე დემოკრატი, ჰილსბოროს საგრაფოს პროკურორი ენდრიუ უორენი იყო, რომელმაც პირობა დადო, რომ სისხლის სამართლის ბრალს არ წაუყენებდა მათ, ვინც აბორტის გაკეთებას ეცდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფლორიდაში ახლა უკანონოა.

XS
SM
MD
LG