ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირველ ქალ სპიკერს მუშაობის დაწყება რთული გამოწვევების ფონზე მოუწია


ნენსი პელოსი, რომელიც გუშინ ამერიკის წარმომადგენელთა პალატის პირველი ქალი სპიკერი უკვე მეორედ გახდა, ფიცის დადებისთანავე სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ამერიკის მთავრობა თითქმის ორი კვირაა ნაწილობრივ დახურულია და 800 ათასამდე ფედერალური მთავრობის თანამშრომელი ხელფასს არ იღებს.

პელოსის ლიდერობით, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა გუშინ საღამოსვე უყარეს კენჭი და მიიღეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 6 კანონპროექტი. ეს ნაბიჯი დახურული მთავრობის 30 სექტემბრამდე დაფინანსების და მისი ამუშავებისთვისაა განსაზღვრული.

ერთ-ერთი კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მოთხოვნილ საზღვრის უსაფრთხოების საკითხს ეხება, რომელიც თავიდანვე ბიუჯეტის დამტკიცების საქმეში, დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის მთავარ წყალგამყოფად და მთავრობის დახურვის ერთ-ერთ ძირითად მიზეზად იქცა. სენატის დემოკრატების შეთავაზებით, ამ ნაწილს, კერძოდ - ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აგებას - 8 თებერვლამდე შეერთებული შტატების შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი მიხედავს.

ახლადმიღებული კანონპროექტები ჯერ სენატმა უნდა განიხილოს, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ. სენატში დამტკიცების შემთხვევაში, კანონად ქცევამდე, მას ხელი პრეზიდენტმა ტრამპმაც უნდა მოაწეროს.

ნენსი პელოსი სხვა წამყვან კანონმდებლებთან ერთად, თეთრ სახლში მოსალაპარაკებლად პრეზიდენტ ტრამპს ხვდება. თეთრი სახლის ინფორმაციით, მოლაპარაკება დღეს შუადღეზე, ე.წ. სიტუაციის ოთახში, 11:30-ზეა ჩანიშნული. ამ ოთახში, როგორც წესი, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო შეხვედრები იმართება და პრესა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დაშვებული არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG