შვეიცარია ადასტურებს ფიფას ერთ-ერთი ხელმძღვანელის ამერიკაში ექსტრადირების ფაქტს. დღეს შვეიცარიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ფიფას კორუფციის სკანდალთან დაკავშირებით დაპატიმრებული 7 ადამიანიდან ერთი შეერთებულ შტატებს გადასცეს. ექსტრადირებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობი რჩება. ოფიციალური ინფორმაციით, გასულ კვირას დაპატიმრებულთაგან ერთ-ერთმა ამერიკაში გამგზავრებაზე თანხმობა განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატები „ფიფასთან“ დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების გამო შვეიცარიიდან 7 ოფიციალური პირის ექსტრადირებას ითხოვდა. შვეიცარიის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, საუბარია ციურიხში მაისში დაპატიმრებულ პირებზე, რომლებიც ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილი. ამერიკა ბრალს ფიფას 9 ოფიციალურ პირს და 5 კორპორატიულ მაღალჩინოსანს უყენებს. ბრალდებებს შორისაა: ფულის გამოძალვა, ყალბი გადარიცხვები და ფულის გათეთრება.