ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ძუძუთი კვების კიდევ ერთი უპირატესობა


რაც უფრო დიდხანს იღებენ პატარები დედის რძეს, მით უფრო მაღალია მათი ინტელექტის კოეფიციენტის მაჩვენებელი

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:14 0:00
ბმული

მეცნიერები დიდი ხანია ამტკიცებენ, რომ ახალშობილისთვის დედის რძით კვებას, ხელოვნურ საკვებთან შედარებით უდიდესი უპირატესობა აქვს. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ ბევრ სხვა უპირატესობასთან ერთად, ბუნებრივი კვების დროს ახალშობილებში მცირდება რესპირატორული და მრავალი სხვა ინფექციის გავრცელების რისკი, ჭარბწონიანობა, მე-2 ტიპის დიაბეტი და ზოგადად სიკვდილიანობის მაჩვენებელიც კი. რაც შეეხება დედებს, ძუძუთი კვება მათში დეპრესიის, მკერდის და საშვილოსნოს კიბოს რისკებს ამცირებს.

ძუძუთი კვების უპირატესობებს შორის ერთი, აქამდე უცნობი ფაქტორი გაჩნდა. მასაჩუსეტის შტატის ბავშვთა საავადმყოფოს მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რაც უფრო დიდხანს იკვებება ახალშობილი დედის რძით, მით უფრო მაღალია მისი ინტელექტის კოეფიციენტის მაჩვენებელი ზრდის განმავლობაში. მეცნიერები ხანგრძლივ დაკვირვებას 1300 ბავშვზე აწარმოებდნენ და მათ პეროდულად სტანდარტიზირებულ ტესტებს უტარებდნენ.

უკვე 3 წლის ასაკში მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ბავშვებს, რომლებიც ბუნებრივი კვების პირობებში გაიზარდნენ, უკეთ ესმოდათ უფროსების, ვიდრე მათ, ვინც ხელოვნურად იკვებებოდა. მკვლევარი მენდი ბრაუნ ბელფორტი ამბობს, რომ განსხვავება ამ ასაკში საშუალოდ 2.5 პროცენტს შეადგენდა.

„7 წლის ასაკში ინტელექტის კოეფიციენტის მაჩვენებლებს რომ შევხედეთ, ეფექტი კიდევ უფრო ძლიერი აღმოჩნდა. თანაც პირდაპირპროპორციულად - საშუალოდ, პროცენტის მესამედით მატულობდა. ანუ, ძუძუთი კვების თითოეული დამატებითი თვე მის ინტელექტის კოეფიციენტის მაჩვენებელს პროცენტის მესამედით ზრდიდა“ - აღნიშნავს მკვლევარი.

მენდი ბრაუნ ბელფორტი ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფოში ექიმ ნეონატოლოგად მუშაობს. ის ჰარვარდის სამედიცინო კოლეჯში პედიატრიის პროფესორიცაა. მისი თქმით, ინტელექტის კოეფიციენტის განმსაზღვრელ ფაქტორებს მოგვიანებით მეხსიერება და სწრაფი ათვისების უნარიც ემატება.

თავად მეძუძური დედის სწორ კვებასთან დაკავშირებულ რამდენიმე სხვა აღმოჩენას შორისაა ზღვის პროდუქტის მიღების უპირატესობაც. როგორც ირკვევა, იმ მშობლის ბავშვებს, რომლებიც კვირაში ორჯერ ან მეტად თევზეულით იკვებებოდნენ, უკეთესი მხედველობითი ორიენტაციის უნარი ჰქონდათ.

პროფესორი ბელფორტი ამბობს, რომ ახალშობილის დედის რძით კვებას და ინტელექტის კოეფიციენტის მაჩვენებელს შორის პოზიტიური კორელაციის მიუხედავად, გაურკვეველი რჩება, თუ კონკრეტულად რა განაპირობებს ბავშვების გონებრივი განვითარების ზრდას: „შესაძლოა ეს იყოს დედის რძის ნუტრიენტები ან ნივთიერებები, რომელიც გონებრივი განვითარების სტიმულირებას ახდენს. მათ ჯერჯერობით ვერ მივაკვლიეთ, რათა ბავშვთა ხელოვნური საკვების ფორმულას დავამატოთ“ - აღნიშნავს მკვლევარი. მისი თქმით, სავსებით დასაშვებია, რომ ბავშვის გონებრივი შესაძლებლობების ზრდაზე ისეთი, ერთი შეხედვით მარტივი ფაქტორიც მოქმედებდეს, როგორიცაა დედის შვილთან მეტი ფიზიკური სიახლოვე, რაც დამატებით სამეცნიერო შესწავლას საჭიროებს.

კვლევის დეტალურად გაცნობა შესაძლებელია ჟურნალში „პედიატრია“ (Pediatrics)
XS
SM
MD
LG