ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 მილიონზე მეტი ამერიკელის აცრა იგეგმება დეკემბერში


სტივენ ჰანი, შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA) ფიქრობს, რომ დეკემბრის დასაწყისში, "ფაიზერის" კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცების შემთხვევაში, მისი დისტრიბუცია ძალიან მალე დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ წელსვე, შეიძლება 20 მილიონი ამერიკელის აცრა მოესწროს - ამბობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სტივენ ჰანი.

საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში მთავარი მარეგულირებელია, რომელიც ახალ წამლებთან და საკვებ პროდუქტებთან ერთად, ვაქცინებსაც არეგულირებს. სტივენ ჰანი არ აკონკრეტებს, თუ ზუსტად როდის შეიძლება დამტკიცდეს ამერიკული "ფაიზერის" და გერმანული "ბიონტექის" ერთობლივი ვაქცინა. თუმცა აცხადებს, რომ დისტრიბუციისთვის ინფრასტრუქტურა დიდი ხანია მზად არის.

ამ ორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების გადასამოწმებლად, ადმინისტრაციის დამოუკიდებელი ექსპერტები პირველ შეხვედრას 10 დეკემბერს გეგმავენ. პროცესი შეიძლება რამდენიმე დღე, ან რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

სტივენ ჰანის თქმით, ვაქცინის თაობაზე ის ინტენსიურად კონტაქტობს თეთრ სახლის ადმინისტრაციასთან. საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მას ჯერ არ უსაუბრია. თუმცა, იმასაც განმარტავს, რომ დისკუსიებს ვაქცინების დისტრიბუციაზე ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დეპარტამენტი (HHS) აწარმოებს, რომლის ქოლგის ქვეშაც საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია (FDA), ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტები (NIH), თუ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრები (CDC) ერთიანდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG