ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაუჩი: ნაადრევი გახსნა პანდემიის მრავალჯერადი აფეთქების რისკს ქმნის


ენტონი ფაუჩი

ექიმი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ დღეს დანიშნულ კონგრესის მოსმენაზე, ის ისაუბრებს ქვეყნის ეკონომიკის ნაჩქარევად გახსნის საფრთხეებზე. თეთრი სახლის მთავარი ექსპერტი კოვიდ-19-თან ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორია.

თუ ქვეყანა არ მიჰყვება თეთრი სახლის მიერ რეკომენდებულ, ეკონომიკის განახლების სამფაზიან გეგმას, "მაშინ დავდგებით [კოვიდ-19-ის] მრავლობითი აფეთქების საფრთხის წინაშე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ფაუჩის თქმით, ეს იქნება მისი მთავარი გზავნილი ამერიკელი კანონმდებლებისადმი.

ჯანდაცვის წამყვანმა ექსპერტმა კონგრესში დანიშნულ მოსმენამდე ინტერვიუ მისცა "ნიუ-იორკ თაიმსს". ჟურნალისტებს მან უთხრა, რომ "ეს არამარტო უმიზნო ტანჯვას და სიკვდილს გამოიწვევს, არამედ ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზაზე, კიდევ უფრო უკან გადაგვწევს".

ჯანდაცვის ოფიციალური პირები უკვე რამდენიმე კვირაა აფრთხილებენ პოლიტიკოსებს, რომ კარანტინის შეზღუდვების შემსუბუქება და ეკონომიკის ამუშავება ეტაპობრივად უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიზნესების სწრაფად გახსნა გამოიწვევს კოვიდ-19-ით ინფიცირების და სიკვდილიანობის ზრდას. შესაბამისად, ეს მოიტანს პანდემიის ახალ აფეთქებას. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი არამარტო ჯანდაცვას, არამედ ისევ ქვეყნის ეკონომიკას ავნებს.

თეთრი სახლის მიერ ამერიკის შტატებისთვის შეთავაზებული რეკომენდაციები ჯანდაცვის ოფიციალური პირების გეგმას ეყრდნობა. გეგმის მიხედვით, შეზღუდვების შემსუბუქების ერთ-ერთი პირველი და მთავარი წინაპირობა, ინფიცირებულთა რაოდენობის კლების ტრაექტორია და ძლიერი სისტემების შექმნაა, რომელიც ინფიცირებულთა შესაძლო კონტაქტების მონიტორინგს წარმართავს.

ექიმ ფაუჩის გარდა, კონგრესის მოსმენებზე ჯანდაცვის სხვა ოფიციალური პირებიც არიან დაბარებულები. მათ შორის: ექიმი რობერტ რედფილდი - შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი; ექიმი სტივენ ჰანი - აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასევე ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები.

ფაუჩი, რედფილდი და ჰანი ამჟამად თვითიზოლაციაში არიან და მოსმენებს დისტანციურად დაესწრებიან. თეთრი სახლის თანამშრომელთა ერთი ნაწილი 14-დღიან კარანტინში გადავიდა, მას შემდეგ, რაც იქ მომუშავე ორ ადამიანს, ახალი კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა.

კონგრესში დღეს სხდომას სენატის ჯანდაცვის, განათლების, მშრომელთა და პენსიების კომიტეტი წარმართავს. მოსმენების სახელწოდებაა: სამუშაოზე და სკოლებში უსაფრთხოდ დაბრუნება.

ბოლო მონაცემებით, ამერიკაში 1 386 514 ადამიანია ინფიცირებული. კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაიცვალა 81 812 ამერიკელი და გამოჯანმრთელდა 262 225. ყველაზე რთული ვითარებაა ნიუ-იორკის შტატში, სადაც ინფიცირებულია 348 151 და გარდაცვლილია 27 003 ადამიანი.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG