ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2012 წელს 82 ჟურნალისტი დაიღუპა


ჟურნალისტთა უსაფრთხოება მთელ მსოფლიოში კრიტიკულ საკითხად რჩება

ვაშინგტონში მდებარე ახალი ამბების მუზეუმში, რომელსაც ნიუზეუმს უწოდებენ, გასულ წელს დაღუპული ჟურნალისტების სახელებს აცხადებენ. ისინი ცდილობდნენ თავიანთი აუდიტორიისთვის ახალი ამბები ეუწყებინათ. ჟურნალისტები სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. ნიუზეუმმა მათ მემორიალს წელს 82 ახალი სახელი დაამატა.

ფოტოჟურნალისტ ახმედ ალ-სამადს ბაჰრეინში ანტი-სამთავრობო მიტინგის გადაღების დროს ესროლეს. მამამისს ახმედის განუყრელი კამერა უჭირავს. მისი თქმით, ჟურნალისტის მკვლელობისთვის ბაჰრეინში არავინ დასჯილა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ სამართალი ყველა ამ ჟურნალისტისთვის აღსრულდება. არამარტო წელს დაღუპულებს ვგულისხმობ, არამედ ნებისმიერ მათგანს“ - ამბობს დაღუპული ჟურნალისტის მამა, ისმაილ აბდულ-სამადი.

მემორიალზე 2 200 ჟურნალისტის გვერდით „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის, მუქარამ ხან ატიფის სახელიცაა. ის პაკისტანის მეჩეთში მოკლეს. მედიის წარმომადგენელთა უმრავლესობა ისეთ ქვეყნებში დაიღუპა, რომლებშიც ან ომია, ან სიტყვის თავისუფლებას ებრძვიან.
გასულ წელს ყველაზე მსხვერპლიანი სირია იყო, იქ 29 ჟურნალისტი მოკლეს.

„ენ-ბი-სის“ კორესპონდენტი რიჩარდ ენგელი გადამღებ ჯგუფთან ერთად სირიაში გაიტაცეს. მათი დაბრუნება მხოლოდ 5 დღის შემდეგ მოხერხდა.

ერთიდაიმავე ქვეყანაში, ამ შემთხვევაში სირიაში, ზოგ ტერიტორიას ერთი ჯგუფი აკონტროლებს, ზოგს - მეორე. დედაქალაქი ისევ ძველი ხელისუფლების ხელშია. პოლიტიკურ ქაოსში მანევრირება ისე გიწევს, რომ დანამდვილებით არასოდეს იცი, ვის უნდა ენდო, ვის შეუძლია საბოლოო ჯამში შენი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ვის - არა. სამწუხაროდ, სირიაში დაღუპული ბევრი ჟურნალისტის სახელი გაისად ამ მემორიალზე ისევ მოხვდება“ - აღნიშნავს ტელეკომპანია „ენ-ბი-სის“ კორესპონდენტი.

გასულ წელს სირიის შემდეგ ყველაზე მეტი, 12 ჟურნალისტი სომალიში დაიღუპა. მას ბრაზილია და პაკისტანი მოსდევს. ჟურნალისტთა აღრიცხვა მემორიალზე 1837 წლიდან იწყება. ჟურნალისტები არა სამუშაო მაგიდასთან, არამედ რეპორტაჟის მზადების დროს დაიღუპნენ. იმ მომენტში ისინი საყვარელ საქმეს მომარჯვებული კამერით, ჩამწერით ან საწერკალმით ასრულებდნენ.
XS
SM
MD
LG