ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფალსიფიცირებული ვისკის კონტროლი


წმიდა ენდრიუს უნივერსიტეტი, რომელიც შოტლანდიაში მდებარეობს ევროპაში ბევრი რამით არის ცნობილი. ჯერ ერთი იქ არის ერთ-ერთი უძველესი გოლფის მოედანი და ზღვის ნაპირზე მდებარე გოლფის კლუბი, რომლის წევრები ისტორიულად დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის წარმომადგენლები იყვნენ. შედარებით ახალგაზრდა ევროპელებმა ეს უნივერსიტეტი იმიტომ იციან, რომ იქ პრინც უილიამმა და ქეით მიდლტონმა სტუდენტობის დროს ერთმანეთი გაიცნეს.

დღეს უნივერსიტეტი ევროპულ მედიაში ნაკლებად რომანტიული, მაგრამ ძალზე პრაქტიკული ახალი საინტერესო აღმოჩენის გამო მოხვდა. შოტლანდიელმა მეცნიერებმა ვისკის ფალსიფიცირების დამდგენი ისეთი მცირე ზომის აპარატი გამოიგონეს, რომ მისი ტარება ჯიბითაც კი შეიძლება.

ერთ-ერთი მათგანი - პრავინ აშოკი ვისკის მინის პატარა ფილაზე აწვეთებს და აპარატის მუშაობის პრინციპს გვიჩვენებს. შემდეგ ვისკის წვეთს ლაზერის სხივის ქვეშ ატარებს. მომენტალურად კომპიუტერის ეკრანი, რომელიც მინასთან არის დაკავშირებული, იძლევა პასუხს, რომ ვისკი ნაღდია. შემდეგ მეცნიერი ვისკის წყალში აზავებს და კვლავ მინაზე აწვეთებს. ანალიზის პასუხი შესაბამისია: სასმელი ფალსიფიცირებულია.

ვისკის წარმოება რამდენიმე მილიარდდოლარიანი ბიზნესია. ცნობილი ბრენდები ძალიან ძვირი ღირს, შესაბამისად მათი ფალსიფიცირებული ანალოგების გაყიდვა მომგებიანია. ინდუსტრიის წარმომადგენელი, კემპბელ ევანსი ამბობს, რომ გაყალბებასთან ბრძოლა არც ისე ადვილი საქმეა.

შოტლანდიური ვისკი მხოლოდ შოტლანდიაში შეიძლება დამზადდეს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მისი იდენტურობა დაცული იყოს. როდესაც ადამიანი ფალსიფიცირებულ შოტლანდიურ ვისკის ყიდულობს, ის მას არ მოსწონს და ამიტომ ჩვენს ნაწარმს აღარასოდეს შეიძენს. საწარმოში 5 იურისტი გვყავს დასაქმებული. მათ იმ ხალხის პოვნა ევალებათ, რომლებიც ჩვენნაირ ბოთლებში ყავისფერ სითხეს ასხამს და მას შოტლანდიურ ვისკად ასაღებს. წარმოიდგინეთ, რომ წლის ნებისმიერ დროს სულ ცოტა 70 სასამართლო პროცესში ვართ ჩართულები, რათა ფალსიფიცირებას ვებრძოლოთ და საკუთარი ნაწარმის ღირსება დავიცვათ“ - ამბობს ბატონი ევანსი.

რა თქმა უნდა ვისკის გაყალბების წინააღმდეგ მხოლოდ ადვოკატები არ მუშაობენ. წმიდა ენდრიუს უნივერსიტეტის მეცნიერი, კიშან დოლაკია ამბობს, რომ მათი სამეცნიერო აღმოჩენა არამარტო ეროვნული პროდუქტის ღირსებას დაიცავს, არამედ მას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაც შეუძლია:

„მიგვაჩნია, რომ ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და უსაფრთხოების პრობლემაც არის. ხალხი ფალსიფიცირებული სასმელით იღუპება. ინდოეთში უამრავი ადამიანი გარდაიცვალა იმ ქიმიური დანამატების გამო, რომელიც ტოქსიკურია და მათ როგორც წესი ფალსიფიცირებულ ალკოჰოლურ სასმელებში ურევენ“ - აცხადებს მეცნიერი.

კიშანი და პრავინი იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია. მასობრივ პროდუქციაში ჩაშვების შემდეგ მათ მიერ გამოგონილი მცირე ზომის დანადგარი არამარტო ვისკის მწარმოებლებს შეუწყობს ხელს და ფალსიფიცირების რაოდენობას შეამცირებს, არამედ ადამიანთა სიცოცხლეებსაც გადაარჩენს.

XS
SM
MD
LG