ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გინდათ გახდეთ ფეისბუქის აქციონერი?


ფეისბუქის აქციებზე ფასი თითქმის განახევრდა და 38 დოლარიდან 20-ზე დავარდა. ანალიტიკოსები აქციონრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

ფეისბუქის აქციების გამოშვება 2012 წელს საფონდო ბირჟებზე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენა იყო. ინვესტორები აქციების გამოსვლას მოუთმენლად ელოდნენ და თავდაპირველი ბუმის დიდი ხნით გაგრძელებას იმედოვნებდნენ. მაგრამ აქცების გამოშვებიდან 3 თვის შემდეგ, იმავე ინვესტორებს აქციების რაც შეიძლება მალე გაყიდვა და თავიდან მოშორება სურთ.

ჯიმ მაკეი “იაჰუ ფაინენსის” წარმომადგენელია:

„კომპანიამ აქციები უბრალოდ შეაგდო ბაზარზე და დაელოდა რა მოხდებოდა. ფასმა 6-7 პროცენტით დაიწია, რაც ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ კომპანიას, მისი აქციებისგან შორს იჭერენ თავს.“

მას შემდეგ, რაც ახალი აქციების გაყიდვებზე დაწესებულ სტანდარტულ სამ თვიან შეზღუდვას ფეისბუქისთვის ვადა გაუვიდა, აქციონრებმა 270 მილიონი აქცია გაყიდეს, რომელსაც აღარვინ ყიდულობს. ამან კი აქციებზე ფასის ვარდნა გამოიწვია და ბაზარზე კომპანიის ფასი 50 მილიარდი დოლარით შეამცირა.
თუმცა 38 დოლართან შედარებით, რაც ფეისბუქის აქციების თავდაპირველი ფასი იყო, სტანდარდ ენდ პურის ანალიტიკოსი სკოტ კესლერის განცხადებით, მიმდინარე ფასი ფულის კარგი დაბანდებაა:

„საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ივესტორებისთვის ფეისბუქი მომგებიანი დაბანდების საშუალებას შექმნის. გარდა ამისა, კომპანიის აქციებს მხოლოდ გარე ინვესტორები ყიდიან, ხოლო ისინი, ვინც კომპანიაში მუშაობენ, აქციებს ინარჩუნებენ.“

ფინანსური ანალიტიკოსები რიგით ინვესტორებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ივლისში ფეისბუქმა დანაკარგები აჩვენა, რაც დანახარჯებისა და შემოსავლის ბალანსის დარღვევამ გამოიწვია. ამან კი კომპანიის მომავალში ინვესტორების ნდობა შეარყია - კონკრეტულად კი იმან, თუ როგორ შეძლებს ფეისბუქის მენეჯმენტი რეკლამების მოზიდვას.

მაკეი ამბობს, რომ ყურადღება დიდი ინვესტორების გადაწყვეტილებებს უნდა მივაქციოთ:

„მე არ ვიყიდი ისეთ აქციას, რომლის ყიდვასაც „გოლდმან საქსი“ არ აპირებს. მინდა ისეთი ინვესტიციები დავაბანდო, როგორსაც ისინი აკეთებენ. სწორედ ამიტომაც, ამჯერად ფეისბუქის აქციებზე უარს ვამბობ.“

კესლერი კი ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია მსოფლიოში უდიდეს სოციალურ ქსელზე ნეგატიური პროგნოზის გაკეთება:

„რეალური გათვლებით, კომპანია მომდევნო სამი წლის მანძილზე 25 პროცენტით ყოველწლიურად გაიზრდება.“

ინვესტორებისთვის ყველაფერს მოთხოვნისა და მარაგის ბალანსი წყვეტს. ამიტომ, ჯერ გაურკეველია როგორ მიიღებს ბაზარი ნოემბერში ფეისბუქის მიერ გამოცემულ დამატებით ერთ მილიარდ აქციას.
XS
SM
MD
LG