ლიბიაში, სპილოს ძვლის ნაპირზე და ღაზას სექტორში მიმდინარე კონფლიქტების დროს ამ ბოლო ხანებში განხორციელებული აფეთქებები დიდი რაოდენობით სამოქალაქო მსხვერპლს იწვევს.
ლიბიის მთავრობის მომხრე შეიარაღებულ ძალებსა და აჯანყებულებს შორის მიმდინარე დაპირისპირებები ძირითადად მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში მიმდინარეობს, რაც უდანაშაულო მოსახლეობაში ხშირად ტრაგიკული მსხვერპლით მთავრდება. მარტში სპილოს ძვლის ნაპირის დედაქალაქ აბიჯადის ბაზარში განხორციელებული აფეთქების შედეად 30 ადამიანი დაიღუპა და 60ზე მეტი მძიმედ დაშავდა.
ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგად, მკვეთრად იმატა სამოქალაქო მსხვერპლმა ღაზას სექტორში. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით ბავშვების სიკვდილიანობაზე აისახება.
ესტერ კანი შეიარაღებული ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი ცენტრის კოორდინატორია. მან ახლახან გამოაქვეყნა კვლევა ასაფეთქებელი იარაღი დასახლებულ ადგილებში. კვლევაზე დაყრდნობით ის აცხადებს:
„როდესაც დასახლებული ტერიტორიები იბომბება, მსხვერპლის 90 პროცენტი სამოქალაქოა. უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიჭრა ან დაიღუპა მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების გამო. ამ აფეთქებების ნაწილზე საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია და მათ შესახებ ფართო საზოგადოება იგებს - მაგალითად ავღანეთში, ერაყში და ლიბიაში. მაგრამ ასევე არის უამრავი ქვეყანა, სადაც მსგავსი აფეთქებები ხდება, მაგრამ მსოფლიო საზოგადოება ამის შესახებ ვერაფერს იგებს. მაგალითად აფეთქებები მექსიკაში, ბირმასა და სუდანში.“
ტომას ნაში ასაფეთქებელი იარაღის საერთაშორისო ქსელის კომუნიკაციების კოორდინატორია. მისი თქმით:
„მთავრობებს აკისრიათ პასუხისმგებლობა წინასწარ შეაფასონ ასაფეთქებელი იარაღის გამოყენების გავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე და განსაზღვრონ რამდენად დასაშვებია სავარაუდო მსხვერპლი ან ზარალი.“
ნიკ მარტლიუ ორგანიზაცია „სეივ დი ჩილდრნის“ წარმომადგენელია. როგორც ის აცხადებს, სინამდვილეში შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ბავშვი იღუპება ყოველწლიურად ასაფეთქებელი იარაღის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოყენების შედეგად:
„დასახლებულ ადგილებში ასაფეთქებელი იარაღის გამოყენება ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია. ამ მხრივ ძალიან სამწუხარო შედეგები გვაქვს. ავღანეთიდან იემენამდე, შრი ლანკიდან სომალიმდე ბავშვები ყოველდღიურად ხდებიან აფეთქების მსხვერპლი. ისეთ შემთხვევებშიც კი, თუ ისინი სიკვდილს გადაურჩნენ, მათ საშინელი იარები და გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრამვები რჩებათ.“
მარტლიუს თქმით, აფეთქების შედეგად დაშავების შემთხვევაში შედეგები ბავშვებში გაცილებით მძიმეა ვიდრე ზრდასრულებში:
„ბავშვების სხეული ზრდასრულებთან შედარებით გაცილებით დაუცველია. აფეთქების ტალღა ორგანიზმის კომპლექსურ ზიანს იწვევს და ამ სახის ჭრილობების ან დაზიანებების მორჩენა გაცილებით მტკივნეულია. იმის გამო, რომ ბავშვების ორგანიზმი ჯერ კიდევ იზრდება გამოჯანმრთელების პროცესი მათ შემთხვევაში უფრო ხანგრძლივია. გარდა ამისა, ფიზიკურ დაშავებასთან ერთად, აფეთქების ინციდენტი ბავშვის ფსიქიკაზე უფრო მტკივნეულად აისახება. ის ბავშვები, რომლებსაც აფეთქების შედეგად გარკვეული უნარები უქვეითდებათ, ხშირ შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლი ხდებიან ან ოჯახები მათზე ზრუნვაზე უარს ამბობენ. ბავშვები, რომლებიც ასეთი სახის ძალადობის მსხვერპლი ხდებიან, ხშირად ვეღარ იღებენ სათანადო განათლებას.“
მიუხედავად იმისა, რომ ასაფეთქებელი იარაღის საერთაშორისო ქსელი ახალი ორგანიზაციაა, მისი წევრების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ორგანიზაციაში გაწევრიანების სურვილს განსაკუთრებით ის ვეტერანები გამოხატავენ, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს თუ რა გავლენა აქვს ასაფეთქებელ იარაღს მშვიდობიან მოსახლეობაზე.
რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიური კამპანიის წარმოების შედეგად, ადამიანის უფლებების დამცველმა რამდენიმე საერთაშორისო ორანიზაციამ 1997 წელს მიაღწია იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სახმელეთო ნაღმების გამოყენების აიკრძალვაზე ხელშეკრულება დადო. მსგავსი შეთანხმება იქნა მიღწეული 2008 წელს კასეტური ჭურვების გამოყენებასთან დაკავშირებითაც.
საერთაშორისო ქსელს იმედი აქვს, რომ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მობილიზებას ასაფეთქებელი იარაღის გამოყენებაზეც გაამახვილებს და რამდენიმე წელში იმასაც მიაღწევს, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მათი გამოყენება აიკრძალოს.