ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას წარმოადგენს სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი "კოვიდის" ახალი ვარიანტი - უფრო დაწვრილებით


ამ კვირაში სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი ვერსია B.1.1.529, რომელმაც ქვეყნის ყველაზე ხალხმრავალ პროვინციაში კოვიდ-19-ის ინფექციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია.

ჯერჯერობით ნათელი არ არის ის, თუ ახალი ვარიანტი სინამდვილეში სად წარმოიშვა, მაგრამ ის პირველად სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის ასევე ბელგიაში, ბოტსვანაში, ჰონგ-კონგში და ისრაელში მიმავალ მგზავრებშიც შენიშნეს.

ბოლო კვირებში დადასტურებული ინფექციების უეცარი მკვეთრი ზრდის შესწავლისას, მეცნიერებმა ვირუსის ნიმუშები შეისწავლეს და ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს.

სამხრეთ აფრიკიდან მიღებული მონაცემების შესაფასებლად, პარასკევს ჯანმომ ექსპერტთა ჯგუფი შეკრიბა.

რა არის ახალი ვარიანტით შეშფოთების მიზეზი?

მეცნიერებმა იციან, რომ ახალი ვარიანტი წინა ვარიანტებისგან გენეტიკურად განსხვავდება, თუმცა არ იციან ეს გენეტიკური ცვლილებები მას უფრო გადამდებს, ან უფრო საშიშს თუ ხდის.

სამხრეთ აფრიკელმა მეცნიერებმა შემთხვევების მკვეთრი მატება შენიშნეს, მაგრამ არ იციან, ეს ახალ ვარიანტს თუ უკავშირდება. კვირები დასჭირდება იმის გარკვევას, ვაქცინები მის წინააღმდეგ ეფექტური თუ რჩება. სამხრეთ აფრიკელმა ექსპერტებმა თქვეს, რომ სხვა ვარიანტების მსგავსად, ზოგიერთ ინფიცირებულს არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება.

მეცნიერები ამბობენ, რომ შეუძლებელია მხოლოდ გენეტიკური აღნაგობის საფუძველზე ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ, ვირუსი უფრო საშიში, ან უფრო გადამდები თუ იქნება.

ეს ახალი ვარიანტი როგორ გაჩნდა?

კორონავირუსი გავრცელებასთან ერთად მუტაციებს განიცდის და ბევრი ახალი ვარიანტი, მათ შორის შემაშფოთებელი გენეტიკური ცვლილების მქონე ვარიანტიც, ხშირად უბრალოდ კვდება. მეცნიერები აკვირდებიან მუტაციებს, რომლებსაც შეეძლებოდათ დაავადება უფრო გადამდები ან მომაკვდინებელი გაეხადათ, მაგრამ უბრალოდ ვირუსზე დაკვირვებით ამის დადგენა არ შეუძლიათ.

დაავადების აფეთქებების დროს, დაავადების სტრუქტურა გენეტიკურ მახასიათებლებს უნდა შეადარონ. ნამდვილი კავშირის დადგენას დრო დასჭირდება.

მეცნიერების აზრით, შესაძლოა ეს ვარიანტი განვითარდა რომელიმე პიროვნების ორგანიზმში, რომელიც დაინფიცირდა, მაგრამ ვირუსი ვერ მოიცილა და ამით ვირუსს განვითარების საშუალება მიეცა.

გამართლებულია თუ არა მგზავრობაზე შეზღუდვების დაწესება?

შეიძლება. პარასკევისთვის, გაერთიანებულ სამეფოში სამხრეთ აფრიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ლესოტოდან, ესვატინიდან და ზიმბაბვედან ჩასულებისთვის შეზღუდვა დაწესდა. ჩასვლა მხოლოდ ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეძლებათ. ამასთან, მგზავრებმა 10 დღიანი თვით-კარანტინი უნდა გაიარონ. აფრიკის სამხრეთიდან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა ევროკავშირის ქვეყნებმაც სწრაფად სცადეს. იგივე გადაწყვეტილებას იღებს ამერიკის შეერთებული შტატებიც.

მეცნიერები ამბობენ, რომ თუ ახალი ვარიანტი „დელტა“ ვარიანტზე მეტად ინფექციური აღმოჩნდება, ახალ შეზღუდვებს მცირე შედეგი ექნება, მაგრამ ქვეყნებს გარკვეულ დროს მაინც მისცემს, რომ ვაქცინაციის დონე გაზარდოს და სხვა პრევენციის სხვა შესაძლო ზომები მიიღოს.

რას ნიშნავს "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია?

ჯანმომ შეკრიბა ექსპერტთა ტექნიკური ჯგუფი იმის გადასაწყვეტად, ახალ ვარიანტს „ინტერესის ვარიანტად“ ჩათვალოს თუ “შემაშფოთებელი ვარიანტის“ სტატუსი მიანიჭოს. „ინტერესის ვარიანტებს“, რომელშიც ამჟამად „მიუ“ და „ლამბდა“ ვარიანტებია ჩართული, გააჩნიათ გენეტიკური ცვლილებები, რომელიც გავლენას ახდენს გადადების ხარისხზე და დაავადების სიმძიმეზე. ასევე დადგენილია, რომ ამ ვარიანტებმა მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვანი კლასტერების წარმოქმნა გამოიწვია.

ახალ ვერსიას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ "შეშფოთების ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა. მას სახელად ომიკრონი დაარქვეს.

„შემაშფოთებელი ვარიანტები“, რომელშიც აქამდე მხოლოდ „ალფა“, „ბეტა“ და „დელტა“ ვარიანტები იყო, უფრო ადვილად გადამდები ვირუსებია, უფრო მძიმე ავადმყოფობას იწვევს და არსებულ საშუალებებს, როგორიცაა ვაქცინები, ნაკლებად ეფექტურს ხდის. დღემდე „დელტა“ ვარიანტი კოვიდ-19-ის ყველაზე გადამდებ ფორმად რჩება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG