ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა და კავკასიის რეგიონის უსაფრთხოება


ვაშინგტონში „ჰერითიჯის ფონდში“ კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ეკონონომიკურ შესაძლებლობებსა და პოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრეს. ანალიტიკოსებმა და ექსპერტებმა რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის გეოპოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესების ჭრილში განიხილეს. მთავარ გამოწვევად კი რუსეთი და მის მიერ რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფა დასახელდა.

გაერთიანებული შტაბების უფროსი მრჩეველი და ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი ამბობს, რომ ამერიკის ინტერესი კავკასიის რეგიონის მიმართ არ შემოიფარგლება მხოლოდ ენერგეტიკითა და ეკონომიკური საკითხებით. მისი თქმით, შუა აზიის ხუთ და კავკასიის სამ ქვეყანასთან ერთად ამერიკას ბევრ საკითხზე შეუძლია მუშაობა და თანამშრომლობა, თუნდაც ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. ნორლანდის აზრით, ამერიკაში მიხვდნენ, რომ მთლიანი რეგიონის სტაბილურობა შეერთებული შტატების ინტერესებს პასუხობს.

"ამ რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დაცვა ჩვენს ინტერესებში შედის. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 25 წლის განმავლობაში სწორედ ამას ვაკეთებდით და კვლავაც გავაგრძელებთ. შეერთებული შტატები ყველა ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას აღიარებს", - ამბობს ნორლანდი.

ამერიკის ყოფილი ელჩი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ საზღვრების ცვლილება საერთასორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებაა.

"საზღვრების ძალადობრივი შეცვლა საერთაშორისო კანონმდებლობას არ შეესაბამება და ასეთ ნაბიჯებს არ ვცნობთ. ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ადრე თუ გვიან, მანამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ", - დასძენს რიჩარდ ნორლანდი.

რეგიონში მეზობელი ქვეყნების მსგავს გამოწვევებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერაზე ისაუბრა ამერიკაში აზერბაიჯანის ელჩმაც.

ამერიკული პოლიტიკის წარმმართველებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება მართებთ. ისეთი შეხედულების ქონა, რომ რუსეთს შეუძლია უკანონო ოკუპაციის გაძლიერება და ამაზე პასუხს არ აგებს, ძალიან გულუბრყვილო საგარეო პოლიტიკაა
ლუკ კოფი

"აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ღრმად და მტკიცედ უჭერს მხარს, რა თქმა უნდა უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასაც. ეს ორგანიზაცია “გუამ”-ში ჩვენი პარტნიორობით გამოიხატება. ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი ცალმხრივი ხელყოფა, იქნება ეს ცალმხრივი გამოყოფა თუ ცალმხრივი ოკუპაცია, სავსებით მიუღებელია.“

“საგარეო პოლიტიკის ალისონის ცენტრის” დირექტორის და „ჰერითიჯის“ ფონდის მკვლევარის ლუკ კოფის აზრით კი, შეერთებულმა შტატებმა ისეთი პოლიტიკა უნდა გაატაროს, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობის გაზრდას და ქვეყნების დაცვას გარეშე ჩარევისა და გავლენისაგან.

"რუსეთი “გაყინული კონფლიქტებით” და ოკუპაციით სარგებლობს, იქნება ეს მთიანი ყარაბაღი, სამხრეთ ოსეთი თუ აფხაზეთი, რუსეთმა რეგიონზე ზეწოლის განხორციელება მოახერხა ისე, რომ მოსკოვი სარგებლობს, ყველა სხვა კი ზარალდება", - ამბობს კოფი და დასძენს, რომ “მცოცავ ანექსიასთან” დაკავშირებით დასავლეთის მხრიდან მეტი ყურადღებაა საჭირო:

"ამერიკული პოლიტიკის წარმმართველებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვება მართებთ. ისეთი შეხედულების ქონა, რომ რუსეთს შეუძლია უკანონო ოკუპაციის გაძლიერება და ამაზე პასუხს არ აგებს, ძალიან გულუბრყვილო საგარეო პოლიტიკაა", - განმარტავს ლუკ კოფი.

ლუკ კოფი და სხვა ექსპერტები იმედოვნებენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რეგიონში მეტ აქტიურობას გამოიჩენს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG