მეცნიერები პენტაგონის ერთ-ერთ კერძო ლაბორატორიაში ახალ მედიკამენტზე მუშაობენ, რომელიც ადამიანის უჯრედს არამარტო რადიოაქტიური ნივთიერებებით დასხივებისგან დაიცავს, არამედ სხივური დაავადების შემთხვევაში უმკურნალებს კიდეც. ექსპერიმენტი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ ცხოველებზე ტარდება, წარმატებით მიმდინარეობს.
რამეშ კუმარი, ამერიკული ფარმაკოლოგიური კომპანიის „ონკონოვას“ აღმასრულებელი დირექტორი, ამბობს, რომ ახალი პრეპარატი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის კვლევით ლაბორატორიასთან თანამშრომლობით შეიქმნა და მას „ექს-რადი“ ჰქვია.
„ ექს-რადი“ რადიოაქტიური ნივთიერებებით დაზიანებული უჯრედის ფუნქციებს აღადგენს. მისი მიღება შეიძლება პრევენციის მიზნით დასხივებამდე ერთი დღით ადრე, ან სამკურნალოდ - ერთი დღის შემდეგ“. - აღნიშნავს ბატონი კუმარი.
ამერიკის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციას უკვე დამტკიცებული აქვს რადიაციის რამდენიმე ანტიდოტი. მათ შორისაა კალიუმის იოდიდი. ის ორგანიზმში იმ რადიოაქტიური იოდიდის შეწოვას უშლის ხელს, რომელიც ბირთვული სადგურების გამონაბოლქვშია. მას მომხმარებელი უბრალოდ რადიაციის წამალს უწოდებს. თუკი სხვა ტიპის რადიოაქტიური იზოტოპებით მოხდა დასხივება, როგორიცაა პლუტონიუმი და ცეზიუმი, ამ შემთხვევაში ავადმყოფს რუსული ე. წ. ცისფერი კაფსულით მკურნალობენ, რომელსაც ორგანიზმიდან სწრაფად გამოჰყავს რადიოაქტიური ელემენტები. იაპონიაში ფუკუშიმას რეაქტორზე სწორედ ამ უკანასკნელი რამდენიმე ტიპის მომწამლავი ნივთიერების გაჟონვა მოხდა.
პენტაგონის რადიობიოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის სპიკერის, ენდრიუ ჰაფის, თქმით, შეერთებულ შტატებში დღესდღეობით არ არსებობს სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ დამტკიცებული მედიკამენტი, რომელიც კომპლექსურად რამდენიმე სახის რადიაციულ დასხივებას უმკურნალებს.
“სხივური ავადმყოფობის პირველი ნიშნები ძალიან ჰგავს ძლიერი ვირუსული გრიპის სიმპტომებს. ესენია: თავისტკივილი, დაღლილობა, ცოტა სიცხე. ძლიერი დასხივების შემთხვევაში შესაძლოა პირღებინებაც. მცირე დოზით დასხივების დროს ადამიანი პირველი 24-36 საათი თავს ჩვეულებრივად გრძნობს და დაავადების არანაირი სიმპტომატიკა მას არ აღენიშნება. სინამდვილეში კი მისი ორგანიზმი თანდათან თრომბოციტების და ნეიტროფილების მარაგს კარგავს. სამწუხაროდ ავადმყოფობა მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ იჩენს თავს, ისევე როგორც ეს სხივური თერაპიის დროს ხდება“. - აღნიშნავს ენდრიუ ჰაფი.
მისი თქმით, სამეცნიერო კვლევა რადიოაქტიური ნივთიერებებით დასხივების მკურნალობის მეთოდოლოგიაში ქვეყანაში თანდათან უფრო ინტენსიური ხდება. ახალ პრეპარატზე, „ექს-რადზე“ , მუშაობაც სახელმწიფოს სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის მეურვეობით ხდება. სამეცნიერო სამუშაო ჯერ კიდევ 2008 წელს დაიწყო. პრეპარატს აფთიაქებში დაახლოებით ორ წელიწადში უნდა ველოდეთ. „ექს-რადის“ მიღება შეიძლება როგორც ტაბლეტების, ასევე ინექციის საშუალებით და იგი პროფილაქტიკური მიზნებითაც იქნება გამოყენებული.
ჯერჯერობით კი ამერიკის სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ინტერნეტში ფართოდ გავრცელებულ რადიაციის წამლებს, რომლებიც „ჯადოსნურ“ განკურნებას პირდებიან მომხმარებელს.