ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიახლეები ევროკავშირში


ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ევროკავშირი გაფართოებაზე ზრუნვას აგრძელებს

ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება. ესპანეთში და საბერძნეთში უმუშევრობის მაჩვენებელი 25 წლამდე ახალგაზრდებში 50 პროცენტს აჭარბებს. პორტუგალიაში ანგოლის და ბრაზილიის საელჩოებთან ყოველ დილით გრძელი რიგებია. ქვეყნის ყოფილი კოლონიის მოქალაქეები სამუშაოს ძებნაში არიან. ეს პროცესები ძალზე უსამართლოდ, დაღმავალი სპირალის მიმართულებით ვითარდება - ამბობს ჯონ სპრინფორდი ევროპის რეფორმირების პოლიტიკური ცენტრიდან.

„როცა ადამიანი დიდი ხნით უმუშევარი რჩება, ის სამსახურისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს კარგავს. ინიციატივაც ქრება. სოციალური პრობლემები ალკოჰოლის ან ნარკოტიკისკენ უბიძგებს და რაც დრო გადის, მათი დასაქმების პრობლემა მით უფრო რთულდება“ - აღნიშნავს ჯონ სპრინფორდი.

ივნისის ბოლოს ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, რათა უმუშევრობის პრობლემებზე ემსჯელათ. ორგანიზაციის ლიდერები განსაკუთრებით არიან შეშფოთებული ახალგაზრდა თაობის დასაქმების პრობლემით. 28 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნები 7.8 მილიარდიანი ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც მომდევნო ორი წლის მანძილზე ახალგაზრდების უმუშევრობის პრობლემის გადაჭრას შეეცდება.

„ვიცით, რომ რეფორმებს დრო სჭირდება და შედეგს უცებ ვერ მივიღებთ. თუმცა, კონცენტრირებას ისეთ პროგრამებზეც ვახდენთ, რომელთაც სიტუაციაზე სწრაფი ზემოქმედების უნარი გააჩნია. კერძოდ, ვეხმარებით კრედიტებით მცირე და საშუალო ბიზნესებს“ - აცხადებს ჰერმან ვან რომპოი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი.

ევროპაში დაახლოებით 5 600 000 დაუსაქმებელი ახალგაზრდაა. მათ დასაქმებას რამდენიმე მილიარდი, რა თქმა უნდა, არ ეყოფა, ამბობს ეკონომისტი ჯონ სპრინგფორდი.

„საქმე გვაქვს თითოეულ ადამიანზე დაახლოებით 1 000 ევროსთან. როგორც წესი, როცა ზოგადად უმუშევრობაზეა ლაპარაკი, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ის უფრო ახალგაზრდების მდგომარეობაზე აისახება და მათთვის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. ასეთ პრობლემებს უფრო მაკროეკონომიკური პოლიტიკით ჭირდება მიდგომა და არა მცდარი მიკროეკონომიკური ნაბიჯებით“ - აღნიშნავს ევროპის რეფორმირების პოლიტიკური ცენტრის წარმომადგენელი.

ევროკავშირის კომისრები ივნისის ბოლო კვირას წარმატებულად მიიჩნევენ. ბლოკის წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარე რამდენიმეთვიანი საბიუჯეტო განხილვები როგორც იქნა დასრულდა და ევროკავშირი შემდეგი 7 წლის ბიუჯეტზე შეთანხმდა. ამასთან, ეკონომიკური პრობლემების მიუხედავად, ბლოკი გაფართოებაზე ზრუნვას აგრძელებს. 1 ივლისს ევროკავშირმა ახალი წევრი, ხორვატია ოფიციალურად მიიღო. 28 ივნისს წევრი ქვეყნების ლიდერები ახალი წევრის, სერბეთის 2014 წლის იანვრამდე მიღებაზე შეთანხმდნენ. გაფართოების ნაბიჯებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროსო მხურვალედ მიესალმა.

ეს ისტორიული მოვლენაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა ხდებოდა ევროპის ამ ნაწილში არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ყველაზე დიდი ძალადობით აღნიშნულ იმ საშინელ წლებში. და ახლა მოლაპარაკებებს სერბეთთანაც დავიწყებთ“ - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

სერბეთის გაწევრიანების დაჩქარებაში დიდი როლი ითამაშა ახალი მთავრობის მხრიდან თანამშრომლობის სურვილმა, ამბობს ჯეიმს კერ-ლინდსი ლონდონის ეკონომიკის ინსტიტუტიდან.

„სერბეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ახალი ხელისუფლება მოვიდა, უდიდესი ტრანსფორმაცია მოხდა. ბევრს ეს უკან გადადგმულ ნაბიჯად მიაჩნდა, რადგან მთავრობის წევრებს ნაციონალისტების რეპუტაცია ჰქონდათ. ფაქტია, რომ ახალმა ხელისუფლებამ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ყველაზე ფასეული კოსოვოსთან მიმართებაში, რაც 2008 წლის, კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, ძალზე მგრძნობიარე თემად ითვლებოდა“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ამასობაში ფორმალური თანხმობა მიიღო ლატვიამაც, ყოფილმა საბჭოთა კავშირის ქვეყანამ და ის ევროზონას 2014 წლის 1 იანვარს შეუერთდება. ლატვია რიგით მე-18 ქვეყანა ხდება, რომელიც ევროს სახელმწიფოს ფულად ერთეულად ამტკიცებს.
XS
SM
MD
LG