ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯანდაცვის მდგომარეობა უარესდება


21
21

ამერიკაში და ევროპაში დეპრესიის, სხვადასხვა დაავადებების და თვითმკვლელობის შემთხვევათა რაოდენობა გაიზარდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
შეერთებული შტატების და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების ექსპერტებმა დაასრულეს მუშაობა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ახალ დოკუმენტზე. წლიური ანგარიშის სახელწოდებაა „ევროპის და ამერიკის ფინანსური კრიზისის გავლენა ჯანდაცვის პოლიტიკაზე“. დოკუმენტის საბოლოო სახით გამოქვეყნება მხოლოდ 2013 წლის სექტემბრისთვის იგეგმება. მაგრამ მკვლევარები, რომლებიც ახალი მონაცემებით ძალზე შეშფოთებული არიან, საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებებს უკვე უზიარებენ.

„სავარაუდოდ საბერძნეთი შეგვიძლია ჩავთვალოთ იმის ყველაზე უარეს მაგალითად, თუ როგორ აისახება ეკონომიკური კრიზისი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კატასტროფულ მდგომარეობაზე“ - აღნიშნავს დევიდ სტაკლერი, კვლევის ერთ-ერთი ავტორი ოქსფორდის უნივერსიტეტიდან.

სპეციალისტის აზრით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროკავშირის მიერ ქვეყანაზე თავს მოხვეულმა სავალდებულო საბიუჯეტო შეკვეცებმა, რომელიც ფინანსური სტიმულირების პაკეტის გაცემის წინაპირობა იყო, საბერძნეთის ჯანდაცვის სისტემა ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო.

„როგორც კი კოღოების წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამები შეიკვეცა, ქვეყანაში მალარია დაბრუნდა. დაავადება, რომელიც საბერძნეთში აქამდე სრულებით აღმოფხვრილად ითვლებოდა. ბოლო 40 წლის მანძილზე იქ მალარია აღარ დაფიქსირებულა. ამას გარდა, შიდსის შემთხვევებმა ქვეყანაში 200 პროცენტით მოიმატა“ - აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი. შიდსის მონაცემთა კატასტროფულ ზრდას ის ერთჯერადი ნემსების პროგრამების შემცირებას და ახალგაზრდების მიერ ერთი და იგივე ნემსის რამოდენიმეჯერ გამოყენებას მიაწერს.

ევროკავშირის ქვეყნებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებს შორის მკვეთრი დისბალანსია. კლაუს დიკ ჰენკე ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტიდან აღნიშნავს, რომ გერმანიაში იმაზე მეტი ჯანდაცვის პროგრამებია, ვიდრე ქვეყანას რეალურად სჭირდება, მაშინ როცა სამხრეთ ევროპას პროგრამების დასაფინანსებლად საკმარისი სუბსიდირება არ გააჩნია.

ჩვენთან საუბარია იმაზე, რომ საჭიროზე მეტი საწოლები, ძალიან ბევრი საავადმყოფოები და პროცედურები გვაქვს“ - ამბობს გერმანელი მეცნიერი.

კლაუს დიკ ჰენკეს მიაჩნია, რომ მსგავსი სიტუაციაა ჩრდილოეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. საფრანგეთში, ლუქსემბურგში და ბელგიაში ჯანდაცვის სისტემები ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად თანდათან უმჯობესდება. ამის სავარაუდო მიზეზად სწორი პრიორიტეტები და მიზნობრივი ხარჯვა სახელდება. ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ევროკავშირს ჩრდილოეთს და სამხრეთს შორის არსებულ დისბალანსზე მსჯელობის დაწყებას და პრობლემის მოგვარებისთვის რეალური ნაბიჯების დასახვას სთხოვს.

დევიდ სტაკლერი არამარტო ევროპაში, არამედ შეერთებულ შტატებში დაფიქსირებულ ნეგატიურ ტენდენციებზეც საუბრობს. მისი თქმით, სეკვესტრის შედეგად ამერიკაში დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის პროგრამები შეიკვეცა. ეს კი უარყოფითად აისახება ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მონაცემზე. ასევე დიდი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი, რომელიც მენინგიტს და მრავალ სხვა ინფექციურ დაავადებას ძალზე ეფექტურად ებრძოდა.

ექსპერტები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას, შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებენ მინიმუმზე დაიყვანონ ჯანდაცვის პროგრამათა შეკვეცის გეგმები. მათი აზრით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები უნდა გაიზარდოს კიდეც. სხვა მნიშვნელოვან გრძელვადიან ეფექტებთან ერთად, ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა, აღნიშნავენ ისინი.
XS
SM
MD
LG