ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„მწვანე შუქი ევრაზიულ კავშირს“


გიგა ბოკერია- "ევრაზიული კავშირის იდეა გახლავთ პუტინის ინსტრუმენტი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაჩერებლად

საქართველოს პრემიერ მინსიტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ბრიფინგზე იმის თაობაზე, რომ საქართველოს პოზიცია არ გააჩნია ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შესახებ, მკვეთრი გამოხმაურებები მოჰყვა. ითქვა, რომ ესაა სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად დეკლარირებული კურსიდან გადახვევა.
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „ეტაპზე არანაირი პოზიცია არ გაგვაჩნია ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით. თუკი ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა? ამ ეტაპზე არ გვაქვს პოზიცია.“
მაია ფანჯიკიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პრემიერის განცხადების შეფასებისას განმარტა: „მარტო ჩვენ კი არ ვაკვირდებით და ვსწავლობთ ევრაზიულ კავშირს, მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროკავშირიც. რადგან ეს ჩვენს გვერდით ხდება, რასაკვირველია, უნდა ვიცოდეთ, რა ხდება“.
საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ პრემიერის განცხადება საგანგაშოდ მიიჩნია: „ევრაზიული კავშირის იდეა გახლავთ პუტინის ინსტრუმენტი რუსეთის მეზობელ ქვეყნებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაჩერებლად. ამ ქვეყნების სახელმწიფოებრიობისა და სუვერენტიტეტის მოშლის და მათი რუსეთის სატელიტებად ქცევის მიზნით. საგანგაშოა, თუკი საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას, მის პრემიერს, ასეთ საკითხზე მკაფიო პოზიცია არ გააჩნია.“
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ საქართველო ევრაზიული კავშირის წევრი არასდროს არ გახდება. „საქართველო არასდროს არ გახდება ევრაზიული კავშირის წევრი. საქართველოს გამოცხადებული აქვს თავისი პრიორიტეტები. ესაა ევროპა, ესაა ნატო, ევროკავშირი. არ ვიცი რომელ მომავალზეა საუბარი, მაგრამ იმ მომავალს, რომელსაც მე ვხედავ პოლიტიკური თვალსაწიერის მომავალი ხუთი - ათი წლის განმავლობაში, საქართველოს ასეთი ინტერესი არ ექნება არავითარ შემთხვევაში,“ - ამბობს ლევან ბერძენიშვილი, დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის რიტორიკის სტილიდან გამომდინარე, მისი განცხადება ევრაზიულ კავშირზე პოზიციის არ ქონის შესახებ, არ შეიძლება მივიჩნიოთ თანხმობად მასში საქართველოს გაწევრიანებაზე. თუმცა ეს, ცალსახად წარმოადგენს რევერანსს რუსეთისადმი. „სტილი, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით, ივანიშვილისა და მისი მთავრობის სტილი მდგომარეობს ფრთხილი პოლიტიკის წარმოებაში ყველაფერზე. ცდილობენ ყველაფერზე ფრთხილად ისაუბრონ, რომ არ გააღიზიანონ რუსეთი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაშიც, ეს განცხადებაც, რომ „ჩვენ არ ვიცით“ და „ჩვენ ვაკვირდებით“, გამომდინარეობს აქედან. ნებისმიერმა იცის, რომ ასეთი განცხადება იძლევა იმის საშუალებას. რომ რუსეთს არ ექნება მიზეზი ჩვენთან საუბრის შეწყვეტისა. სხვა მხრივ, კარგად ვიცით, რომ მომხრე ვართ და ჩვენი პრიორიტეტია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რაც, თავისთავად გამორიცხავს ევრაზიულ კავშირში რამენაირ მონაწილეობას. რევერანსი ეს არის, რა თქმა უნდა. ნებისმიერი განცხადება მთავრობის და ივანიშვილის, რომელიც ეხება რუსეთს, მინიშნებაზე იმის თაობაზე, რომ საქართველო რუსეთს პრობლემას არ უქმნის, არის რევერანსი.
პრემიერის ეს განცხადება შეიძლება გაიშიფროს ასე: საქართველო არ აპირებს ამ კავშირში გაწევრიანებას. არავის ამის იმედი არ ჰქონდეს. ჩვენი პოზიციიდან, შესაძლოა გვეგონოს, რომ ივანიშვილმა ამის შესახებ რაკი ამგვრად გამოხატა, შეიძლება გაგვაწევრიანონ ევრაზიულ კავშირში, მაგრამ რუსეთიდან ეს განცხადება სხვაგვარადაა დანახული. ესაა მინიშნება იმის თაობაზე, რომ ჩვენ არც გაგაკრიტიკებთ და არც ხელს არ შეგიშლით, რომ სხვა ქვეყნები შევიდნენ იქ. ევრაზიულ კავშირს აქვს თავისი სარეკლამო კომპანიის მსგავსი სტრატეგია, რუსეთს, უფრო სწორად და ამ სტრატეგიაში არ უნდა ჩნდებოდეს საქართველოსნაირი ქვეყნების მხრიდან კრიტიკის კომპონენტი. ან ისეთი კომპონენტი, რაც რუსეთის ამ პოლიტიკის რეიტინგს დაბლა სცემს ან აბათილებს. უსპობს პერსპექტივებს და ასე შემდეგ. ივანიშვილმა ამ განცხადებით, პრაქტიკულად, თითქოს მწვანე შუქი აუნთო საქართველოს მხრიდან ასეთი კავშირის შექმნას. რაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო შევა მასში, მაგრამ საქართველო ხელს არ შეუშლის, არ გააკრიტიკებს და კრიჭაში არ ჩაუდგება, ამაზეა საუბარი,“- ამბობს კახა გოგოლაშვილი.
ევრაზიული კავშირის იდეა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. პოლიტოლოგებს მის შესახებ არაერთხელ უთქვამთ, რომ ესაა რუსეთის მცდელობა აღადგინოს საბჭოთა კავშირი განსხვავებული ფორმით. ორი დღის წინ, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების შეხვედრისას სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა თანახმაა ევრაზიული კავშირის წევრი გახდეს.
XS
SM
MD
LG