ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი გადამწყვეტ ზომებს იღებს


ევროპელი ლიდერები გადასახადებზე თავის არიდებას პრინციპულ ბრძოლას უცხადებენ

ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპოი ორგანიზაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს „უპრეცედენტოს“ უწოდებს. 22 მაისს ბრიუსელში გამართულ ბლოკის მორიგ სამიტში 27-ივე ქვეყნის ლიდერი იღებდა მონაწილეობას. ევროკავშირმა გადასახადებზე თავის არიდებას პრინციპული ბრძოლა გამოუცხადა და გადამწყვეტი ზომები მიიღო.

ამიერიდან მოხდება საბანკო ინფორმაციის გაცვლა, რათა გადასახადებზე თავის ამრიდებელთა ვინაობა გამჟღავნდეს. ამას გარდა ე.წ. „ფინანსურ სამოთხეებს“, როგორიცაა მონაკო და ლიხტენშტეინი, აიძულებენ ევროკავშირის სტანდარტებზე გადავიდნენ. სხვა მრავალ ზომას შორის ასევე ნახსენებია გლობალური სტანდარტების შემუშავების და საგადასახადო ინფორმაციის გამჭვირვალობის აუცილებლობაც.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის ლიდერებმა გადასახადებზე თავის არიდების მსურველებს შეუტიეს. თუმცა, როგორც ჰერმან ვან რომპოიმ აღნიშნა, ეკონომიკური კლიმატის გაუარესება მათ აიძულებთ ბევრად უფრო მკაცრი ნაბიჯები გადადგან.

ლიდერებს შორის ძლიერი პოლიტიკური ნება გამოიკვეთა. არამარტო ევროპული, არამედ გლობალური მასშტაბითაც. საგადასახადო თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ეს ახალი რეალობაა, თუმცა კრიზისიც უპრეცედენტოა და შესაბამისად საკითხის გადაწყვეტის მიმართ ჩვენი პრინციპულობაც“ - განაცხადა ევროკავშირის პრეზიდენტმა სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეკონომიკური რეცესია ევროპელებს ბიუჯეტის მაქსიმალურ შეკვეცას აიძულებს. საზოგადოებაში უკმაყოფილება იზრდება და ეს უკმაყოფილება განსაკუთრებით მჟღავნდება მათ მიმართ, ვინც გადასახადებს თავს არიდებს. წლის დასაწყისში გადასახადების დამალვის გამო საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა. მას ასობით ათასი ევრო, რომელიც არ იყო დეკლარირებული, შვეიცარიის ბანკში ჰქონდა გადამალული. კრიტიკის ობიექტი ისეთი გიგანტებიც აღმოჩდნენ, როგორიცაა „ეფლი“, „გუგლი“ და „ფეისბუქი“.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროსო აღნიშნავს, რომ საუბარია უზარმაზარ თანხებზე.

ეს სამართლიანობის საკითხიც არის. ჩვენი გაანგარიშებით, საგადასახადო ვალდებულების თავიდან აცილების გამო, ყოველწლიურად საშუალოდ ტრილიონ ევროს ვკარგავთ. ეს დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ, ერთი წლის მანძილზე ევროკავშირის ყველა ქვეყნის ჯანდაცვას უზრუნველყოფდა“ - აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის მიერ სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება.

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო თაღლითობასთან ბრძოლამ საერთაშორისო მასშტაბი მიიღოს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთი მომავალ თვეში ირლანდიაში დაგეგმილ დიდი რვიანის სამიტზე, ამ საკითხს მთავარ პრიორიტეტად ასახელებს.
XS
SM
MD
LG