ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირმა სირიას ემბარგო მოუხსნა


Belgium EU Syria

სირიელი ამბოხებულებისთვის დასავლეთის მხრიდან სამხედრო დახმარების გაწევა უფრო რეალური გახდა

გთხოვთ, დაიცადოთ
Embed

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

სირიისთვის იარაღზე დაწესებული ემბარგოს მოხსნის შესახებ, ევროკავშირის გადაწყვეტილებამ ახლა უკვე შესაძლებელი გახადა, რომ სირიელ მეამბოხეებს დასავლეთმა სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს.

ბრუსელში, ევროკავშირის საგარეო მინისტერიალის მოლაპარაკებები 12 საათს გაგრძელდა. მინისტრები საბოლოოდ შეთანხმდნენ, აღარ გაგრძელონ სირიისთის იარაღზე დაწესებული ემბარგო, რომელსაც ვადა კვირის ბოლოს ეწურებოდა. ეს გადაწყვეტილება უკვე იმას ნიშნავს, რომ სირიელი ამბოხებულებისთვის იარაღის მიწოდება ნებადართულია. დიპლომატები ასევე შეთანხმდნენ, რომ განაახლებენ სირიის ხელისუფლებისთვის ადრე დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კეტრინ ეშტონმა ამ გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ორშაბათს, გვიან საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე წაიკითხა:

„ემბარგო ეხსნება იარაღით ვაჭრობას, ტრანსპორტირებას, სამხედრო აღჭურვილობის ექსპორტს, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას სირიის ეროვნული კოალიციის ოპოზიციის და რევოლუციური ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის მიზნით საშინაო კონფლიქტების ჩასახშობად. ევროკავშირის წევრი ქვეყნები მოითხოვენ შესაბამის გარანტიებს იარაღის მომხმარებლისგან, რომ თავიდან იქნება არიდებული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.“

რუსეთში ევროკავშირის გადაწყვეტილებებს აფასებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი სამშაბათს საინფორმაციო საანეტო „იტარ-ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ევროკავშირის გადაწყვეტილება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივას პირდაპირ ზიანს აყენებს.“

ემბარგოს მოხსნის ლობირებით საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა შეიძლება ითქვას გამარჯვება მოიპოვეს. სწორედ ეს ქვეყნები აქტიურობდნენ ყველაზე მეტად, რომ საკითხი ასე გადაწყვეტილიყო. ორშაბათს, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ლოურენ ფაბიუსმა განაცხადა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ არსებული ეჭვები უფრო და უფრო დასტურდება. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელმა მხარემ გამოიყენა ქიმიური იარაღი.
მინისტერიალის შემდეგ, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ იარაღის დაუყოვნებლივი ექსპორტი დღის წესრიგში არ დგას.

უილიამ ჰეიგი: სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, ემბარგოს მოხსნა მომავალში საპასუხო მოქმედების საშუალებას იძლევა.

თუმცა, გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ქვეყნებში არსებული წინააღმდეგობა მეამბოხეებისთვის სამხედრო აღჭურვილობით დახმარების შესახებ. ორგანიზაციის ისეთ წევრ-ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, უფრო იმედიანი განწყობა ჰქონდა, რომ საკითხი 27 ქვეყნის აბსოლუტური კონსესუსით გადაწყდებოდა. თუმცა გერმანიამ და ავსტრიამ იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით თავშეკავებული პოზიცია დააფიქსირეს, რადგან შიშობენ, რომ იარაღი შესაძლოა ექსტრემისტული ძალების ხელში აღმოჩნდეს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკლ შპინდელეგერმა განაცხადა, რომ ეს ევროკავშირის მიზანს ეწინააღმდეგება.

მაიკლ შპინდელეგერი: ევროკავშირი მშვიდობიანი ორგანიზაციაა და სურს ასე გააგრძელოს მუშაობა. მისი აზრით, სადავო არ არის, რომ ევროკავშირმა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ უნდა იმოქმედოს. თუმცა, მეორეს მხრივ, არ უნდა მოხდეს ევროკავშირის კონფლიქტში ჩართვა, მხოლოდ იარაღის მიწოდება უნდა განხორციელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ევროკავშირის პოლიტიკის ცვლილება იქნება.

საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია ჟენევა, სადაც სირიის საკითხთან დაკავშირებული სამშვიდობო კონფერენცია ივნისის შუა რიცხვებში უნდა გაიმართოს. ამ თემაზე ორშაბათს პარიზში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და მისმა რუსმა კოლეგამ სერგეი ლავროვმა ისაუბრეს.
XS
SM
MD
LG