ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ოპოზიციის დაბლოკვა”, გასაიდუმლოებული „სამოქმედო გეგმა“ და სხვა საფრთხეები ევროინტეგრაციისთვის


საქართველოს მომავლის პოლიტიკური ტრაექტორია, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, კიდევ უფრო გამყარდა. ცხადი და ნათელი გზავნილი კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ, როდესაც საზეიმო ღონისძიებაზე, თბილისში, 15 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ქართულ ენაზე მიმართა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „ეს გამარჯვება „ქართული ოცნების“ დამსახურებაა“ და გულისხმობენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ამის თაობაზე ხმამაღლა აღნიშნეს როგორც საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ისე ყველა სხვა შემთხვევის დროს მანამდე და მას შემდეგაც.

9 აპრილი, 2023, თბილისი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია
9 აპრილი, 2023, თბილისი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია

„ხელისუფლება ყოველდღიურად ახდენს დემონსტრირებას, რომ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მიღება მისი დამსახურება და სხვა აქტორებს ამაში არანაირი წვლილი არ შეუტანიათ“,- აღნიშნავდა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ გამართულ ბრიფინგზე შეკრებილი საზოგადოება, რომელთა შორის იყვნენ სამოქალაქო სექტორის, ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები - ყველა, მმართველი გუნდის გარდა.

„არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ოპოზიციას, არაფერი გაუკეთებიათ ბოლო ათ წელიწადში, ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება,“- ამბობდა პრემიერი ღარიბაშვილი 4 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე.

იგივე გაიმეორა მან 8 ნოემბერს, როდესაც ყველა ევროკომისიის გადაწყვეტილებას ელოდა. „სამწუხაროდ ოპოზიციას და მე ვგულისხმობ რა თქმა უნდა რადიკალურ ოპოზიციას, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. თუ ვინმე ხელისუფალმა ან მმართველმა რამე გააკეთა ხელშესახები ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“, - განაცხადა პრემიერმა.

ანა ნაცვლიშვილი, პარლამენტის დეპუტატი ოპოზიციური პარტიიდან „ლელო“, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ „ოცნება“ სხვა პარტიების ყველანაირ ინიციატივას ბლოკავს, რადგან ამაში საფრთხეს ხედავს. ამიტომაც, ოპოზიციის წარდგენილი ათეულობით საკანონმდებლო წინადადება და სხვა ინიციატივები თაროებზეა შემოდებული.

ანა ნაცვლიშვილი, პარლამენტის დეპუტატი „ლელოდან“
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:03 0:00

„ხელისუფლებას ბუტაფორიულად სჭირდება ოპოზიციის ჩართვა და არა რეალურად, განსხვავებულად აზრების მოსმენისა და შემდეგ კომპრომისის მიღწევისთვის. პრობლემა არის ხელისუფლებაში, რომელიც დაწერს სამოქმედო გეგმას ისე, რომ არავის არაფერს არ ჰკითხავს და შემდეგ, გეტყვის, შემომიერთდი, ჩემს მიერ დასახული ნაბიჯების ჩემი ხედვით გადადგმაშიო. ხელისუფლება ბლოკავს ოპოზიციის ინიციატივებს. ამბობს, რომ რაც ოპოზიციიდან წამოვა, არაფერს განიხილავს. ჩვენი ინიციატივა რომ კანონად გადაიქცეს და ხალხის გარკვეული პრობლემა მოგვარდეს ამით, ხომ ყველა დაინახავს, რომ ოპოზიცია მუშაობს. ამის ეშინია ოცნებას. ძალის დემონსტრირებად აღიქვამენ ამას ოპოზიციის მხრიდან,“- ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ეს დამოკიდებულებები ძირს უთხრის თანამშრომლობისა და კონსენსუსის ყოველგვარ პერსპექტივას პოლიტიკურ აქტორებს შორის, რასაც ასე დაჟინებით მოითხოვს ევროკავშირი საქართველოსგან, მათ შორის მომავალში სავალდებულოდ შესასრულებელ 9 პუნქტიშიც.

9 აპრილი, 2023, თბილისი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია
9 აპრილი, 2023, თბილისი, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია

რატომ იმეორებს „ოცნება“ ჯიუტად, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ექსკლუზიურად მისი დამსახურებაა და სხვა არც ერთ აქტორს ამ პროცესში დადებითი წვლილი არ შეუტანია, ამას თავისი ახსნა აქვს სამოქალაქო საზოგადოებისთვის და სხვა პოლიტიკური აქტორებისთვის. მათთვის უცნობია ეგრეთ წოდებული „სამოქმედო გეგმის“ შესახებაც, რასაც ქვეყანა უნდა მიჰყვეს მომდევნო მიზნამდე.

ეგრეთ წოდებული „სამოქმედო გეგმა“ დოკუმენტია, რომელშიც გაწერილია შესაბამისი ნაბიჯები, რაც კოორდინირებულად უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ ერთ წლიან პერსპექტივაში, საქართველოსთვის ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპი გაიხსნას. თუმცა სამოქალაქო საზოგადოებისთვისა და ოპოზიციისთვის ეს „სამოქმედო გეგმა“ გასაიდუმლოებულია.

კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი „ამერიკის ხმასთან“ აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს შორის, მნიშვნელოვანია შეიქმნას პოლიტიკური თანამშრომლობის პრეცედენტები მმართველ გუნდს, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. რამდენად მზადაა თანამშრომლობისთვის „ოცნება“, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს, რომ „ექსკლუზიურად ირჯება“, კითხვის ნიშნის ქვეშაა.

„ღიაობა არის უმნიშვნელოვანესი და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაც, ასევე. რეალური ეფექტი ჩვენ, შეიძლება, ვიხილოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ჩართავს სამუშაოში ისეთ აქტორებს როგორიცაა პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავდით არასწორად ინტერპრეტირებულ მიდგომებს როდესაც ხელისუფლება რაღაც რეფორმებს ატარებდა, მაგრამ ისინი არ მოდიოდა შესაბამისობაში ევროკავშირის ხედვებთან. ევროკავშირი ითხოვს პროცესის ინკლუზიურობას, რეფორმებში საზოგადოების ჩართვას. ხელისუფლება კი ცდილობს პროცესიდან ყველა სხვის გამოდევნას“,- მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, კორნელი კაკაჩია „ამერიკის ხმასთან“ აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდისთვის ევროინტეგრაციის პროცესი საინტერესოა თავისი პირობებით, რომელთა შორის ძირეულია ხელისუფლების შენარჩუნება.

„ხელისუფლება ადრეც არ ამბობდა უარს ევროინტეგრაციის პროცესზე, უბრალოდ, ეს მას სურდა საკუთარი ხედვებიდან გამომდინარე. ანუ, თუ მის ხელისუფლებაში ყოფნას არ დაემუქრება საფრთხე, ის მზადაა ევროკავშირში შესასვლელად. მთავარია, არ მოსთხოვონ ისეთი რეფორმების გატარება, რაც ძალაუფლების დაკარგვას დაემუქრება. მმართველი გუნდი ახლა ცდილობს, ცალმხრივად მიიწეროს დამსახურება სტატუსის მიღებისთვის, არადა, ამ პროცესში სხვა ბევრის წვლილიცაა, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, ყოფილი ხელისუფლებების, საჯარო მოხელეების, რომლებიც დღე და ღამე მუშაობდნენ ამ შედეგის მისაღებად,“- ამბობს კორნელი კაკაჩია.

მისი აზრით, ევროკავშირისგან სტატუსის მიღება - სიგნალია რუსეთისთვის, რომ საქართველო აღარაა პოსტსაბჭოთა ქვეყანა და აქვს ევროკავშირთან ინტეგრაციის შანსი.

ეკა აკობია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე, ევროკავშირი ხელახალ შეფასებას წარმოადგენს, რომლის შესაბამისად, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე მომდევნო ეტაპი - მოლაპარაკებები - გახსნილად გამოცხადდება, ან არა.

„ევროინტეგრაციის პროცესისთვის კარგი იქნება ეტაპობრიობა, ნიშნულები, დათქმები, შეფასება, მონიტორინგიც - ევროკავშირის მხრიდან. ეს აგვარიდებს თავიდან წინა შემთხვევის მსგავს უხერხულობას, როდესაც 18 თვის მანძილზე 12-დან მხოლოდ 3 პუნქტი შესრულდა და ესეც ევროკავშირისგან წამახალისებელ ჟესტს უფრო ჰგავდა, ვიდრე იმას, რომ საზოგადოებისთვის ცხადად აღქმადი ყოფილიყო გაწეული სამუშაო. იგივე რისკების წინაშე რომ არ დავდგეთ, მნიშვნელოვანია, ინკლუზიურობა, რასაც ახლა ვერ ვხედავთ,“- გვეუბნება ეკა აკობია.

გზა, რაც ახლა უნდა გაიაროს საქართველომ, უკვე გავლილი აქვს უკრაინასა და მოლდოვას - ქვეყნებს რომლებიც საქართველოს პარტნიორები იყვნენ წლების განმავლობაში, ევროინტეგრაციის გზაზე. ვანო ჩხიკვაძე, ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ღია საზოგადოების ფონდში, გვეუბნება, რომ საქართველოს პარტნიორებთან დაწევის შანსი კიდევ აქვს.

„დისტანცია ჩვენ ქვეყანასა და უკრაინა-მოლდოვას შორის კვლავ არის შენარჩუნებული, ისინი ერთი ნაბიჯით გვისწრებენ, რადგან ევროპულმა საბჭომ უკვე დაიწყო მოლაპარაკები მათთან. 9 პუნქტი თუ შევასრულეთ, ანალოგიურ პოზიციაში ვიქნებით მომვალი წლის შემოდგომაზე. ევროინტეგრაციის გზაზე ვერ გამოტოვებ ვერც ერთ ეტაპს. მოგვიწევს იგივე ნაბიჯების გადადგმა, რაც უკვე გადადგეს უკრაინამ და მოლდოვამ. „დაწევის“ შანსი მაინც არის, რადგან იმ ეტაპიდან წინსვლა, სადაც ახლა იმყოფება უკრაინა და მოლდოვა, უფრო რთულია, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მიღებიდან,“- ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

მისი აზრით, საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროის ფაქტორს. „შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც ახლაა ღია, არ უნდა მივიჩნიოთ სამარადჟამოდ გახსნილად. ბევრი რამ იცვლება. სწრაფი გაფართოების მხარდამჭერების რაოდენობა ევროკავშირში იკლებს. ევროპარლამენტის არჩევნებია მომავალი წლის ივნისში, ევროკომისიის ახალი შემადგენლობა უნდა დამტკიცდეს. ასევე არჩევნებია აშშ-ში. გასათვალისწინებელია, რომ მოცემული შესაძლებლობის ფანჯარა, რაც შეიძლება სწრაფადაა გამოსაყენებელი,“- მიიჩნევს ვანო ჩხიკვაძე.

როდის შეიძლება წარმოვიდგინოთ საქართველო ევროკავშირის წევრად? ეს კითხვა ჩუმად, თუ ცხადად, პოლიტიკური მდგრადობისა თუ სიმყიფის, ცალ ფეხზე, თუ ორივეზე დგომის მიუხედავად, მაინც ისმის. ამ მხრივ, ერთადერთხელ, ერთადერთი საორიენტაციო თარიღის თაობაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა გააჟღერა და 2030 ახსენა. თუმცა როგორც კახა გოგოლაშვილი განმარტავს, ეს გამონაკლის შემთხვევად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ევროკავშირის არც ერთ სხვა წარმომადგენელს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საორიენტაციო თარიღი არსად უხსენებია.

XS
SM
MD
LG