ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიუსელი პოლონეთს აფრთხილებს


ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფრანს ტიმერმანსი

ევროკომისია გეგმავს პოლონეთის წინააღდეგ სადამსჯელო ზომების მიღებას, რაც ვარშავის მიერ სასამართლო რეფორმას უკავშირდება. პოლონეთის სასამართლო რეფორმის კუთხით გადადგმული ნაბიჯები ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციისა და მიმომხილველის შეშფოთების მიზეზი გახდა.

ევროკომისია ამბობს, რომ რეფორმა სასამართლოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში პოლონეთის მიერ მიღებული 13 კანონი მმართველ პარტიას საშუალებას აძლებს „სისტემატიურად პოლიტიკურად ჩაერიოს სასამართლო ხელისუფლების შემადგენლობაში, ძალაუფლების გადანაწილებაში, ადმინისტრაციასა და ფუნქციონირებაში“. მისი თქმით, პოლონეთში „კანონის უზენაესობა საფრთხეშია“. ბრიუსელმა პოლონეთს პროცესის შესაჩერებლად სამი თვე მისცა, თუმცა პოლონეთის იუსტიციის მინისტრის ზბიგნევ ზიობროს თქმით „რეფორმა“ გაგრძელდება.

პოლონეთის „კანონისა და სამართლიანობის პარტიამ“ რეფორმის გატარება 2015 წელს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. მთავრობა აცხადებს, რომ ეს პროცესი კომუნისტური წარსულის შედეგად შექმნილი კორუფციულ სისტემასთან საბრძოლველად და სასამართლო ხელისუფლების განახლებისთვის არის საჭირო.

ევროკომისიას შეუძლია პოლონეთს ევროპულ საბჭოში, ევროკავშირის მმართველ ორგანოში, ხმის მიცემის უფლება აუკრძალოს. თუმცა ეს გრძელვადიან ადმინისტრაციულ პროცედურას უკავშირდება და 2 წლის განმავლობაში პოლონეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების ანალიზს მოითხოვს. საამისოდ ევროკავშირში ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა საჭირო, რაც იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელი უნგრეთი პოლონეთის მხარეს დგას, ბრიუსელისთვის რთული პროცესია.

XS
SM
MD
LG