ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-მ, ესტონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა გაეროში საქართველოზე რუსეთის კიბერ თავდასხმა განიხილეს


5 მარტს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ესტონეთმა და დიდმა ბრიტანეთმა დაგმეს 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებული კიბერ თავდასხმა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კიბერ თავდასხმები უშიშროების საბჭოს სხდომაზე ცალკე თემად განიხილეს.

„რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (გრუ) მიერ ორგანიზებული კიბერ ოპერაციების მიზანი იყო საქართველოს დისკრედიტაცია და დაბნეულობის შექმნა. ეს რუსეთის მხრიდან უპასუხისმგებლო ქცევის და კიბერ სივრცეში უსაფრთხოების დარღვევის კიდევ ერთი მაგალითია,“ თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ.

კიბერ თავდასხმები რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ფართომასშტაბიანი და გაძლიერებული ჰიბრიდული და გავლენის მოსაპოვებელი კამპანიების ნაწილია, რაშიც შედის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარება, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადმინისტრაციული კონტროლის ხაზზე სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესება და დეზინფორმაციის მზარდად ინტენსიური კამპანიები.

მისივე თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიბერ სივრცეში სტაბილურობის განხილვა ისტორიული შემთხვევაა. „როგორც უშიშროების საბჭოს არჩეული წევრის, ესტონეთის მიზანი, წევრებს შორის კიბერ ოპერაციებზე და აქამდე ხელმოწერილი ქცევის საერთაშორისო ნორმების მნიშვნელობაზე ცნობადობის გაზრდაა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უშიშროების საბჭომ აუცილებლად უნდა გაართვას თავი ახალ საკითხებს, რომლებიც საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.“

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება გასული წლის 28 ოქტომბრის კიბერ თავდასხმას ეხება, რომლის დროსაც სამთავრობო და კერძო საიტების გათიშვა და მინიმუმ ორი ტელეკომპანიის მაუწყებლობის შეწყვეტა მოხდა. პრობლემები შეექმნა ასობით ვებგვერდს. გათიშული ვებგვერდების გახსნისას, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა, წარწერით „მე დავბრუნდები.“

ესტონეთის წარმომადგენლობა გაეროში მიიჩნევს, რომ „კიბერ თავდასხმები რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ფართომასშტაბიანი და გაძლიერებული ჰიბრიდული და გავლენის მოსაპოვებელი კამპანიების ნაწილია, რაშიც შედის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო არჩევნების ჩატარება, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადმინისტრაციული კონტროლის ხაზზე სიტუაციის მნიშვნელოვანი გაუარესება და დეზინფორმაციის მზარდად ინტენსიური კამპანიები.“

თავდასხმა 20 თებერვალს შეერთებული შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ესტონეთმა და დამატებით 20-მა დასავლურმა ქვეყანამ საჯაროდ დაგმო.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ მაშინ განაცხადა, რომ „2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს (გრუ) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა. ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერ სივრცეში თავი პასუხისმგებლობის მქონე აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბერ ოპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა,“ თქვა პომპეომ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG