ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Check in Georgia - 29 მილიონად


ეროს რამაზოტი თბილისში
ეროს რამაზოტი თბილისში

ცნობილი იტალიელი მომღერლისა და კომპოზიტორის ეროს რამაზოტის კონცერტით დაიწყო გუშინ, საქართველოს კულტურის სამინისტროს წლის პროექტი Check in Georgia, რომელზეც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, ჯამში 29 მილიონი ლარი დაიხარჯება.

52 წლის იტალიელი მომღერალი პირველად წარსდგა თბილისური პუბლიკის წინაშე, თუმცა ანშლაგი არ შედგა, სპორტის სასახლე ბოლომდე არ გაივსო. პერფეტოს მსოფლიო ტურის ფარგლებში, რამაზოტიმ მსმენელს ძირითადად, გასული საუკუნის 80 და 90-იანი წლების ჰიტები შესთავაზა. მათ შორის,Terra promessa, რომლითაც 1984 წელს, 20 წლის ასაკში, მომღერალმა სან რემოს ფესტივალზე დებიუტანტების კონკურსი მოიგო.

სპორტის სასახლეში სპეციალური სცენა, იტალიელი ვარსკვლავის 66 კაციანმა ჯგუფმა 48 საათის განმავლობაში მოაწყო. ბილეთის ფასი 20-დან 90 ლარამდე მერყეობდა. ეროს რამაზოტიმ თბილისური კონცერტი ახლახანს გარდაცვლილი ამერიკელი მუსიკოსის პრინცის ხსოვნას მიუძღვნა. ეკა ხალვაში, რომელიც კონცერტზე დასასწრებად სპეციალურად ქობულეთიდან ჩამოვიდა, ამბობს:

„ძალიან კარგი კონცერტი იყო. იტალიასთან ჩემი მოგონებები მაკავშირებს და ხელიდან არ გავუშვი შესაძლებლობა რამაზოტი თბილისშიც მეხილა. ბოლო დროს, ამ დონის კონცერტებით განებივრებულები არ ვართ.

ორმა რაღაცამ გამაოცა, ნახევრად ცარიელმა დარბაზმა და კონცერტის დაწყების დრომ. ბილეთზე იყო 6 საათი მითითებული, და კონცერტი კი ცხრის 15 წუთზე დაიწყო.“

საქართველოს მთავრობამ პროექტი Check in Georgia ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით წამოიწყო.

ეროს რამაზოტის შემდეგ, თბილისს, ინგლისელი პოპ-ვარსკვლავი რობი უილიამსი ეწვევა. მისი კონცერტი, 27 მაისს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება. უილიამსის შოუში Groovesonix-ის ბენდიც იქნება ჩართული, რომელიც თბილისში, ბოლოს 2014 წლის 31 დეკემბერს გამოვიდა.

7 ივნისს, ბათუმში, მსმენელს ამერიკული პოპ როკ ჯგუფი - Maroon 5-ის მოსმენის საშულება ექნება. 17 ივნისს - კი ქუთაისში, მსოფლიო ოპერის მეგავარსკვლავი, ლეგენდარული ტენორი ხოსე კარერასი იმღერებს. ეს მისი ბოლო საზღვარგარეთული კონცერტი იქნება. კულტურის სამინისტრომ მეგავასკვლავებს მხოლოდ ჰონორარის სახით - 11 მილიონ 166 639 ლარი გადაუხადა.

Check in Georgia-ს პროექტის გამო ოპონენტებმა უკვე გააკრიტიკეს კულტურის მინისტრი, დაისვა კითხვები, მიხეილ გიორგაძისა და კომპანია „ისთერნ პრომოუშენის“ კავშირების გამო, ამ კომპანიაში გიორგაძე 16 წლის მანძილზე მუშაობდა და დღეს„ისთერნ პრომოუშენი“, რომელიც აქტიურად არის ჩართული Check in Georgia-ს პროექტში, მსუყე სახელმწიფო შეკვეთებს იღებს.

მომღერალი ქეთათო ჩარკვიანი ამბობს, რომ „ისთერნ პრომოუშენი“ სახელმწიფო შეკვეთებს წინა ხელისუფლების დროსაც იღებდა და მიმდინარე პოლემიკას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს

„ზოგადად ის ფაქტი, რომ ქართველ მსმენელს, აქ ჩამოსულ დამსვენებელს, ტურისტს ექნებათ შანსი რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტზე წავიდნენ, დიდებიც, მოზარდებიც, ბავშვებიც, ეს თავისთავად ძალიან პოზიტიური ფაქტია. ამაში ცუს ვერაფერს ვხედავ.

იმაზე საუბარი, ამაში რატომ იხარჯება ამდენი, იქნებ სხვაგან დაგვეხარჯა, ეს პოლემიკა წინა ხელისუფლების დროსაც იყო. რაც მთავარია, ამაზე საუბრობენ პოლიტიკით დაინტერესებული ხალხი, რომლებიც რაღაც დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენენ.“

Check in Georgia პროექტის ფარგლებში ასევე გაიმართება - 59 კონცერტი საქართველოს 17 ქალაქში, ქართველი მომღერლების მონაწილეობით. ბათუმში, მეათედ მოეწყობა, შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი, ასევე დაგეგმილია, HeatBatumi-ის ფესტივალი და ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Gem-Fest. საერთოდ ჯამში, ამ კულტურულ ღონისძიებებზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29 მილიონი ლარი დაიხარჯება.

XS
SM
MD
LG