ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანმა ბოლტონთან შეხვედრა გააუქმა და მიზეზად ბოლტონის "დიდი შეცდომა" დაასახელა


თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პრეზიდენტ ტრამპის ეროვნული უშიშროების მრჩეველი ჯონ ბოლტონი სირიიდან ამერიკის ჯარის გამოყვანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო მკაცრად გააკრიტიკა.

ბოლტონის ისრაელში გაკეთებული კომენტარი მიუღებელია. ჩემთვის შეუძლებელია ამის გადაყლაპვა. ბოლტონმა სერიოზული შეცდომა დაუშვა. თუ ის ამ მიმართულებით ფიქრობს, დიდ შეცდომას უშვებს. ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ.
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი

სამშაბათს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა თქვა, რომ „ბოლტონის ისრაელში გაკეთებული კომენტარი მიუღებელია. ჩემთვის შეუძლებელია ამის გადაყლაპვა. ბოლტონმა სერიოზული შეცდომა დაუშვა. თუ ის ამ მიმართულებით ფიქრობს, დიდ შეცდომას უშვებს. ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ.“

დეკემბერში, პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერში“ გამოაცხადა, რომ ამერიკამ სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაამარცხა და შესაბამისად, ქვეყნიდან ამერიკელ ჯარისკაცებს გამოიყვანდა. ამ განცხადების შემდეგ, ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი თანამდებობიდან გადადგა და მიზეზად პრეზიდენტთან განსხვავებული შეხედულებების ქონა დაასახელა.

ჯონ ბოლტონმა, რომელიც ისრაელსა და თურქეთში ოთხ დღიანი ვიზიტით იმყოფება, ანკარაში თურქეთის მაღალჩინოსნებთან შეხვედრები გამართა. ბოლტონი პრეზიდენტ ერდოღანსაც უნდა შეხვედროდა, მაგრამ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამ შეხვედრის დანიშნულებას ვერ ხედავდა.

ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თურქებმა ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები უნდა განახორციელონ ისე, რომ ეს შეერთებულ შტატებთან არ იყოს შეთანხმებული, სულ მცირე, ჩვენი ჯარისკაცებისთვის საფრთხის აცილების მიზნით. ასევე, [იმის გამოც] რომ მათ [თურქეთმა] პრეზიდენტის მოთზხოვნა დააკმაყოფილონ და სირიის ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ჩვენს გვერდით იბრძოდნენ, საფრთხე არ შეუქმნან.
ჯონ ბოლტონი

ანკარაში ჩასვლამდე, იერუსალიმში სიტყვით გამოსვლისას ბოლტონმა თქვა, რომ სირიიდან ჯარების გამოყვანამდე ამერიკა რამდენიმე წინაპირობის დაკმაყოფილებას, მათ შორის, თურქეთისგან ქურთი დაჯგუფებების უსაფრთხოების გარანტიას ითხოვს.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თურქებმა ქურთების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები უნდა განახორციელონ ისე, რომ ეს შეერთებულ შტატებთან არ იყოს შეთანხმებული, სულ მცირე, ჩვენი ჯარისკაცებისთვის საფრთხის აცილების მიზნით. ასევე, [იმის გამოც] რომ მათ [თურქეთმა] პრეზიდენტის მოთხოვნა დააკმაყოფილონ და სირიის ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც ჩვენს გვერდით იბრძოდნენ, საფრთხე არ შეუქმნან,“ თქვა ბოლტონმა იერუსალიმში.

ანკარა სირიაში და ჩრდილოეთ ერაყში დაფუძნებულ ქურთულ სამხედრო დაჯგუფებებს, რომლებიც „სახალხო დაცვის ლაშქრის“ სახლით არის ცნობილი, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. ამერიკისთვის კი ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირეები არიან.

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა განაცხადა, რომ ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ იგივე მეთოდებს გამოიყენებს, რომლებითაც „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს ებრძვის. „თუ ისინი ტერორისტები არიან, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა იმის მიუხედავად, თუ საიდან მოდიან,“ თქვა ერდოღანმა.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG