ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი თურქეთში ამერიკის დელეგაციას შეხვდება


რეჯებ ტაიპ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი თავიდან აცხადებდა, რომ არ შეხვდებოდა არც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და არც სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს. შეერთებული შტატების დელეგაცია ამ კვირის განმავლობაში თურქეთში ჩასვლას გეგმავს, რათა მხარეებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ანკარის შეჭრა განიხილონ და შეაჩერონ. რეჯებ ტაიპ ერდოღანმა "სქაის" ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელები ანკარაში შეხვდებიან მათ თურქ კოლეგებს, ის კი შეხვდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, როცა ის თურქეთში ჩასვლას გადაწყვეტს.

მოგვიანებით, ერდოღანმა გადაწყვეტილება შეცვალა და თქვა, რომ ხუთშაბათს ანკარაში პენსს და პომპეოს შეხვდება. ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი თურქეთში ვიზიტის განმავლობაში დაადასტურებს, რომ ამერიკა "ცეცხლის სასწრაფო შეწყვეტის მიღწევის და შეთანხმებაზე მოლაპარაკების" ერთგულია. აღნიშნულ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს.

სამშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს. "ყველაზე ძლიერი სანქციები დავაწესეთ, რისი წარმოდგენაც შესაძლებელია. კიდევ მეტის საშუალება გვაქვს, თუ ამან არ იმოქმედა, მათ შორისაა მასიური ტარიფები მეტალზე" - თქვა პრეზიდენტმა ტრამპმა.

ერთი დღის შემდეგ, ოთხშაბათს დილით, ტრამპმა განსხვავებული განცხადება გააკეთა და თქვა, რომ თურქეთის სირიაში შეჭრა "ჩვენი პრობლემა არ არის". თეთრი სახლის ოვალურ ოფისში, იტალიის პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან ერთად მყოფმა ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიაში რუსეთის დახმარებას არაუშავს და საერთოდ ქურთები, რომლებიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, თავის ტერიტორიას თურქებისგან იცავენ, "ანგელოზები არ არიან".

თურქეთმა სამხედრო ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა სირიიდან ამერიკული ქვედანაყოფების გაყვანის განკარგულება გასცა. საუბარია იმ ქურთი მეომრების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, რომლებიც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში, წლების მანძილზე ამერიკელი ჯარისკაცების პარტნიორები და თანამებრძოლები იყვნენ. ტრამპის აღნიშნულ გადაწყვეტილებას ფართოდ აკრიტიკებენ როგორც დემოკრატი, ასევე რესპუბლიკელი კანონმდებლები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG