ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეგიონში თურქეთის გავლენა მცირდება


ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტა ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მორსის დიპლომატიურ მიღწევად ჩაითვალა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

გასულ თვეს ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამასს შორის გამწვავებული დაპირისპირება ეგვიპტის შუამავლობით შეწყდა. დამკვირვებლებმა ეს მოვლენა ქაიროს დიპლომატიურ ტრიუმფად შეაფასეს. თურქეთში კი ეს ანკარას პოლიტიკური გავლენის შესუსტებად აღიქვეს. როგორია ანკარას როლი რეგიონში? ანალიტიკოსთა მოსაზრებებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი დორიან ჯონსი არკვევდა.

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტა ეგვიპტის პრეზიდენტის მუჰამედ მორსის დიპლომატიურ მიღწევად ჩაითვალა. საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ჩენგიზ აქთარი ამბობს, რომ ამ ფაქტმა რეგიონში თურქეთის გავლენის შემცირება აშკარა გახადა.

„ეგვიპტე მუდამ იყო დაკავშირებული ამ საქმესთან. თუმცა, მუბარაქის დამხობამ ეს როლი შეასუსტა. ახლა კი ქაირო ისევ ირეგბს ამ ფუნქციას. ვითარების სტაბილიზაცია და მორსის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება შეერთებულ შტატებთან და საერთოდ დასავლეთთან, თურქეთს პროცესების მიღმა აყენებს,“ - ამბობს აქთარი.

ანკარა აცხადებს, რომ მან კრიზისის განმუხტვაში საკუთარი როლი შეასრულა. თუმცა, ეს მცდელობები ისრაელთან დიპლომატიური კავშირების თითქმის დასრულებამ სერიოზულად შეაფერხა. ანკარას და თელავივს შორის ურთიერთობს ორი წლის წინ ისრაელის სამხედრო ძალების მიერ თურქი მოქალაქეების მკვლელობამ საგრძნობი დარტყმა მიაყენა.
ამის ფონზე, დამკვირვებლები მიუთითებენ, რომ ქაიროს და თელავივს შორის ურთიერთობები თუმცა ცივია, მაგრამ მაინც არსებობს. სინან ულგენი სტამბოლში კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელია. ის ამბობს, რომ ღაზის კრიზისი ანკარას დიპლომატიურ საფასურად დაუჯდა.
„თურქეთის როლი ბუნებრივად შეიზღუდა იმ ფაქტით, რომ არ შეუძლია ისრაელის ხელისუფლებასთან დიალოგი. ჩვენ უნდა ვთქვათ ის, რომ ამით თურქეთს ქონდა საშუალება გამოეყენინა თავისი ინტერესებისთვის და გაეძლიერებინა რეგიონში საკუთარი პოზიცია. ამჯერად კი ასპარეზზე ეგვიპტე ბრუნდება, თავისი ახალი ხელისუფლებით,“ - ამბობს ულგენი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ თვეს თურქეთის
მისამართით განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ურთიერთობების აღდგენა ორივე ქვეყნის ინტერესშია. დამკვირვებლების აზრით, ამ პროცესს შესაძლოა ხელი შეუწყოს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან ავიგდორ ლიბერმანის გადადგომამ, რომელიც ანკარას მკაცრად აკრიტიკებდა.
თუმცა, მოვლენების ამგვარი განვითარება თურქეთის ხელისუფლებამ უარყო. ანკარამ განაცხადა, რომ ისრაელთან ურთიერთობებს აღადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თელავივი თურქი მოქალაქეების მკვლელობისთვის ბოდიშს მოიხდის, კომპენსაციას გადაიხდის და ღაზის სექტორის წინააღმდეგ დაწესებულ ემბარგოს მოხსნის.

საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსი აქთარი ფიქრობს, რომ თურქეთის ალიანსი სუნიტურ ქვეყნებთან კერძოდ, საუდის არაბეთთან და ყატართან და შიიტურ სახელმწიფოებთან მტრული ურთიერთობა ანკარას დიპლომატიური როლის მნიშვნელობას ძირს უთხრის.

თუმცა, პოლიტიკური მიმომხილველი სელიმ იდიზი ფიქრობს, რომ რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგას ანკარამ, ამით ეგვიპტის მზარდ როლს რეგიონში ვერ გადაფარავს. ამის მიზეზი კი მარტივია - თურქეთი არ არის არაბული ქვეყანა. შესაბამისად ახლო აღმოსავლეთში ეგვიპტეს უფრო მნიშვნელოვანი დიპლომატიური ფუნქცია ექნება ვიდრე ანკარას.
XS
SM
MD
LG