ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის მომავალი


Egypt
Egypt

პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეგვიპტის სამხედრო დახმარებისთვის 1.3 მილიარდი დოლარი მოითხოვა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:03 0:00
ბმული

ბრიუსელში, ორშაბათს გამართული დიპლომატიური შეხვედრები, ეგვიპტეში მიმდინარე სისხლისღვრის გამო, ევროპის კოორდინირებული პასუხის შემუშავების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყო. ოთხშაბათს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრას მართავენ. კონკრეტული წინადადებები ჯერ არავის შემოუთავაზებია, მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ევროპული დახმარების შეჩერება არის შესაძლო ვარიანტი, ისევე როგორც, ეგვიპტისთვის ყოველგვარი შეიარაღების მიწოდების შეჩერება.

გასულ წელს, ევროკავშირმა თითქმის 7 მილიარდი დოლარის დახმარება აღუთქვა ეგვიპტეს დახმარების და სესხების სახით.

შაშანკ ჯოში, ეგვიპტის საკითხების ანალიტიკოსი, ლონდონის სამეფო გაერთიანებული სამსახურების კვლევითი ჯგუფიდან ამბობს, რომ ევროპული დახმარების შეწყვეტა დიდ გავლენას არ მოახდენს.

„უბრალოდ დახმარების შეწყვეტა, სავარაუდოდ საკმარისი ვერ იქნება და მე ვფიქრობ, რომ ალბათ უფრო მკაცრი სანქციები იქნება საჭირო, რათა ეგვიპტის ხელისუფლება ვაიძულოთ შეწყვიტოს ჩახშობის კამპანია და წავიდეს რაიმე სახის პოლიტიკურ დათმობაზე.“ ამბობს შაშანკ ჯოში.

ეგვიპტის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ევროპის ქვეყნები მათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან. 2011 წელს ვაჭრობის მოცულობამ 30 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ევროპა ეგვიპტეს სამხედრო აღჭურვილობასაც აწვდის. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, ბრიტანეთმა ლიცენზიები გასცა 70 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო აღჭურვილობაზე, მათ შორის სამხედრო ვერტმფრენებზე. ზოგიერთი ლიცენზიის გაუქმების მიუხედავად, ბრიტანეთს მოუწოდებენ სრულად შეაჩეროს იარაღის ექსპორტი ეგვიპტეში.

შეერთებულ შტატებში, მომავალი საბიუჯეტო წლისთვის, რომელიც ოქტომბერში იწყება, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეგვიპტის სამხედრო დახმარებისთვის 1.3 მილიარდი დოლარი მოითხოვა.

ჯოში ამბობს, რომ ამერიკული დახმარების შეკვეცას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლებოდა ეგვიპტის შიგნით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეერთებული შტატები ევროპის კვალს გაჰყვეს.

„ვფიქრობ, ამერიკელები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, თუ რას აკეთებს ევროპა ან ვინმე სხვა. მათ სინამდვილეში აღელვებთ საკითხი, მოიტანს ეს კარგ შედეგს, თუ დავკარგავთ მნიშვნელოვან გავლენას გენერლებზე?“

ორშაბათს, ევროპის სახელმწიფოების დახმარების შეწყვეტის შემთხვევაში, საუდის არაბეთი და სხვა ისლამური ქვეყნები ეგვიპტეს დაუჭერენ მხარს.

ეგვიპტის არმიამ ივლისიის დასაწყისში დაამხო პრეზიდენტი მორსი. რამდენიმე დღეში, სპარსეთის ყურის სამმა არაბულმა ქვეყანამ, ახალი ხელმძღვანელობის მხარდასაჭერად, მთლიანად დაახლოებით 12 მილიარდი დოლარის გამოყოფის პირობა დადო.

ჯოშის აზრით, დასავლური დახმარება არ იქნება ეგვიპტისთვის აღელვების ყველაზე დიდი მიზეზი, თუმცა მისი ეკონომიკა სერიოზული შეშფოთების საგანია.

„ეკონომიკაზე პოლიტიკური არეულობის ბევრად უფრო ყოვლისმომცველი გავლენის ფონზე, ნებისმიერი დახმარების შეწყვეტა უმნიშვნელოდ გამოიყურება. მუბარაქის დაცემის შემდეგ, სამ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ისედაც თითქმის მთლიანად დანგრეულ ეკონომიკას, მორსის მმართველობის პერიოდში უარესი დაემართა. ახლა კი თავდასხმები უმნიშვნელოვანეს ქალაქებში და სინაის ტურისტულ ქალაქებში ნიშნავს იმას, რომ ტურისტთა რაოდენობა მკვეთრად ეცემა..“ ამბობს ჯოში.

ევროპელები შეადგენენ ეგვიპტის ტურისტული ინდუსტრიის 70 პროცენტს. მაგრამ გერმანია და სხვა ქვეყნები აფრთხილებენ თავის მოქალაქეებს, რომ საჭიროების არარსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ იქ გამგზავრებისგან.

ჯოში ამბობს, რომ ეს გაფრთხილებები, ძალაში დარჩენის შემთხვევაში, ეგვიპტის ეკონომიკაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს.

ორშაბათს, ჰითროუს აეროპორტში გასამგზავრებლად მისულმა ბრიტანელებმა განაცხადეს, რომ მანამდე მომხდარმა ძალადობის ფაქტებმა მათ არ გადააფიქრებინა გამგზავრება:

„დიახ, ჩვენ ეგვიპტეში მივემგზავრებით სულ ერთი კვირით. ჩვენ ეს მგზავრობა დავჯავშნეთ ოთხშაბათს. თვალყურს ვადევნებდით არეულობას და გარკვეულწილად ვღელავდით, მაგრამ ინტერნეტზე მოვიძიეთ რჩევები.“

„მე ადრეც ვარ იქ ნამყოფი, ადრეც არეულობა იყო, მაგრამ წითელი ზღვის მიდამოებში არაფერი მომხდარა.“ ამბობენ ტურისტები.

ეგვიპტის მთავრობის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2010 წელს პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ყოველი რვა მოქალაქიდან ერთი ეგვიპტელი ტურიზმის სექტორში იყო დასაქმებული.
XS
SM
MD
LG