ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუჰამედ მორსი შესაძლოა ეგვიპტის პრეზიდენტი გახდეს


ეგვიპტეს თავისი საგარეო კავშირების შენარჩუნება სურს

მუსლიმთა საძმოს ლიდერი მუჰამედ მორსი შესაძლოა ეგვიპტის მომავალი პრეზიდენტი გახდეს. როგორც ისლამისტების კანდიდატის წარმომადგენელი ვალიდ ელ ჰადადი აცხადებს მუჰამედ მორსის საგარეო პოლიტიკური კურსი ვაშინგტონზე ეგვიპტის დამოკიდებულების შესუსტებას ითვალისწინებს, თუმცა ამ ქვეყანასთან არსებული კავშირები კვლავაც შენარჩუნდება.
მისი თქმით:“ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ამერიკასთან, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ ამავე დროს საუკეთესო კავშირები გვაქვს აზიის ქვეყნებთან. ასევე გაუმჯობესდება ურთიერთობები ევროპის და აფრიკის სახელმწოფოებთან.“
ელ ჰადადის განცხადებით, მთავარია საგარეო პოლიტიკა დაბალანსებული იყოს. ძველი მთავრობის დამხობიდან 15 მღელვარე თვე გავიდა და ახლა მუჰამედ მორსის წინასაარჩევნო კამპანია რადიკალური ცვლილებების შესახებ არაფერს ამბობს. ისლამისტები ისრაელზე ლაპარაკსაც ერიდებიან და აცხადებენ, რომ მთავარია მშვიდობის შენარჩუნება.
ელ-ჰადადის განცხადებით:“ ჩვენ ყველა ხელშეკრულებას დავიცავთ, ეს ისლამის მთავარი მოთხოვნაა. მაგრამ ხელშეკრულებას საპირისპირო მხარემაც უნდა სცეს პატივი.“
მორსის ოპონენტი, ეგვიპტის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აჰმედ შაფიქი საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას არ აპირებს. ისრაელთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე სერიოზულად არავინ საუბრობს. ქაიროს ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორის საიდ სადეკის განცხადებით:“ ეს თემა მხოლოდ საშინაო მოხმარების საგანია. სინამდვილეში ეს რიტორიკა არაფერს ნიშნავს.“
ეგვიპტეს თავისი საგარეო კავშირების შენარჩუნება სურს. ეს კარგად გამოჩნდა საუდის არაბეთის საელჩოსთან გამართული საპროტესტო დემონსტრაციის შემდეგ, როდესაც ამ ქვეყანამ ელჩი გაიწვია ეგვიპტიდან.
როგორც ბატონი სადეკი აცხადებს:“ ამ ამბის შემდეგ ისლამისტების კონტროლის ქვეშ მყოფმა პარლამენტმა დიდი დელეგაცია გააგზავნა რიადში ელჩის დაბრუნების თხოვნით. საგარეო პოლიტიკაში გართულებები არავის ინტერესებში არ შედის.“
ეგვიპტის პოლიტიკაში დიდ როლს თამაშობენ სამხედროები, რომლებიც მეოცე საუკუნეში სამ ომში ჩააბეს. ისინი აღარ დაუშვებენ, რომ ვინმეს პოლიტიკურ ამბიციებს შეეწირონ. როგორც ეგვიპტელი პოლიტოლოგი ჰიშამ კასემი ამბობს:“ ომის საკითხებს ისინი გადაწყვეტენ. მომავალი 10 წლის განმავლობაში ეგვიპტის საგარეო პოლიტიკა ამ თვალსაზრისით სამხედროებზე იქნება დამოკიდებული.“
როგორც მუჰამედ მორსის წარმომადგენელი ვალიდ ელ ჰადადი აცხადებს ეგვიპტეს ეკონომიკური პრობლემები აწუხებს და ქვეყანაში სიმშვიდე უნდა დამყარდეს. ასე რომ საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების გატარება ნამდვილად არ წარმოადგენს ამ ქვეყნის მომავალი პრეზიდენტისთვის პრიორიტეტულ საკითხს.
XS
SM
MD
LG