ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეს მოვლენები და აშშ-ს პოლიტიკა


ეგვიპტეს მოვლენები და აშშ-ს პოლიტიკა
ეგვიპტეს მოვლენები და აშშ-ს პოლიტიკა

ანალიტიკოსების აზრით, ეგვიპტელმა აქტივისტებმა და მათმა წარმატებამ ამერიკის პოლიტიკის შეცვლაზე იმოქმედა

ეგვიპტეს პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქის გადადგომას ქაიროს ქუჩებში გამართული დემონსტრაციების მონაწილეები ზეიმით შეხვდნენ. ობამას ადმინისტრაცია კი მოუმზადებელი იყო ეგვიპტეში მომხდარ ცვლილებებზე სათანადო რეაგირების გასაკეთებლად. თუმცა, მიუხედავად ამისა, დახურულ კარებს მიღმა ეგვიპტის მომავალზე საუბრები არ წყდება.

გასულ ხუთშაბათს მუბარაქმა გადადგომაზე უარი განაცხადა, პარასკევს კი გადადგა. ამ სიახლემ პრეზიდენტი ბარაკ ობამაც საგონებელში ჩააგდო და რეგიონის მიმართ ახალი პოლიტიკის შემუშავების დაჩქარებისკენ უბიძგა.

„სიტყვა თაჰრირი გათავისუფლებას ნიშნავს. ამ სიტყვას თითოეული ჩვენგანისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ყველა ადამიანისთვის გულის გამოძახილს გამოხატავს. ამ მოვლენების შემდეგ კი ის ყოველთვის ეგვიპტელ ხალხს გაგვახსენებს,“ - განაცხადა ოაბამამ.

პრეზიდენტის მიერ ამ განცხადების გაკეთება იმას ნიშნავს, რომ თეთრმა სახლმა საბოლოოდ გადაწყვიტა როგორ მიუდგეს ეგვიპტის საკითხს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ხომ ამერიკის მთავრობამ პოზიცია რამდენჯერმე შეიცვალა.

ახლა კი, ექსპერტების აზრით, ადმინისტრაციას ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ხალიდ ელგინდი ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარია. მისი თქმით: „თეთრმა სახლმა მთლიანად რეგიონისთვის ახალი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, რადგანაც ეგვიპტეში მომხდარი მოვლენები თამაშის წესებს მთლიანად ცვლის. ამასთან, ადმინისტრაციას ახლო აღმოსავლეთში პრიორიტეტების გადაფასება და იმ ძალიან რთულ ვითარებასთან შეგუებაც მოუწევს, რომელიც ახლა ვითარდება ეგვიპტეში.“

ეგვიპტესთვის მნიშვნელოვანი გამოცდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება.

ამ ეტაპზე, პრეზიდენტობის კანდიდატებიდან გამოკვეთილი ფავორიტი არ არის. კანდიდატებს შორის არიან ნობელის პრემიის ლაურიატი მოჰამედ ელ ბარადეი, არაბ ერთა ლიგის გენერალური მდივანი ამრ მუსა და კომპანია გუგლის ერთ-ერთი აღმასრულებელი ვაელ გონიმი.

ხალიდ ელგინდის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ეგვიპტე ყველაზე დიდი და გავლენიანი არაბული სახელმწიფოა, მის განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება მთლიანად რეგიონზე. შესაბამისად, ამერიკის პოლიტიკაც უდიდეს გავლენას იქონიებს მიმდინარე მოვლნებზე.

ტუნისსა და ეგვიპტეში დაწყებული საპროტესტო დემონსტრაციების შემდეგ უკვე რამდენიმე მთავრობამ რეგიონში აქტიურად დაიწყო რეფორმების გატარება მოსახლეობის დასაწყნარებლად და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ამერიკის პოლიტიკას რეგიონში ეგვიპტესა და ისრაელს შორის დადებული რამდენიმე ხელშეკრულდების სამომავლო ბედი საფრთხეში აგდებდა. თუმცა ელგინდის თქმით, ეგვიპტელებს მხოლოდ უკეთესი ცხოვრება სურთ:

„მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ საკუთარი ქვეყნის მომავლის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. ეგვიპტელ ახალგაზრდებს ის სურთ რაც ნებისმიერ სხვა ქვეყნის ახალგაზრდებს. ჩემი აზრით, ომი უკეთესი ცხოვრების ნაწილი ვერასოდეს გახდება და სწორედ ამიტომ, არ მგონია ეგვიპტემ ისრაელთან ზავის ხელშეკრულება გააუქმოს. ეს სწორედ ომის დაწყების ტოლფასი იქნება.“

ანალიტიკოსების აზრით, ეგვიპტელმა აქტივისტებმა და მათმა წარმატებამ ამერიკის პოლიტიკის შეცვლაზე იმოქმედა. ბოლო 30 წლის მანძილზე სიტყვა ცვლილება ეგვიპტელების პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არსებობდა. დღეს კი მთელი მსოფლიო აკვირდება იმას თუ რამდენად ძირეული იქნება ეს ცვლილებები და როგორ გაგრძელდება ურთიერთობა ეგვიპტესა და ამერიკას შორის.

XS
SM
MD
LG