ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტელები მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ


ეგვიპტელები მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ
ეგვიპტელები მომავალს ოპტიმისტურად უყურებენ

ეგვიპტეში ცოტა ხნის წინ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით ქვეყანაში დღეს-დღეობით შექმნილი ცხოვრების პირობები ეგვიპტელებს არ აკმაყოფილებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი საკუთარ და ქვეყნის მომავალს უფრო ოპტიმისტურად უყურებენ ვიდრე ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დროს, იუწყება ამერიკის ხმის კორესპონდენტი სიუზან პრესტო ვაშინგტონიდან.

მიმდინარე წელი ეგვიპტის თანამედროვე ისტორიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

იანვარში ათასობით ეგვიპტელი პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდა. ისინი მთავრობის შეცვლას, კორუფციის აღმოფხვრასა და ადამიანის უფლებების დაცვას ითხოვდნენ.

ხოლო თებერვალში პრეზიდენტი მუბარაქი გადადგა და ამით მისი 30-წლიანი მმართველობა დასრულდა.

მარტის მიწურულსა და აპრილის დასაწყისში ეგვიპტელები ბოლო რამდენიმე წელთან შედარებით ქვეყანაში ცხოვრების დონესთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.

სწორედ ეს არის აბუ დაბის გალოპის სახელობის ცენტრის ახლახან ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ერთ-ერთი დასკვნა. გამოკითხვა დაახლოებით 1,000 ეგვიპტელთან პირისპირ ჩატარებული ინტერვიუს შედეგების ანალიზს შეიცავს. სახალხო აჯანყების შემდეგ ეგვიპტელები აღნიშნავენ, რომ ისინი ნაკლებად დაცულად გრძნობენ თავს და რომ სამუშაოს შოვნა, ჯანდაცვის სფეროში შექმნილი მდგომარეობა და საცხოვრებელი ფართის ნაკლებობა მათ ყველაზე უფრო ადარდებთ.

თუმცა საზოგადოებრივ ცნობიერებაში ცხოვრების დონის დაკნინების მიუხედავად, სულ უფრო ნაკლებ ეგვიპტელს ქვეყნიდან წასვლა სურს.

აბუ დაბის გალოპის სახელობის ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი მოჰამედ იუნისი აღნიშნავს, რომ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეგვიპტელებს საკუთარ ცხოვრებასთან და ქვეყნის პოლიტიკურ მომავალთან დაკავშირებით ახლა უფრო მეტი ოპტიმიზმი ახასიათებთ.

„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ხალხი ახლა უფრო პოზიტიურად არის განწყობილი ვიდრე წინათ. უმრავლესობას წარმომადგენლობითი მთავრობა სურს, რომელიც დემოკრატიულ პროცესს რელიგიურ პრინციპებზე დაყრდნობით გაუძღვება. იმავდროულად ხალხის წარმოდგენაში სასულიერო პირებმა საკანონმდებლო საქმიანობაში მხოლოდ შეზღუდული საკონსულტაციო როლი უნდა შეასრულონ,“ აღნიშნავს მოჰამედ იუნისი.

გამოკითხვის შედეგები საზოგადოებას სამშაბათს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე წარუდგინეს. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ეგვიპტის მოსახლეობის უმნიშვნელო უმცირესობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას პოლიტიკურ მოდელად აღიქვამს.

„გამოკითხულთა დაახლოებით ერთ პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა ირანს უნდა დაემსგავსოს, ხუთიდან ექვს პროცენტს თურქეთის მოდელი ხიბლავს, ხოლო ათ პროცენტზე მეტს კი შეერთებული შტატები. ვფიქრობ გამოკითხვის შედეგებს თუ დაუკვირდები ცხადია, რომ ეგვიპტელებს სხვა ქვეყნების უბრალო იმიტაცია არ სურთ. მათ სურთ ახალი მოდელი, რომელიც ეგვიპტის ისტორიულ გამოცდილებას, დემოგრაფიულ თავისებურებებსა და ეკონომიკურ რეალობას მოერგება,“ დასძენს გამოკითხვის ავტორი მოჰამედ იუნისი.

XS
SM
MD
LG