ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თაჰრირის მოედანზე კვლავ არეულობაა


ეგვიპტის ხელისუფლებამ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

კვირას, ქაიროში, თაჰრირის სკვერში აქციის დასაშლელად ეგვიპტის ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. დემონსტრანტები ივლისში სამხედრო ძალით პრეზიდენტ მოჰამედ მორსის ჩამოგდებას აპროტესტებდნენ.

ხანმოკლე საპროტესტო აქციაზე 2000 ისლამისტი იმყოფებოდა. აქცია, 50-წევრიანი ეგვიპტის კომიტეტის მიერ ახალი კონსტიტუციის პროექტის განმეორებითი კენჭისყრის დროს გაიმართა. ახალი კონსტიტუცია გასულ წელს მოჰამედ მორსის დროს მიღებულ კონსტიტუციას შეცვლის.

დროებითი სამხედრო მთავრობის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის ახალი პროექტი პირველი ნაბიჯია, რომ ქვეყანა დემოკრატიულ წესრიგს დაუბრუნდეს. კომიტეტი მის წარდგენას ქვეყნის დროებითი პრეზიდენტისთვის-ადლი მანსურისთვის-მომავალ კვირას აპირებს.

ასევე კვირას, ნიუ იორკში მოქმედმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ-ჰუმან რაითს ვოჩმა ეგვიპტის დროებით სამხედრო საბჭოს მოუწოდა დაუყონებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან მოჰამედ მორსის ხუთი მხარდამჭერი. ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, 3 ივლისის შემდეგ, ანუ იმ დღიდან, როდესაც თაჰრირის მოედანზე ოპოზიციის ზეწოლის მერე მორსიმ თანამდებობა დატოვა,- ამ პირების ადგილსამყოფელი დაუდგენელი იყო.

თუმცა ამ განცხადების საპირისპიროდ, ეგვიპტის ხელისუფლებამ კვირას ცნობილი აქტივისტი აჰმედ მაჰერი გამოუშვა საპყრობილიდან. მან თავის დროზე ერთ-ერთი ძლიერი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის აქტიურობის შედეგად 2011 წელს თანამდებობაზე დიდი ხნის განმავლობაში მყოფი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი პოსტიდან დაამხეს. ამის პარალელურად, ბრალდების მხარემ მეორე, ასევე ცნობილ აქტივისტს ალა აბდელ ფატაჰს პატიმრობის ვადა კიდევ 15 დღით გაუხანგრძლივა.

ორივე პირს ბრალად ედება გასულ კვირას, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკების ორგანიზების საქმეში. დემონსტრანტების უკმაყოფილების მიზეზი, კონსტიტუციის კანონ-პროექტის ის მუხლი გახდა, რომელიც რიგ შემთხვევებში სამოქალაქო პირების საქმეების განხილვის უფლებას სამხედრო ტრიბუნალს აძლევს.
XS
SM
MD
LG