ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

განათლება გამყოფ ხაზთან


რუსეთი არა მხოლოდ მავთულხლართების გაბმბით ცდილობს კონტაქტისა და ურთიერთდაკავშირების ნებისმიერი მცდელობის აღკვეთას ქართველებსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ ადამიანებს შორის, არამედ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვის გზითაც. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ამ თვალსაზრისით გალის რაიონშია, სადაც 31 სკოლიდან, რომელთაგან რამდენიმე წლის წინ 10 ქართული იყო, ახლა არც ერთი აღარ დარჩა და ქართული, ზოგიერთ მათგანში მხოლოდ ცალკე საგნად თუ ისწავლება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს დიდი პრობლემაა, რომლის დაძლევასაც სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერ ახერხებს. გაძლიერებულ რუსიფიკაციის პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორიაზე წინააღმდეგობას ვერავინ და ვერაფერი უწევს. ერთადერთი პასუხი საქართველოს მხრიდან ის გახლავთ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ახალგაზრდებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურს სახელმწიფო უფარავს.

ანალოგიური მდგომარეობაა კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელი მოქალაქეების მიმართაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ადგილებზე კვალიფიციური განათლების ხელმისაწვდომობის არარსებობა უარყოფითად აისახება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობის ხარისხზე, შესაბამისად, მათთვის დაფინანსებული განათლების შემთხვევაშიც კი რთულია მინიმალური ბარიერების გადალახვა ეროვნულ გამოცდებზე. ამგვარი მდგომარეობა არაერთ ახალგაზრდას, ვინც სკოლას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამთავრებს, უბიძგებს განათლება რუსულ ენაზე მიიღოს რუსეთის რომელიმე ქალაქში. ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ამერიკის ხმასთან ამბობს: „განსაკუთრებით საყურადღებოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანების მდგომარეობა. გალის რაიონის მოსახლეობა, განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაშია. მათი ძირითადი უფლებების შელახვა, სამწუხაროდ, ყოველდღიურ პრაქტიკას წარმოადგენს. იზღუდება ასევე მშობლიურ ენაზე განათლების უფლება და ამ თვალსაზრისით წლიდან წლამდე ვითარება 90–იანი წლებიდან მოყოლებული, უარესდება. ასევე სოცილურ–ეკონომიკური მდგომარეობისა და გადაადგილების თავისუფლების მხრივ უმძიმესი ვითარებაა.“

ამერიკის ხმასთან ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელმა ელიკო ბენდელიანმაც ისაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაფინანსებით დაინტერესება გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის საკმარისი არაა, რადგან ადგილებზე არსებული რთული ვითარების გამო, ამ ტერიტორიებზე სკოლადამთავრებული მოსწავლეები კონკურენტუნარიანები, ობიექტური მიზეზების გამო, არ არიან: „ოკუპირებულ ტეიროტიებზე, გალში და ახალგორში განსაკუთრებით, შესაძლებლობა არ აქვთ მოსწავლეებს ისწავლონ მშობლიურ ენაზე. ქართული ენის შესწავლის მხრივ ვითარება უფრო და უფრო რთული ხდება და მალე, პრაქტიკულად, ქართული სკოლები გალის რაიონში აღარ იქნება. ეს კი ქართულენოვანი მოსახლეობისთვის პრობლემური საკითხია, რადგან მათ რუსული პროგრამის ათვისება და შესაბამისად, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება და სწავლა სჭირდებათ. დღეს–დღეობით, იმ მოსწავლეებს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამთავრებს სკოლას და ჩააბარებს უნივერსიტეტებში ან საქართველოში აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში, სწავლის საფასურს უფინანსებს სახელმწიფო, თუმცა იმისთვის, რომ ეს მოსწავლეები მოხვდნენ უნივერსიტეტებში, აუცილებელია შევთავაზოთ მათ დამატებით პროგრამები, რათა შეძლონ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება და ქართულ უნივერსიტეტებში მოხვედრა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა, რაც საყოველთაოდ აღიარებული უფლებაა, საქართველოს სახელმწიფოსთვის დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

XS
SM
MD
LG