ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობა გრძელდება


შეერთებული შტატები კვლავ ძლიერაა შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრიანაში ძალადობის გამწვავებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო, აცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

18 დეკემბერს, რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ნოვოლუგანსკის დასახლებაში ე.წ. „გრადის" ტიპის რაკეტები გამოიყენეს, რის შედეგადაც 8 სამოქალაქო პირი დაშავდა და დაზიანდა ათეულობით საცხოვრებელი სახლი, სკოლა და სათამაშო მოედანი. მათ იერიში მიიტანეს ასევე დონეცკის წყლის გამფილტრავი სადგურსა და მის ინფრასტრუქტურაზე, რომლის მილებშიც მომწამლავი ქლორის გაზია.

„ეს უკიდურესად საშიშია. ეს რაკეტები იმ ადგილებში რომ აფეთქებულიყო, რომლებიც საცხოვრებელ სახლებთან უფრო ახლოსაა, დამღუპველ შედეგს მოიტანდა“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰედერ ნაუერტმა.

წყლის გამფილტრავი სადგური და მის სიახლოვეს მდებარე ქარხანა დაახლოებით 345 000 ადამიანისთვის სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და ცენტრალური გათბობის მიწოდებას უზრუნველყოფს.

„სასმელი წყლის მომარაგებისთვის, ისევე როგორც საცხოვრებლის გათბობისთვის, შუა ზამთარში საფრთხის შექმნა, უბრალოდ გაუგონარი რამაა“, თქვა ნაუერტმა.

მან მოუწოდა რუსეთის პრო-რუსულ ძალებს „დაუყოვნებლივ დატოვონ გამფილტრავი სადგურის ირგვლივ დაკავებული ახალი პოზიციები.

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეაჩეროს არტილერია და სარაკეტო თავდასხმები უკრიანის სამოქალაქო დასახლებების წინააღმდეგ და პატივი სცეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმებას.“

ჰუმანიტარული მდგომარეობა აღმოსავლეთ უკრიანაში ახლა იმაზე მძიმეა, ვიდრე გასული სამი წლის განმავლობაში ოდესმე ყოფილა და ის უარესდება. დონბასის რეგიონში მილიონ ადამიანზე მეტი საკვების მარაგების თვალსაზრისით არაა უსაფრთხო მდგომარეობაში და სამოქალაქო პირთა მსხვერპლის რაოდენობაც გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ნაუერტი მოუწოდებს რუსეთს „შეწყვიტოს თავდასხმები აღმოსავლეთ უკრიანაში, გაიყვანოს მისი ძალები და მძიმე ტექნიკა უკრიანის სუვერენული ტერიტორიიდან და იმოქმედოს გაეროს სამშვიდობო მისიის მიზნების შესაბამისად.

შეერთებული შტატები მინსკის შეთანხმების სრული იმპლემენტაციის გზით აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის უზრუნველყოფის ერთგული რჩება. ასევე, როგორც სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა ცოტა ხნის წინ ვენაში: „ჩვენ ძალიან ცხადად უნდა ვისაუბროთ ამ ძალადობის წყაროებზე - რუსეთი ანტი-სახელისუფლებო ძალებს წვრთნის და მათ ბრძოლას ხელმძღვანელობს“.

აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის დასრულებისა და შეერთებულ შტატებთან თუ საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესების პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს ეკისრება.

ეს იყო "ამერიკის ხმის" სარედაქციო წერილი, რომელიც აშშ-ის მთავრობის ოფიციალურ პოზიციას აფიქსირებს.

XS
SM
MD
LG