ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლი მედიის წინააღმდეგ - არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ


რუსული მედიაგამოცემის რედაქტორი, რომელიც კრემლს საკუთარი ჟურნალისტური გამოძიებებით აშფოთებს, მათ შორის ალექსი ნავალნის საქმის შესახებ, აცხადებს, რომ ის რუსეთის ხელისუფლებამ ძებნილად გამოაცხადა.

სააგენტო „როიტერთან“ საუბრისას, გამოცემა „ინსაიდერის“ მთავარი რედაქტორი ამბობს, რომ ხელისუფლება მას რუსეთის დატოვების მიზნით, საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს.

რომან დობროხოტოვი ამბობს, რომ ახლა ის რუსეთის საზღვრებს გარეთ იმყოფება და არ სურს დაასახელოს ზუსტი ადგილმდებარეობა. ის ასევე არ საუბრობს, როგორ დატოვა ქვეყანა.

საბჭოთა „სუკის“ მემკვიდრე სააგენტო, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ 31 ივლისს, დობროხოტოვმა უკრაინის საზღვარი უკანონოდ, სხვა პირების დახმარებით, ფეხით გადაკვეთა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უშიშროების სამსახური მის დაკავებას შეეცდება. მომხდართან დაკავშირებით „როიტერთან“ კომენტარს არ აკეთებს რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

რუსული ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების წარმომადგენლები, საპარლამენტო არჩევნების წინ განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ.

„ინსაიდერი“ ხელისუფლების ზეწოლის სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც გამოცემამ უშიშროების სამსახურის იმ წარმომადგენლების ვინაობა გამოავლინა, ვინც ჟურნალისტური გამოძიების მტკიცებით, ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის ოპერაციაში მონაწილეობდა. რუსეთის ხელისუფლება, ნავალნის მოწამვლასთან რაიმე სახის კავშირს უარყოფს.

ამასთან, „ინსაიდერი“ ერთ-ერთია იმ მედია საშუალებებს შორის, რომლებიც კრემლმა „უცხო ქვეყნის აგენტებად“ გამოაცხადა. თუმცა, კრემლი უარყოფს, რომ მედიასაშუალებები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან და აცხადებს, რომ მათ ეს სტატუსი კანონის საფუძველზე ენიჭება და მათ რუსეთში მუშაობის გაგრძელების საშუალება კვლავ აქვთ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG