ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჩვენ ავაშენებთ სახლს“


მოსახლეობამ სახლები რუსი მესაზღვრეების მოთხოვნის შემდეგ დატოვა, რადგან მათი განცხადებით დე-ფაქტო ადმინისტრაციის საზღვარი ამ ადგილას გადიოდა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:55 0:00
ბმული

„ჩვენ ავაშენებთ სახლს“ კამპანიის სახელწოდებაა და დვანიდან მოდის. დვანი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელია, რომელიც დე-ფაქტო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად ოსურ სოფლებს, მუგუთსა და დიდმუხას ესაზღვრება. დვანში რუსი მესაზღვრეების მიერ გავლებულმა ლითონის ღობეებმა სამი ოჯახის კუთვნილი კარმიდამოს ოკუპაცია ომიდან ხუთი წლის შემდეგ მოახდინა. მეკარიშვილების, კარაშვილებისა და მახაჭაშვილების ოჯახებს ომის დროს დამწვარი და შემდგომ საკუთარი ხელებით აღდგენილი სახლების დაშლა თავადვე მოუხდათ, რადგან მასალა მეორადი მოხმარებისთვის გამოეყენებინათ. სახლები და ეზოები მათ რუსი მესაზღვრეების მოთხოვნის შედეგად დატოვეს, რომლებმაც მიუთითეს, რომ დე-ფაქტო ადმინისტრაციის საზღვარი ამ ადგილას გადიოდა.

დიპლომატები, ჟურნალისტები და ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები დვანს იმ დღეებში ხშირად სტუმრობდნენ. გაიმართა რამდენიმე აქციაც მცოცავი ოკუპაციის წინააღმდეგ, თუმცა ყველაზე დადებითი და მნიშვნელოვანი, რაც ამ აქციებს მოჰყვა მაინც არის კამპანია სახელწოდებით „ჩვენ ავაშენებთ სახლს“. როგორც ამ იდეის ერთ-ერთი ავტორი ჟურნალისტი გოგა აფციაური თავის ფეისბუქის გვერდზე წერს, იდეა მას შემდეგ დაიბადა, რაც მერაბ მეკარიშვილმა, რომელიც იმ წუთებში საკუთარ სახლს საკუთარი ხელებით ანგრევდა და ნარჩენი მასალა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰქონდა, განაცხადა, რომ ის სახლს მაინც ააშენებდა სწორედ იმ მიჯნაზე, სადაც რუსი მესაზღვრეების მიერ დამონტაჟებული ლითონის ღობე გადის. მერაბ მეკარიშვილის ეს გადაწყვეტილება იმდენად მტკიცე აღმოჩნდა, რომ იმ მყოფ და ამ სიტყვების შემსწრე ადამიანებს გაუჩნდათ სურვილი მას დახმარებოდნენ. ამიტომაც გაკეთდა ფეისბუქზე გვერდი სახელწოდებით “ჩვენ ავაშენებთ სახლს”, რომელსაც ამ დროისთვის უკვე ორი ათასი მომხმარებელი ჰყავს.


კატო ქოთოლაშვილი, ჟურნალისტი გორიდან ამბობს:

“ვინც იქ ვიყავით, ყველას გაუჩნდა სურვილი რამენაირად დავხმარებოდით ამ ადამიანებს, როგორც მორალურად, ისე მატერიალურად, საკვებით თუ სხვა. ზოგს გაუჩნდა იდეა შემოწირულობის ყუთის დადგმის თაობაზე, ზოგი ამბობდა, რომ თავად მიიღებდა მონაწილეობას სახლის მშენებლობის პროცესში, ზოგს თანხების მოზიდვისთვის პი-არ კამპანიის წამოწყების. ადგილობრივებთან გასაუბრების შემდეგ ნათლად დავინახეთ, რომ ჩვენი გვერდში დგომა მათ ყველაზე მეტად სახლის აშენების საქმეში სჭირდებოდათ. როგორმე მათ უნდა დავხმარებოდით. გავაკეთეთ ფეისბუქზე გვერდი სახელწოდებით “ჩვენ ავაშენებთ სახლს’ და მოვიწვიეთ ადამიანები. საკმაოდ დიდი გამოხმაურებები გვაქვს, ბევრი ადამიანი გვწერს და გამოთქვამს დახმარების სურვილს. ვაპირებთ გავხსნათ ანგარიში, სადაც ამ ადამიანების დასახარებლად თანხების მობილიზება მოხდება.”


კამპანია “ჩვენ ავაშენებთ სახლს” https://www.facebook.com/groups/240858962734467/

იმითაა განსაკუთრებული, რომ ეს სამოქალაქო სექტორიდან წამოსული იდეაა, რომლიც რეალიზებასა და ხორცშესხმაზეც ასევე ჩვეულებრივი ადამიანები ზრუნავენ.


ამ დროისთვის დვანში რუსი მესაზღვრეების მიერ ლითონის ღობეების გაბმის გამო დაზარალებული ოჯახებისთვის სამშენებლო მასალები თბილისიდან ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ჩაიტანა. ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში მათ მეორადი ავეჯიც მიუტანა ერთმა კერძო პირმა.


დვანში ამბობენ, რომ შიშის ფაქტორი ახლა გაცილებით ძლიერია. მშვიდად ძილი, განსაკუთრებით საზღვართან ახლოს მცხოვრები ადამიანებისთვის სანატრელია, რადგან რუსი მესაზღვრეებისგან ნებისმიერი გაუთვალისწინებელი ნაბიჯია მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG